რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“?

გია ნოდია

პროდასავლური საზოგადოება გაყოფილია: „ქართული ოცნების“ პროპაგანდას სერიოზული კონტრარგუმენტებით უნდა უპასუხონ, თუ საკმარისია, თქვან: (1) ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პროექტია და/ან (2) მას ბოდვითი აშლილობა აქვს?

„ოცნების“ პოლიტსაბჭოს ბოლო განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა მკითხა: ამას სერიოზულად უნდა ვეკამათოთ თუ, უბრალოდ, დავცინოთ? მკაფიო პასუხი არ მქონდა.

არ არის მარტივი კითხვა. დიდი ხანია, მმართველი პროპაგანდისტული გზავნილები ელემენტარული საღი აზრის ჩარჩოებს გასცდა. კამათი მათ სერიოზულად მიღებას ნიშნავს, რაც ბევრს ეთაკილება. რაღაც ზომით, მეც.

მაგრამ შეცდომაა, აბსურდული იდეების ძალა არ შევაფასოთ. რაც ჩვენთვის ბოდვაა, სხვა ადამიანებმა შეიძლება დაიჯერონ. ან, სულ მცირე, დაიბნენ: იქნებ, „ქოცები“ კი აზვიადებენ, მაგრამ რაღაცაში მართალი არიან?

ქოცპროპაგანდის დაცინვა აბსოლუტურად ჯანსაღი რეაქციაა. მაგრამ აბსურდის მხილებაცაა საჭირო. „ოცნების“ ერთგულ ადეპტებს ვერ გადავარწმუნებთ, მაგრამ ერთ-ორ დაბნეულ ადამიანს თუ დავეხმარეთ სიცხადის მიღწევაში, ესეც საქმეა.

საკვანძო სიტყვები

სამთავრობო პროპაგანდაში აქტიურად გამოიყენება სამი ტერმინი: „გლობალური ომის პარტია“, „დიპ სტეიტი“ და „ლიბერალური ფაშიზმი“.

აქედან პირველი, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თავად აღიარა, პირადად მისი გამოგონებაა. ის ნაწილია შეთქმულების თეორიისა, რომ დასავლეთს ჩვენი რუსეთთან ომში ჩართვა უნდა. მმართველ პარტიას ამის დასასაბუთებლად არცერთი ფაქტი არ მოუყვანია (ცხადია, ის ფაქტი, რომ ელჩი დეგნანი ივანიშვილს შეხვდა, არაფრის საბუთი არ არის), მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს: მომხრეებმა ბრმად უნდა დაუჯერონ.

ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. ვეცდები, დანარჩენი ორი ტერმინი განვმარტო. ისინი ივანიშვილის გამოგონებული არ არის: ორივე ამერიკული პოლიტიკური დისკუსიებიდანაა ნასესხები.

ოღონდ ის, როგორც მათ „ოცნების“ პროპაგანდა ხმარობს, თავდაპირველ მნიშვნელობას მეტად დაშორებულია. არ ვიცი, ესმით თუ არა მმართველი პარტიის ლიდერებს მათი ნამდვილი შინაარსი - მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს.

ამასთან, მათი სამიზნე იყოს არა მხოლოდ (ან არა იმდენად) ქართული, რამდენადაც ამერიკული აუდიტორია, კერძოდ - დონალდ ტრამპი და მისი გარემოცვა. თუმცა, თავისი მომხრეების „დაბოლებასაც“ განაგრძობენ.

რატომ ტრამპი? არჩევნებამდე ივანიშვილი დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებას დაგვპირდა, რასაც აშკარად ვერ ახერხებს. ბოლო იმედად ტრამპი დარჩა. მას უნდა, ტრამპი და მისი გარემოცვა დაარწმუნოს, რომ არსებითად „მათიანია“, რომ ბაიდენის პარტია მას იმავე მოსაზრებით ებრძვის, როგორც თავად ტრამპს. თუ ამას მოახერხებს, ტრამპის ამერიკა მის კრიტიკას და სანქცირებას შეწყვეტს.

ეჭვი მეპარება, „ოცნების“ ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდეს, მაგრამ კარგად მესმის, რატომ ცდილობენ ამას: სხვა არაფერი დარჩენიათ. ვიქტორ ორბანი დასავლეთის პოლიტიკაზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს, ტრამპს კი ეს შეუძლია. მას არაწინასწარმეტყველებადი ლიდერის სახელი აქვს: რა იცი, იქნებ გაჭრას.

„დიპ სტეიტი“

ირაკლი კობახიძეს და ამ ფრაზის სხვა მოყვარულებს თავი არ შეუწუხებიათ იმით, რომ ხალხისთვის ამ ფრაზის შინაარსი აეხსნათ. ესეც მაფიქრებს, რომ მისი ხშირი განმეორება ჩვენთვის არ არის განკუთვნილი.

ეს გამოთქმა, ქართულად - „ღრმა სახელმწიფო“, ამერიკული პოლიტიკის ლექსიკონში პირადად ტრამპმა შემოიტანა. ის მან, თავის მხრივ, ჩვენი მეზობლისგან, თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოანისგან ისესხა.

ერდოანი „დიპ სტეიტში“ გულისხმობდა, პირველ რიგში, სამხედრო კორპორაციას, ასევე სასამართლო სისტემას და სახელმწიფო ბიუროკრატიას. ეს საკმაოდ მყარი ინსტიტუტები მას ქემალ ათათურქის შექმნილი სახელმწიფოსგან მემკვიდრეობით ერგო.

ისინი განასახიერებდნენ თურქეთის როგორც სეკულარული სახელმწიფოს, ქემალისტურ ტრადიციას. ერდოანი, პოპულისტი ისლამისტი, ამ ტრადიციას უპირისპირდებოდა; ის სწორად თვლიდა, რომ არმია, სასამართლოები და სახელმწიფო ბიუროკრატია მის პროგრამას წინააღმდეგობას გაუწევდა.

მეტიც, ოფიცერთა კორპუსის ნაწილმა 2016 წელს სამხედრო გადატრიალებაც კი სცადა, თუმცა წარუმატებლად. საბოლოოდ, ერდოანის მრავალწლიანი ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდა: მან ყველა ნახსენები ინსტიტუციის „მოთვინიერება“ შეძლო. პარალელურად, თურქეთი უფრო ავტორიტარული ქვეყანა გახდა.

მოკლედ, ერდოანის შემთხვევაში გამოთქმას „დიპ სტეიტი“ რეალური მნიშვნელობა ჰქონდა. ტრამპი ასევე პოპულისტი ლიდერია, რომელიც არსებულ სახელმწიფო ბიუროკრატიასა და სასამართლო სისტემაში ოპონენტს ხედავს. არც ის არის ამაში მტყუანი: საჯარო მოხელეებსა და მოსამართლეებს შორის მას ბევრი ეწინააღმდეგება.

ამიტომ ის სახელმწიფო ბიუროკრატიის სისტემის ძირფესვიან რეფორმას გეგმავს, რომელსაც ცნობილი ილონ მასკი უნდა ჩაუდგეს სათავეში.

რა კავშირშია ეს „დიპ სტეიტთან“, რომელზეც „ოცნების“ პროპაგანდისტები გველაპარაკებიან? არავითარში. მათი „ტრიუკი“ პრიმიტიულია: ვიცით, რომ ტრამპისთვის „დიპ სტეიტი“ ცუდი სიტყვაა. ამიტომ ვთქვათ, რომ „დიპ სტეიტი“ ჩვენც გვემტერება - იქნებ მისი გული მოვიგოთ.

სადმე არის „დიპ სტეიტი“, რომელიც ივანიშვილის მთავრობას ებრძვის? საქართველოში ის ვერ იარსებებს, რადგან ამისთვის საჭირო იქნებოდა გამიჯვნა პოლიტიკურ და სამოხელეო კლასებს შორის. სადაც ასეთი გამიჯვნა არსებობს, სამხედრო, სასამართლო თუ ბიუროკრატიული კორპორაციები შედარებით ავტონომიას ინარჩუნებენ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიან.

ჩვენთან კი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან არ თუ ვერ ასხვავებენ. სასამართლოც და ბიუროკრატიაც მმართველ პარტიას ემსახურება და არა ქვეყანას.

რაც შეეხება ამერიკას თუ ზოგადად დასავლეთს, ვისთან აქვს „ოცნებას“ პრობლემა: პოლიტიკოსებთან თუ ბიუროკრატიასთან? აშკარაა, რომ ივანიშვილის კრიტიკა და სანქციები (ან მათი მოთხოვნა) პოლიტიკოსებისგან მოდის და არა ბიუროკრატიისგან.

რაც შეეხება „ღრმა სახელმწიფოს“, ის თავისი ბუნებით ფრთხილი და კონსერვატიულია, ამიტომ მკვეთრ ქმედებებს გაურბის. თუ დასავლეთში „დიპ სტეიტი“ არსებობს, მისგან საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას შედარებით ნაკლები საფრთხე ემუქრება.

„ლიბერალური ფაშიზმი“

„ლიბერალური ფაშიზმი“ ამერიკელი პოლიტიკის ანალიტიკოსის ჯონა გოლდბერგის წიგნის სათაურია. „ოცნების“ პროპაგანდისტების მიერ ამ გამოთქმის გამოყენებას ამ წიგნის შინაარსთან კავშირი არა აქვს.

გოლდბერგი ამერიკელი კონსერვატორია, რომელიც, ამავე დროს, უკიდურესად კრიტიკულია დონალდ ტრამპის მიმართ. მისთვის მიუღებელია ახალი ტენდენციები რესპუბლიკურ პარტიაში, რომელიც ტრამპის აღზევებას უკავშირდება. თუ ივანიშვილის გუნდს ტრამპის იმედი აქვს, ეს კაცი და მისი იდეები მოკავშირედ ვერ გამოადგება.

გოლდბერგის წიგნის სათაური მხოლოდ შიდა ამერიკული დისკუსიების კონტექსტში გაიგება. აქ სიტყვა „ლიბერალი“ მემარცხენის ან „პროგრესისტის“ სინონიმია, ხოლო ლიბერალები ამ სიტყვის საწყისი გაგებით „კონსერვატორად“ იწოდებიან. ეს ევროპაშიც და საქართველოშიც ბევრს აბნევს.

სწორედ ამ აზრითაა კონსერვატორი გოლდბერგი. ის იცავს კლასიკური ლიბერალიზმის ტრადიციას, რომელსაც ამერიკული დემოკრატია ისტორიულად ეფუძნება.

ამერიკული გაგებით ლიბერალები, ანუ მემარცხენე პროგრესისტები კონსერვატორებს ხშირად „ფაშისტებს“ ეძახიან. ეს სრულიად აბსურდული ბრალდებაა, რომელიც მხოლოდ პოლემიკური ხერხია (როგორც, ვთქვათ, გამოთქმა „მაიმუნი მამაძაღლი“).

გოლდბერგის წიგნის პათოსი ძალიან რომ გავამარტივოთ, ის პროგრესისტებს პასუხობს: „ფაშისტები სახლში მოიკითხეთ“.

თუმცა, მისი წიგნის შინაარსს უბრალო „გაღმა შედავებაზე“ ვერ დავიყვანთ. ის ასაბუთებს, რომ რეალური ფაშისტური მოძრაობები (მუსოლინის იტალია და ჰიტლერის გერმანია) იდეოლოგიურად სოციალიზმსა და მემარცხენე პროგრესივიზმთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამერიკულ კონსერვატიზმთან.

კერძოდ, ის აჩვენებს, რომ 1920-იან და 1930-იან წლებში ბევრი ამერიკელი მემარცხენე სიმპათიას გამოთქვამდა ფაშისტური რეჟიმების მიმართ. სალანძღავ სიტყვად „ფაშიზმი“ მხოლოდ მე-2 მსოფლიო ომის კონტექსტში და მას შემდეგ იქცა.

გოლდბერგი ამით არ ამბობს, რომ ამერიკელი პროგრესისტები ისეთივე ცუდები არიან, როგორც მუსოლინი და ჰიტლერი. უბრალოდ, მათი იდეოლოგიის ძირები გაცილებით უფრო ახლოსაა ფაშიზმთან, ვიდრე კონსერვატორებისა.

გოლდბერგის წიგნი პოლიტიკური პოლემიკის ნაწილია და მასში ბევრი გაზვიადება შეიძლება ვიპოვოთ. მაგრამ მისი არგუმენტების სამართლიანობა თუ უსამართლობა ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს. მთავარია, რომ „ლიბერალური ფაშიზმის“ გოლდბერგისეული ცნება საქართველოს სიტუაციას არანაირად არ მიეყენება.

მემარცხენე იდეოლოგიების თანმიმდევრული მომხრეები საქართველოშიც არიან, მაგრამ მათი გავლენა მცირეა. ფართო საპროტესტო მოძრაობა, რომელიც „ოცნებას“ უპირისპირდება, არც გამოკვეთილად მემარჯვენეა და არც მემარცხენე: ის ტრადიციულ, საბაზისო ლიბერალურ ღირებულებებს ემყარება, როგორიცაა ეროვნული სუვერენიტეტი, სამართლის უზენაესობა, დემოკრატია და პიროვნების უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც ჯონა გოლდბერგიც იცავს და ბევრი იმათგანიც, ვისაც ის აკრიტიკებს.

რომ შევაჯამო, „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივის სამი საკვანძო ცნებიდან ერთი ბიძინა ივანიშვილის პირად ბოდვას ასახავს, დანარჩენი ორი კი ამოგლეჯილია ამერიკული პოლიტიკური კონტექსტიდან და საქართველოს სიტუაციას არაფრით ებმება.

„ოცნების“ პროპაგანდისტებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი „პოსტსიმართლის“ სამყაროში ცხოვრობენ; თავად მათ არავითარი იდეოლოგია არ ამოძრავებთ, გარდა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილისა.

მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გვესმოდეს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რითაც ისინი ხალხს თავგზას უბნევენ.

ტექსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.