მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, მარიამი, ექვსი თვის შვილთან და ქმართან ერთად სწორედ მასთან იყო კლინიკაში. კლინიკაში იყო მარიამის დედაც. თუმცა, სხვა ექიმთან ვიზიტზე.
27 წლის გიორგი ფირაშვილმა ცოლი და ცოლის დედა, კლინიკიდან დაახლოებით 300 მეტრში, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, სახლისკენ მიმავლები, სანადირო თოფით დახოცა. დედასა და ბებიასთან ერთად იყო ექვსი თვის ჩვილიც.
გიორგი ფირაშვილს ბრალი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში, 23 მაისს, საღამოს წარუდგინეს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:
"ბრალდებულმა მეუღლეს და მეუღლის დედას, რომლებიც ჩვილ ბავშვთან ერთად საბავშვო ეტლით გადაადგილდებოდნენ, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სანადირო თოფიდან მრავალჯერადი გასროლით, გულ-მკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა".
გიორგი ფირაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა:
- 11 პრიმა, 109-ე მუხლის ,,ბ’’, ,,თ’’, ,,კ’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტებით (ოჯახის ორი წევრის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით და ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას);
- 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (სისტემატური ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა).
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რა ხდებოდა მკვლელობამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე?
ნინო კიკილაშვილი ყვება, რომ 22 მაისის დილას, 11 საათისკენ, კლინიკის შესასვლელში შეხვდა გიორგი ფირაშვილსა და მის ცოლს, მარიამს: „ქვევით, კიბეებთან შემხვდნენ, ბავშვი მამას ეჭირა ხელში. რომ დამინახა, გაუხარდა, მეგონა, მეორე სმენაში იყავით და კარგია, რომ უკვე აქ ხართო“.
როგორც ექიმი იხსენებს, ექვსი თვის ბიჭი მშობლებს ორი დღით ადრე, 20 მაისსაც ჰყავდათ კლინიკაში:
„ბავშვს ახველებდა და ამიტომ 22-ში კონტროლზე დავიბარე. როგორც ყოველთვის, ახლაც მამა აქტიურობდა. წამლების დასახელებები გადაამოწმა. მითხრა, ბავშვს აშკარა გაუმჯობესება ეტყობაო. ჩემგან გასულებმა ბავშვი პარასკევისთვის სისხლის ანალიზზე ჩაწერეს. ახლაც რომ ჩაიხედოთ გრაფაში, პაციენტი 23 მაისის დილას, სისხლის ანალიზზეა ჩაწერილი“.
ნინო კიკილაშვილი ამბობს, რომ გიორგი ფირაშვილი მუდმივად დაჰყვებოდა ცოლ-შვილს პედიატრთან ვიზიტებზე:
„აქ რომ მოდიოდნენ, ძირითადად მამა აქტიურობდა. იცოდა ბავშვის შესახებ ყველაფერი. კითხვებზეც ის მპასუხობდა ხოლმე. დანიშნულებას რომ ვწერდი, ისიც ინიშნავდა. მიკვირდა კიდეც მისი ასეთი აქტიურობა. მარიამი მშვიდი, მორიდებული გოგო იყო. ბავშვობაში მარიამის პედიატრიც ვიყავი. უსიტყვო ბავშვი იყო. ცოლ-ქმრის ურთიერთობაშიც ასე ჩანდა, მარიამი თითქოს უკან იდგა. თუმცა, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ გოგო ასეთ განსაცდელში ვიყო. წუხელ წავიკითხე, ძალადობდა ეს ბიჭი ცოლზეო“...
როგორც ექიმი ამბობს, მკვლელობის დილას განსაკუთრებული და უჩვეულო ვერაფერი შეამჩნია ცოლ-ქმრის ურთიერთობაში:
„კლინიკა, დაახლოებით თორმეტის ნახევრისთვის დატოვეს. მალევე, დაახლოებით ერთ საათში შევიტყვეთ, რომ მკვლელობა მოხდა. რომ გავიგე ვინ იყვნენ დახოცილები, ვერაფრით ვიჯერებდი“.
რა მოხდა დუმბაძის ქუჩაზე, კლინიკის დატოვების შემდეგ?
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, 27 წლის გიორგი ფირაშვილმა რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, მეუღლე - 2003 წელს დაბადებული მარიამ სოფრომაძე და მეუღლის დედა - 1976 წელს დაბადებული ინგა ბეგაშვილი თოფიდან გასროლით მოკლა.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი, სანადირო თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მკვლელობის შემსწრეები ჟურნალისტებთან საუბრისას იხსენებენ, რომ ხუთი გასროლა გაიგონეს. დედა-შვილი ადგილზე დაიღუპა. მათთან ერთად, იყო ექვსი თვის ჩვილიც, რომელიც დედას და ბებიას ეტლით მიჰყავდათ. ისინი სავარაუდოდ, სახლისკენ მიდიოდნენ. კლინიკიდან მათ სახლამდე, ფეხით, დაახლოებით 10-15 წუთის სავალი გზაა.
არჩილ ცაგურია, სახაზინო ადვოკატი, გიორგი ფირაშვილის ინტერესებს მხოლოდ ერთი დღის დღის განმავლობაში იცავდა. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, მკვლელობის საქმეს ის მას შემდეგ ჩამოსცილდა, რაც გიორგი ფირაშვილის ოჯახმა მის დასაცავად კერძო ადვოკატი აიყვანა:
„გუშინ შევხვდი. იყო შოკურ მდგომარეობაში და არ შეეძლო ლაპარაკი. კითხვებზე პასუხს ვერ მცემდა. საქმის დეტალებზე მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვისაუბრია. არ სურდა ამ საკითხზე ლაპარაკი. მძიმე მდგომარეობაში იყო“.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გიორგი ფირაშვილის ახალი ადვოკატი გიორგი ძოწენიძეა. ის ამ დროისთვის არც სატელეფონო ზარებს და არც შეტყობინებებს არ პასუხობს.
რას ამბობენ მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრები?
მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრები სამძიმარს რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე იღებენ. ორი ჩასასვენებელი თითქმის სრულად ავსებს პატარა, თეთრკედლებიან ოთახს.
ოჯახის წევრებისა და ახლობლების დიალოგიდან ირკვევა, რომ მარიამ სოფრომაძე, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში იყო ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი:
„ორი თვის წინ წამოვიყვანეთ მარიამი. წამოვიყვანეთ იმიტომ, რომ ორჯერ სცადა მისი დახრჩობა. ყელში წაუჭირა ხელი“...
„ვეხვეწებოდი, წამოდი, წამოდი, წავიდეთ იუსტიციის სახლში, გაშორდი“...
„ყველას და ყველაფერს ჩამოაშორა. როცა არ უნდა დაგერეკა ბავშვთან, ტელეფონს არასდროს პასუხობდა. აკონტროლებდა“...
„აქაც არ ეშვებოდა. აქ იყო ეს ბოლო პერიოდი, დედასთან და ისიც აქ ტრიალებდა“...
„უთქმელი ბავშვი იყო. არაფერს ამბობდა, არაფერს გვეუბნებოდა“...
მარიამ სოფრომაძის სოციალური ქსელის დათვალიერებისას თვალშისაცემია იმ პოსტების შინაარსი, რომლებსაც 20 წლის გოგო ბოლო პერიოდში აზიარებდა:
„აქციე შენი ტკივილი შენს სუპერ ძალად“; „მერე... ყოველთვის გვიანია“... „თუკი აქამდე მოხვედი, ყველაფერს შეძლებ“, „ხანდახან უნდა დაივიწყო რას გრძნობ და გაიხსენო ის, რასაც იმსახურებ“
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ მარიამ სოფრომაძის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე უწყებაში საჩივარი არ შესულა.
დედა-შვილს კვირას, 26 მაისს, კახეთის ერთ-ერთი სოფელში დაკრძალავენ.
ხუთი თვე და ექვსი მოკლული ქალი
ბოლო ერთ კვირაში, ფემიციდის ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომელსაც სამი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
16 მაისს, გარდაბანში, 23 წლის კაცმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 29 წლის და.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა.
ამის გამო, 16 მაისს, ბრალდებულმა დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა", - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
2024 წლის პირველ ხუთ თვეში ფემიციდის მსხვერპლი გახდა ექვსი ქალი.
- 9 იანვრის ღამეს, თბილისში, ვარკეთილში მოკლა ქმარმა 27 წლის ქეთევან ედიბერიძე.
- რამდენიმე დღით ადრე, ახალი წლის ღამეს, ბათუმში, ქმარმა მოკლა 36 წლის ირმა ბერიძე.
- 28 თებერვალს, თბილისთან ახლოს, სოფელ წინუბანში, 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილს, 21 წლის ოთარ ცინდელიანმა 59 ჭრილობა მიაყენა დანით. პროკურორის თქმით, ბრალდებულის ინსტაგრამის მიმოწერები ქეთევან ჯავახიშვილთან ადასტურებს, რომ მას გოგო "მიაჩნდა საკუთრებად".
*თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დარეკეთ ნომერზე 112 ან 116 006 - ასევე ნახეთ დღესასწაულებზე მოკლული ქალები - ოჯახში ძალადობა ფოიერვერკებს მიღმა