Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბოლოს სულ კონფლიქტი ჰქონდათ“ - ახალი წლის ღამით მოკლული ქალი სოფელ აქუცაში დაკრძალეს


ფოტოკოლაჟი: ირმა ბერიძე 1 იანვარს მოკლეს. 2024 წლის პირველივე დღე საქართველოში ფემიციდით დაიწყო.
ფოტოკოლაჟი: ირმა ბერიძე 1 იანვარს მოკლეს. 2024 წლის პირველივე დღე საქართველოში ფემიციდით დაიწყო.

ბათუმში ახალი წლის ღამით ქმრის მიერ მოკლული ქალი, 36 წლის ირმა ბერიძე, 5 იანვარს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცაში დაკრძალეს. 44 წლის ზვიად ბერიძე 2 იანვარს ბათუმში დააკავეს. 3 იანვარს კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

3 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კაცმა ბათუმში 1 იანვარს საცხოვრებელ ბინაში „ურთიერთშელაპარაკებისას გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“, ცოლს დანის დარტმით მიაყენა დაზიანებები მარცხენა მხრის, ზურგის, თვალისა და თხემის არეში. მიყენებული დაზიანებებით ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სასამართლოზე გაირკვა, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელ იყო ნასამართლევი. ბოლოს - 2020 წელს ნარკოდანაშაულისთვის, რისთვისაც ახლაც პირობით სასჯელს იხდიდა.

ცოლ-ქმარი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუციდან იყო.

ირმა მშობლების ბინიდან გაასვენეს. ქედის ცენტრში მდებარე ცხრასართულიან კორპუსში საცხოვრებელი, ეკომიგრანტის სტატუსის მქონე ოჯახს წლების წინ გამოუყო სახელმწიფომ.

ირმას ორი შვილი დარჩა. უმცროსი, 15 წლის ვაჟი ქედაში ირმას დედასთან იზრდება. უფროსი 20 წლისაა, ცალკე ცხოვრობს და სხვა ქალაქში მუშაობს.

ირმა ბერიძის გასვენება, ქედა, 4 იანვარი
ირმა ბერიძის გასვენება, ქედა, 4 იანვარი

ცოლ-ქმარს ბათუმში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. მათი ოჯახური კონფლიქტის შესახებ ბევრს სმენოდა, თუმცა ასეთ სისასტიკეს არავინ ელოდა. „დანით ხომ მოკლა გოგო და რომ ვერ მოუსულიერებია, სკამი გადაუმტვრევია თავზე“, - ჰყვება გასვენებაში მყოფი ოჯახის ახლობელი.

აქუცაში, სოფლის სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრში, მთაზე ცხოვრობს მოკლული ქალის მამამთილი ნოდარ ბერიძე. უკიდურეს გაჭირვებაში მარტო მცხოვრები კაცი ამბობს, რომ 2 იანვარს, მასთან მისული პოლიციელებისგან შეიტყო, მის შვილს ცოლის მკვლელობაში რომ ადანაშაულებდნენ: „იარაღს ეძებდნენ სახლში. მე მარტო ვცხოვრობ. არავინ მყავს. ცოლი ორი წლის წინ გარდამეცვალა“, - ამბობს ის.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი აქუცა. ნოდარ ბერიძის სახლი
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი აქუცა. ნოდარ ბერიძის სახლი

ნოდარ ბერიძის მონათხრობით ირკვევა, რომ ირმა არასრულწლოვანი,15 წლის იყო, 21 წლის ზვიადს რომ „გაჰყვა ცოლად“. პირველი შვილი 16 წლისას ეყოლა. სოფელში ჰყვებიან, რომ „ერთმანეთი შეუყვარდათ, მშობლებმა ქორწილიც გადაუხადეს“. ირმას მამა და ზვიდი ერთხანს ერთადაც მუშაობდნენ.

„ჩემი შვილი და მისი ცოლი ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობდნენ. ჩემი შვილი მშენებლობაზე მუშაობდა. რძალი კი რესტორანში. გვიან მოდიოდა. ხშირად ჩხუბობდნენ“, - ამბობს ნოდარ ბერიძე.

ირმას დაკრძალვის დღეს, ქედაში ყველა მომხდარზე ლაპარაკობდა სოფლის ცენტრში, მაღაზიაშიც, „ქმარი აქ ტაქსაობდა და ოჯახს არჩენდა, ბოლო 7 წელია ბათუმში მშენებლობაზე მუშაობდა. ამას თუ ჩაიდენდა, ვერც წარმოგვედგინა“.

გარდაცლილი ახალგაზრდა ქალის ნათესავები ჰყვებიან, რომ ქმარი ხშირად ძალადობდა. თავიდან ქმარი არ იყო ასეთი. მერე გახდა მოძალადე. ბოლოს სულ კონფლიქტი ჰქონდათ. არაფრის გამო ხშირად ეჩხუბებოდა. სვამდა უაზროდ და უშარდებოდა არაფრის გამო. ბათუმში მეზობელს ხშირად გადაურჩენია ირმა“.

გამოძიებამაც დაადგინა, რომ ბრალდებულს ცოლთან წარსულში ხშირად ჰქონდა კონფლიქტი. თუმცა, პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და არც შემაკავებელი ორდერი ყოფილა გამოწერილი.

ოჯახის წევრი გვიყვება, რომ ქალი ქმართან დაშორებას ცდილობდა, თუმცა: „ისევ ურიგდებოდა, ეცოდებოდა. უმცროსი შვილი ხშირად ჩადიოდა მამასთან და მერე ესეც აკითხავდა, ხომ კარგად ხარო და ასე ურიგდებოდა“.

საქმის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ 3 იანვარს, სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ „გამოიკითხა არაერთი მოწმე და ამოღებულია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დგინდება, რომ ბერიძემ დამამძიმებელ გარემოებაში ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა ცოლის მკვლელობა“.

გასვენება სოფელ აქუცაში
გასვენება სოფელ აქუცაში

მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ზვიად ბერიძეს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 27 თებერვალსაა დანიშნული.

სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის განმავლობაში 13 ქალი მოკლეს, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ სამ თვეში, ქალთა მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის 207 შემთხვევა დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში გამოიწერა 183 შემაკავებელი ორდერი.

რაც შეეხება 2023 წლის ფემიციდის სრულ სტატისტიკას, ეს ინფორმაცია საქართველოს პროკურატურას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

2022 წლის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში 19 ქალი მოკლეს. მათგან ოჯახში დანაშაულისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მოკლულია 10 ქალი, არაოჯახური ნიშნით - 9 ქალი.

XS
SM
MD
LG