ქუჩაში თითქმის არასოდეს ჩნდება. 44 წლის ბიზნესმენი პარლამენტში შავი დაჯავშნილი მანქანების კოლონით მიდის, დაცვის ათეულობით წევრის თანხლებით.
თუმცა ბულგარელ პოლიტიკოსს რომ ჰკითხოთ, ვინ არის დამნაშავე მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში - ქვეყანა სამი წლის განმავლობაში მეშვიდე არჩევნების წინაშე დგას - სავარაუდოდ, პეევსკის დაასახელებს.
წლების განმავლობაში ოლიგარქი ძირითადად კულისებში მოღვაწეობდა. ის პრესისა და მედიის სადისტრიბუციო ქსელის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ამით უდიდეს გავლენას ინარჩუნებს საზოგადოებრივ აზრზე. „კორუფციისა და მედიის, პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს შორის კავშირი ფართოდ არის გავრცელებული ბულგარეთში. ამ ანომალიური ვითარების ყველაზე ცნობილი განსახიერებაა დელიან პეევსკი“, - წერდა „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ მსოფლიოში მედიის თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიშში. პეევსკი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მისი ადგილობრივი ოპონენტები საერთაშორისო უფლებადამცველ ჯგუფებს აიძულებენ, რომ ანგარიშებში მისი სახელი შეიყვანონ.
2009 წლიდან მოყოლებული, პეევსკი ხან პარლამენტარია, ხან კი სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობა უჭირავს. ერთ დროს ის ბულგარეთის კონტრდაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელიც იყო. დელიან პეევსკის მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პოლიტიკურ ფიგურებსა და ინსტიტუტებზე.
პოლიტიკური არეულობა
2023 წელს მედიამაგნატი საზოგადოებაში გამოჩნდა. ის რეგულარულად ესწრებოდა პარლამენტის სხდომებს და ესაუბრებოდა პრესას. 2024 წლის დასაწყისისთვის ის სათავეში ჩაუდგა „მოძრაობას უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“ (DPS). ეს პარტია ტრადიციულად წარმოადგენს ბულგარეთის ეთნიკურად თურქ და მუსლიმ უმცირესობებს. ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა და 240 მანდატიდან 47 მოიპოვა.
პეევსკის პოლიტიკური ვარსკვლავის აღზევებასთან ერთად ბულგარეთში უპრეცედენტო (პოსტკომუნისტურ ეპოქაში) პოლიტიკური არეულობის პერიოდი დაიწყო. 2009 წლიდან 2021 წლამდე, ქვეყანას დიდი შეფერხებების გარეშე მართავდა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია GERB-ი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოიკო ბორისოვი, ბულგარეთის პოლიტიკის ვეტერანი. მაგრამ 2021 წლიდან ქვეყანაში ზედიზედ ექვსი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. GERB-მა ოთხი მათგანი მოიგო, მაგრამ მთავრობის ჩამოყალიბება ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.
ასევე ნახეთ ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც სკოლებში ლგბტ "პროპაგანდას" კრძალავსსაშუალო ბულგარელისთვის პეევსკი განასახიერებს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის ჩრდილოვან სამყაროს, რომელიც, ბევრის აზრით, სახელმწიფოს მართავს. ის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სანდო პოლიტიკოსია ქვეყანაში. ბოლო გამოკითხვაში ბულგარელების მხოლოდ 2%-მა განაცხადა, რომ მას ენდობა, ხოლო 88%-მა უნდობლობა გამოთქვა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „მაგნიტსკის აქტის“ ფარგლებში პეევსკის სანქციები დაუწესა და ბრალი დასდო კორუფციასა და გავლენით ვაჭრობაში. სანქციები მას დაუწესა გაერთიანებულმა სამეფომაც, რადგან პეევსკი "ჩართული იყო ბულგარეთის საზოგადოების საკვანძო ინსტიტუტებსა და სექტორებზე კონტროლის მცდელობებში, მოსყიდვისა და მედიაიმპერიის გამოყენების მეშვეობით".
მედიამაგნატი და პოლიტიკოსი საერთაშორისო სანქციებს სასამართლოში ასაჩივრებს. ის განუწყვეტლივ უარყოფს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლოა.
"ტოქსიკური" პარტნიორი
მისი შელახული რეპუტაცია იმას ნიშნავს, რომ ბევრი ბულგარელი პოლიტიკოსი ახლა უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე. მათთვის პეევსკი "ტოქსიკურია", - ამბობს დიმიტარ ბეჩევი, ოქსფორდის გლობალური და ტერიტორიული კვლევების სკოლის ლექტორი და „კარნეგი ევროპის“, ბრიუსელში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, უფროსი თანამშრომელი.
პროდასავლური რეფორმისტული კოალიციის, „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთი“ (PP-DB) ერთ-ერთმა ლიდერმა ჰრისტო ივანოვმა 30 ივლისს რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს განუცხადა, რომ „ბულგარეთის ფუნდამენტური პრობლემა არის „დატყვევებული სახელმწიფო“, რომელსაც ბოლო წლებში ყველაზე კარგად პეევსკი განასახიერებდა“.
ბევრი ბულგარელი პოლიტიკოსი ახლა იწყებს იმის გააზრებას, რომ მედიამაგნატთან ნებისმიერმა ასოციაციამ შეიძლება ხმები დააკარგვინოს. PP-DB კოალიცია პეევსკის პარტიასთან 2023 წლის ივნისიდან აპრილამდე თანამშრომლობდა. ბულგარეთის ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, ივნისში, მისმა მხარდამჭერებმა მასობრივად მიატოვეს კოალიცია. ამომრჩევლებს კარგავს GERB-იც, რომელიც პეევსკის ახლო და საჯარო პარტნიორი იყო.
შეფერხებული რეფორმები
ბულგარელი პოლიტიკოსები პეევსკის ასევე ადანაშაულებენ რეფორმების მცდელობების მუდმივ ჩაშლაში.
2023–2024 წლებში ქვეყანას მართავდა ბულგარეთის ორი უდიდესი პოლიტიკური პარტიის, GERB-ისა და PP-DB-ისაგან შედგენილი მყიფე კოალიცია. ორივე პარტიამ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა უკრაინის სამხედრო დახმარებას, მიიღებდა ევროს და ბულგარეთს სრულად შეიყვანდა შენგენის საზღვრებისგან თავისუფალ ზონაში.
უფრო რეფორმებზე ორიენტირებულმა PP-DB-მ ასევე მოითხოვა გენერალური პროკურორის გავლენის შემცირება და უშიშროების სამსახურების გაწმენდა რუსული გავლენისაგან. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ ამ რეფორმების ზუსტ ვადებში გაწერას.
GERB-მა ამ რეფორმებზე ფეხი აითრია და კოალიციური მთავრობა მარტში დაიშალა. აპრილში რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურთან ინტერვიუში, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლაი დენკოვმა პეევსკი დაადანაშაულა GERB-ზე და მის ლიდერზე, ბოიკო ბორისოვზე ზეწოლაში და თქვა, რომ ის ორ კოალიციურ პარტნიორს შორის თანამშრომლობის ჩაშლას ცდილობდა.
დენკოვის აზრით, პეევსკის რეფორმების ეშინოდა და ბორისოვზე ახდენდა გავლენას. „ჩემი თვალით ვხედავდი... შეხვედრაზე, პეევსკი ყოველთვის ბორისოვის გვერდით იჯდა“, - თქვა მან. „ფაქტობრივად, იმ თვეებში 80% პეევსკის ველაპარაკებოდით და არა ბორისოვს“.
ივნისის ბოლო არჩევნების შემდეგ, პეევსკის ბორისოვიც დაშორდა. GERB-მა არჩევნებში გაიმარჯვა, DPS-ი კი მეორეზე გავიდა. ამ ორ პარტიას, რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის მხარდაჭერით, შეეძლო მთავრობის შექმნა. თუმცა ბორისოვმა რამდენჯერმე თქვა, რომ არ სურდა სათავეში DPS-თან და პეევსკისთან ერთად ყოფნა.
პარტია გაიხლიჩა
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს. დიდწილად იმიტომ, რომ პეევსკის DPS-ში ღრმა განხეთქილებაა.
2024 წლის დასაწყისში, პეევსკი DPS-ის თავმჯდომარე გახდა და დაიწყო პარტიის წმენდა ახმედ დოგანის, პარტიის დიდი ხნის ლიდერისა და ამჟამად მისი საპატიო თავმჯდომარის მხარდამჭერებისგან. ეს ფრაქცია ახლა კონტრშეტევაზე გადავიდა. დოგანი და პარტიის ძირითადი წევრები ახლა პეევსკის გადადგომას მოითხოვენ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პარტიული განხეთქილების გამო პეევსკი შესაძლოა ან საერთოდ ვერ მოხვდეს მომავალ პარლამენტში, ან კი მოხვდეს, მაგრამ საკმარისი მხარდამჭერი აღარ ჰყავდეს. სხვა პარტიებმა უკვე განიხილეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ პეევსკის იზოლაციის შესაძლებლობა.
ასევე ნახეთ ბულგარეთში ბოლო სამ წელიწადში მეშვიდე ვადამდელი არჩევნები გაიმართება"ჩვენ უნდა დავთანხმდეთ მათთან თანამშრომლობას, ვინც DPS-ში პეევსკის დაუპირისპირდა", - თქვა PP-DB-ის ლიდერმა ივანოვმა. „ერთხელ ჩვენც [უნდა გამოვიჩინოთ] ტაქტიკური ჭკუა და როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდება, მოვიშოროთ კორუმპირებული სახელმწიფოს უახლესი განსახიერება".
ბულგარეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი და კორუმპირებული ქვეყანაა და ის ბლოკში სულ უფრო იზოლირებული ხდება.
ურზულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი, რამდენიმე კვირაა ელოდება ბულგარეთის მხრიდან ევროკომისრის კანდიდატურის დასახელებას. სოფიას კი, პოლიტიკური არეულობის გამო, როგორც ამბობენ, ჯერაც ვერ მიუღია გადაწყვეტილება კანდიდატის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა დაამტკიცა 6 მილიარდი ევროს ღირებულების ეკონომიკური გეგმა, ბულგარეთი ამ თანხის უდიდეს ნაწილს ალბათ ვერ მიიღებს, ვიდრე არ განახორციელებს ევროკავშირის მოთხოვნილ რეფორმებს, პირველ რიგში - ანტიკორუფციულ ზომებს.
ბულგარეთის პოლიტიკურმა აპათიამ შესაძლოა რეგიონული უსაფრთხოებაც დააზარალოს. უკრაინის ომი შავი ზღვის გადაღმა მიდის, სოფია კი რეგიონული უსაფრთხოების მოლაპარაკებებში აქტიურად არ არის ჩართული - ამბობს მეთიუ ბოისი, ვაშინგტონში დაფუძნებული ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი თანამშრომელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე.
„თუ ქვეყანა ვერ მოახერხებს ამ [პოლიტიკური] ჩიხიდან გამოსვლას, - ამბობს ვესელა ჩერნევა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს დირექტორის მოადგილე - ეს დამატებით გააფართოებს ხელმისაწვდომობას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ გავლენის გაძლიერება ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანაში“.