Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც სკოლებში ლგბტ "პროპაგანდას" კრძალავს


ანტი-ლგბტ შესწორების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. 6 აგვისტო, 2024 წელი
ანტი-ლგბტ შესწორების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში. 6 აგვისტო, 2024 წელი

ბულგარეთის პარლამენტმა 7 აგვისტოს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში ლგბტ „პროპაგანდას“ კრძალავს და კენჭი უყარა ცალკეულ ცვლილებას, რომელიც „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ ცნებას ადგენს.

სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებსაც 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პრორუსულმა პარტია „აღორძინებამ“ (Vazrazhdane) წარადგინა. ცვლილებების წინააღმდეგი 20 დეპუტატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.

ის კრძალავს „განათლების სფეროში ბიოლოგიურისგან განსხვავებული არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ იდეებისა და შეხედულებების პირდაპირი და ირიბი გზით ნებისმიერ პროპაგანდას, წახალისებას ან წაქეზებას“

ბულგარელმა დეპუტატებმა კენჭი უყარეს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ განსაზღვრების ტექსტსაც და ის განმარტეს, როგორც „ბულგარულ სამართლებრივ ტრადიციაში საპირისპირო სქესის პირებს შორის ემოციური, რომანტიკული, სექსუალური მიზიდულობის საყოველთაოდ მიღებული და დამკვიდრებული ცნებებისგან განსხვავებული“.

ცვლილების მომხრეთა ძირითადი არგუმენტი იყო, რომ ის გამოხატავს სულისკვეთებას ბულგარეთის კონსტიტუციისა, რომელიც ადგენს, რომ ქორწინება დასაშვებია მხოლოდ ქალსა და კაცს შორის.

კრიტიკა მოჰყვა ტერმინს „არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია“.

„როდესაც "ვიკიპედიიდან" (ონლაინენციკლოპედია) ვიღებთ ტექსტებს კანონების შესაქმნელად, ეს არ არის მემარჯვენეობაზე ორიენტირებული, არ არის კონსერვატიულად ორიენტირებული და არ არის ბულგარელი ბავშვების დაცვა, ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი“, - თქვა ელისავეტა ბელობრადოვამ, რეფორმისტების პარტიის წარმომადგენელმა.

მისმა კოლეგამ, მემარჯენე-ცენტრისტული პარტია „გერბის“ წევრმა გეორგი გეორგიევმა თქვა, რომ დეპუტატებმა „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ განმარტების მიღებით შექმნეს „გაუგონარი პრეცედენტი“ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში. მისი თქმით, ტექსტი დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

დემონსტრანტებმა სოფიის ქუჩებში საპროტესტო აქცია დაიწყეს, ხალხი სკანდირებდა: „გრცხვენოდეთ“ და „შეწყვიტე ბულგარეთიდან ხალხის დევნა!“

მემარცხენე ფემინისტურმა ორგანიზაცია LevFem-მა განაცხადა, რომ შესწორება შეუძლებელს გახდის სკოლებში მოზარდების, ასევე ლგბტ თემის წარმომადგენლების შევიწროებისგან დაცვას.

არასამთავრობო ორგანიზაცია ბულგარეთის ჰესლინკის კომიტეტმა დეპუტატებს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირათ შესწორებისთვის, არგუმენტით, რომ ის „არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, მათ შორის გარანტირებულს არა მხოლოდ ბულგარეთის კონსტიტუციით, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG