პირველ ოქტომბერს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლის 12 წლისთავს აღნიშნავდა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა შეკითხვა: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის, რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“
სელჩოს მოკლე კითხვას ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, სადაც ირწმუნებოდა, რომ თავისი ფინანსური დავის გარშემო შექმნილ პრობლემებში არა აშშ-სა და ევროკავშირს, არამედ „გლობალური ომის პარტიას“ ადანაშაულებდა. მას არ განუმარტავს, ვის გულისხმობს „გლობალური ომის პარტიაში“ და არც სინგაპურის და ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსზე უთქვამს ბევრი რამ.
ამ სტატიაში სწორედ ივანიშვილის ფულის შესახებ სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებების დეტალებზე გიყვებით.
ივანიშვილი Credit Suisse-ის წინააღმდეგ - მოკლედ
ბიძინა ივანიშვილი უკვე რვა წელია ცდილობს, დაკარგული ფული დაიბრუნოს. 2015 წელს მან გაიგო, რომ შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ანგარიშებიდან პირადი ბანკირი, პატრის ლესკოდრონი მილიონებს ჰპარავდა.
ლესკოდრონი 2018 წელს თაღლითობის გამო გაასამართლეს, 2019 წელს ორწლიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს, 2020 წელს კი თავი მოიკლა.
ბიძინა ივანიშვილი 2016 წლიდან რამდენიმე იურისდიქციაში დავობს თანხის დასაბრუნებლად. ორი დავა მოიგო. 2022 წელს ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილისთვის $607 მილიონის გადახდა დააკისრა, 2023 წლის მაისში კი უკვე სინგაპურის სასამართლომ დაავალა შვეიცარიული ბანკის ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ $743 მილიონი გადაეხადა.
Credit Suisse-მა თავდაპირველი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, ამასობაში კი სასამართლომ მას დაავალა, რომ ივანიშვილის კუთვნილი თანხა სხვა შვეიცარიული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განეთავსებინა, სანამ საქმე დანარჩენ ინსტანციებს გაივლიდა.
ივანიშვილმა საქმე ბერმუდის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო, თუმცა ფული ამ დრომდე არ მიუღია და ის კვლავ რჩება სხვა შვეიცარიული ბანკის (არა Credit Suisse-ის) სადეპოზიტო ანგარიშზე.
ასევე ნახეთ ფული, ომი და პოლიტიკა - ვის და რატომ ბრალდება ივანიშვილის ტრანზაქციის შეფერხება?და რატომ ვერ იბრუნებს ფულს ივანიშვილი?
როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზებს შორისაა სანქციების რისკი, ივანიშვილის გავლენა ქართულ სასამართლოზე და „ტიპური პოსტსაბჭოთა აგლომერაცია“ - ივანიშვილის „პარტია, რომლის მთავარი ამოცანა ოლიგარქის პირადი და ფინანსური უსაფრთხოებაა“.
ბანკი, რომელსაც ივანიშვილმა უჩივლა და ბერმუდაში უკვე ორჯერ მოუგო, საქმის გასაჩივრებას შემდეგ ინსტანციაში, საიდუმლო საბჭოს სასამართლო კომიტეტში აპირებს - ეს გვირგვინის მიწების, ანუ ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების, რომლის ნაწილია ბერმუდაც, უზენაესი სასამართლოა.
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან დაკავშირებით უახლესი გადაწყვეტილება 2024 წლის თებერვლის ბოლოს გამოიტანა და ამ გადაწყვეტილებაში გამოჩნდა, რომ ივანიშვილს თავისი პოლიტიკური საქმიანობა ფინანსურ პრობლემებს უქმნის.
„სასამართლოს შესაფასებელი გახდა შემდეგი საკითხი: თუკი შვეიცარიული ბანკის შვილობილი წარმატებული იქნება თავის მომდევნო საჩივარში, ხოლო საქართველოს მოქალაქეს [ბიძინა ივანიშვილს] უკვე მიღებული ექნება თანხა, რამდენად შესაძლებელი ან რამდენად რთული იქნება შვეიცარიული ბანკისთვის, რომ საქართველოს მოქალაქისგან დაიბრუნოს წინსწრებით, საბოლოო გადაწყვეტილების დადგომამდე მიღებული თანხა“, - დაწერა თავისი LinkedIn-ის გვერდზე სანდრო სამადბეგიშვილმა, იურიდიული ფირმა MKD-ის პარტნიორმა და იურისტმა, რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავდა Credit Suisse-ის საქმეში.
ასევე ნახეთ არჩევნების შედეგებიმარტივად რომ ვთქვათ, სასამართლომ იმსჯელა, რამდენად ექნება გარანტია Credit Suisse-ს, რომ თუ შემდეგ ინსტანციაში მოიგებს, ბიძინა ივანიშვილი ფულს დაუბრუნებს, თუკი ივანიშვილს თანხა სასამართლო დავის ყველა ინსტანციაში დასრულებამდე მისცა.
ამ მსჯელობის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ კუთვნილი თანხის დაუყოვნებლივ მისაღებად ბიძინა ივანიშვილმა სანდო ბანკის მიერ გაცემული ფინანსური გარანტია უნდა წარადგინოს. გარანტია თანხის ის რაოდენობა უნდა იყოს, რაც სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, ივანიშვილს Credit Suisse-ის შვილობილისგან ეკუთვნის.
ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილების არგუმენტაციაში რამდენიმე საინტერესოა დეტალია:
სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ ივანიშვილმა უარი თქვა დაესახელებინა თავისი ქონების ოდენობა და საზღვარგარეთ არსებული ისეთი აქტივები, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ ივანიშვილი შემდგომ ინსტანციაში შესაძლო წაგების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას შეძლებდა.
ამასთან, მომჩივანი, ანუ Credit Suisse-ის შვილობილი კომპანია, ამტკიცებდა, რომ ივანიშვილის სანქცირების შემთხვევაში, მათთვის შეუძლებელი გახდებოდა თანხის მიღება.
„მოპასუხეები [ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი] ამ მოსაზრებას წმინდა სპეკულაციას უწოდებენ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს რეალურ რისკს წარმოადგენს“, - თქვა საქმის მოსამართლემ.
ანუ მოსამართლემ რეალურად მიიჩნია რისკი, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესონ და იქვე თქვა, ამას ევროპარლამენტის რეზოლუციები მიუთითებსო. სასამართლოს გადაწყვეტილებისას ჯერ კიდევ არ იყო თეთრი სახლის ანონიმური წყაროების მიერ დადასტურებული ინფორმაცია ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ფინანსური სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ.
ამასთანავე, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამო, არსებობს კიდევ ერთი რისკი: თუ ივანიშვილს საქართველოს გარეთ საკმარისი ოდენობის აქტივები არ აღმოაჩნდება და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში დაიწყებს დავას კომპენსაციის მისაღებად, ქართული სასამართლო ივანიშვილს უსამართლო უპირატესობას მიანიჭებს, რაც მეორე მხარეს დააზარალებსო.
„არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს მტკიცებულება მიუღებელ ჭორად უნდა განვიხილოთ ან, ნებისმიერ შემთხვევაში, მცირე წონა მივანიჭოთ“, - თქვა მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ქართულ სასამართლოზე გავლენის შესახებ.
კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელსაც მოსამართლე გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო, ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ნოტა იყო საქართველოს შესახებ, რომელიც 2021 წლის მაისით თარიღდება. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამ ცნობის რამდენიმე ამონარიდია მოყვანილი.
- „ივანიშვილი სამთავრობო თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს“;
- „ქართული ოცნების მთავრობა ისეთი ადამიანების ტიპური პოსტსაბჭოთა აგლომერაციაა, ვისაც გამოკვეთილი იდეოლოგია არ აქვთ... პარტიაზე მთლიანად დომინირებს ოლიგარქი... პარტიის მთავარი ამოცანა ამ ოლიგარქის პირადი და ფინანსური უსაფრთხოებაა“.
ივანიშვილის და Credit Suisse-ის საქმე გრძელდება. ჯერაც უცნობია, აპირებს თუ არა ივანიშვილი, დაემორჩილოს ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თანხის მისაღებად საბანკო გარანტიები წარადგინოს. იქამდე კი საქმე, რომელიც თავიდან წმინდა ფინანსური დავა იყო, პოლიტიკურ აქტუალობას არ კარგავს.
„გლობალური ომის პარტია“ რაღა შუაშია?
ივანიშვილის და მისთვის მოპარული ფულის ამბის საჯარო თხრობა სახელისუფლებო სპიკერებმა და მედიამ 2022 წლიდან დაიწყეს. ქართველი მილიარდერი და მისი გარემოცვა იმან გაანაწყენა, რომ ბერმუდის სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის მოგების შემდეგ, ივანიშვილს თანხა მაშინვე არ დაუბრუნეს, როგორც ის ამას მოითხოვდა.
მას შემდეგ, რაც ბერმუდის სასამართლომ უარი უთხრა, პროსახელისუფლებო სპიკერებმა ივანიშვილის ფინანსური დავის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისა და „გლობალური ომის პარტიის“ მონაწილეობაზე დაიწყეს საუბარი, - ისინი ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილის კუთვნილ ფულს დასავლეთი მისი შანტაჟისთვის იყენებდა.
„გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია“, - წერია ივანიშვილის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს პასუხად გავრცელდა.
ასევე ნახეთ მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან