„გლობალური ომის პარტია“ საქართველოზე გავლენის აღსადგენად გეგმავს (წარუმატებელ) სახელმწიფო გადატრიალებებს - მიზანი, ხელისუფლებაში „აგენტურის“ დაბრუნება და ქვეყნის ომში ჩათრევაა.
მაისის მღელვარე დღეებში, როდესაც „უცხოეთს აგენტების“ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო ტალღამ პიკს მიაღწია, „ქართული ოცნების“ ქვედა ეშელონებიდან გამოჟონილმა შეთქმულების თეორიებმა „გლობალურ ომის პარტიაზე“ ხელისუფლების ოფიციალურ რიტორიკასა და ბიძინა ივანიშვილის სახალხო მიმართვაში გაიჟღერა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „გლობალურ ომის პარტიაზე“ ამერიკელ მაღალჩინოსან ჯიმ ო’ბრაიენთანაც კი ილაპარაკა - მაგრამ „მხოლოდ 30%“ გაანდო, რადგან „დახურულ შეხვედრაზეც რთულია ამ თემაზე საუბარი“.
- და, მაინც, ვინ ან რა არის ეს „გლობალური ომის პარტია“?
- ვინ დგას მის უკან?
- რატომ ამოიღო „რამდენიმე უკიდურესად გავლენიანმა ოჯახმა“ ბიძინა ივანიშვილი მიზანში?
ამ სტატიაში ვეცადეთ შეთქმულების სცენარი ბიძინა ივანიშვილის თვალით დაგვენახა.
პაზლის აწყობაში „ოცნებისგან“ „სრული სიმართლის თქმის“ მოტივით გამოყოფილი „ხალხის ძალა“, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ვრცელი წერილები და „ოცნების“ ლიდერების საჯარო განცხადები დაგვეხმარა.
პირველი კონტაქტი
ბიძინა ივანიშვილი „გლობალური ომის პარტიის“ მიზანში პირველად 2007-08 წლებში მოქცეულა, - ეს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ უთხრა ჟურნალისტებს 14 მაისს.
სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდაო ივანიშვილი საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, „გლობალური ომის პარტიის მარიონეტს“ - მიხეილ სააკაშვილს - და სწორედ მაშინ დაუწყია ივანიშვილის პირად ბანკირს შვეიცარიული ბანკიდან მისი „ძარცვა“.
სინამდვილეში, ყველაფერი ასე დაიწყო: 2004 წელს მილიარდერმა ბიზნესმენმა, თანამფლობელთან ერთად, რუსეთში თავისი მთავარი აქტივი, მიხაილოვსკის მეტალურგიული ქარხანა გაყიდა. ამ გარიგების შედეგად კი იმდენი ქონება დაუგროვდა, რომ მართვაში დახმარება დასჭირდა.
ქარხნის გაყიდვის ამბავი მედიაში მოხვდა და გასაჯაროვდა.
ერთი წლის შემდეგ შვეიცარიული ბანკი „კრედიტ სუისი“ თავად უკავშირდება ივანიშვილს და ქონების მართვაში დახმარებას სთავაზობს. ივანიშვილიც თანხმდება.
2006 წელს ივანიშვილის ქონებას - 1.2 მილიარდ აშშ დოლარს - სამართავად ბანკის თანამშრომელი პატრის ლესკადრონი იბარებს.
ამ პერიოდში ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არ არის დაპირისპირებული მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირიქით, როგორც თავად აქვს ნათქვამი, გარკვეული პერიოდი სააკაშვილის მთავრობას ხელფასებს უფინანსებს.
ვითარება მეორე ქართველი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის უეცარი გარდაცვალების შემდეგ იცვლება.
„გლობალური ომის პარტია ანგრევდა საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“, - უთხრა ივანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წინ 29 აპრილს შეკრებილ ხალხს, რომელთა უმრავლესობა მისმა დაფუძნებულმა პარტიამ რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანა.
2007 წლის ნოემბრის მოვლენების - „იმედში“ შეჭრის, დემონსტრანტების სასტიკად დარბევის, - და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების „ტოტალური გაყალბების შემდეგ“, ივანიშვილმა სააკაშვილთან კონტაქტი გაწყვიტაო, ამბობს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
„ფაქტი ფაქტად რჩება: 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი“, - აზუსტებს ის.
სააკაშვილს არაერთ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ ივანიშვილი მის საატელეფონო ზარებს 2008 წლის თებერვალში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ აღარ პასუხობდა.
ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ერთ-ერთ წერილში აღწერილი შეთქმულების თანახმად, პატრის ლესკადრონმა ივანიშვილის ძარცვა 2008 წელს, „გლობალური ომის პარტიის“ დავალებით დაიწყო.
ლესკადრონი - „ომის პარტიის მარიონეტი”
პატრის ლესკადრონის ფინანსური მაქინაციები 2015 წელს გამოაშკარავდება, - მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მარჯვენა ხელი, გიორგი ბაჩიაშვილი შეუსაბამობებს აღმოაჩინს საბანკო დოკუმენტებში. აქედან იწყება მრავალწლიანი სასამართლო პროცესებიც.
2018 წელს ლესკადრონს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ბანკის კლიენტების ნდობის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით. ივანიშვილი არ იყო ერთადერთი კლიენტი, ვინც ლესკადრონს უჩივლა.
ბანკირი ვადაზე ადრე, 2019 წელს გაათავისუფლეს. 2020 წელს კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ეს ისტორია შეთქმულების თეორიაში სხვანაირად ეწერება: თითქოს ლესკადრონი „ამერიკელების დავალებით“ ჰპარავდა ფულს ივანიშვილს; დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ ის ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი მოკლეს და თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ამ თეორიას სიტყვასიტყვით ავითარებს ფილოსოფოსი შათირიშვილი, - ტელეკომპანია „პოსტივის“ ყოფილი მეწილე, რომელსაც პოლიტიკის ანალიტიკოსები ივანიშვილის იდეების გამხმოვანებლად მიიჩნევენ. ის 2022 წლიდან აქვეყნებს ვრცელ წერილებს „გლობალური ომის პარტიასა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ შეთქმულებაზე.
სხვისი სახელით წერილების გამოქვეყნება ბიძინა ივანიშვილისთვის უცხო ხილი არ არის.
უკვე 12 წელიწადია, სხვადასხვა დროს ივანიშვილის გარემოცვის ამა თუ იმ წევრის სახელით გამოქვეყნებულ წერილებში ანალიტიკოსები თავად ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს კითხულობენ.
2013 წლის მარტში პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კრიტიკაზე საპასუხო წერილი მისწერა 23 ევროპარლამენტარს. იმავე წლის 12 მარტს ივანიშვილმა თქვა: „ამ წერილში ყველა აქცენტი ჩემი გაკეთებულია პირადად“.
ივანიშვილის ადვოკატის წერილებზე, რომლებიც „კრედიტ სუისთან“ დავის დეტალებს ეხებოდა, ზაზა შათირიშვილს აქვს დაწერილი: „ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისთვის მისი ადვოკატის წერილებს შემთხვევით არ ასაჯაროებს. დარწმუნებული ვარ, მისი მიზანია, საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, თუ რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში“.
ზაზა შათირიშვილის წერილების აქცენტები ახლა ირაკლი კობახიძის ზეპირ გამოსვლებში მეორდება: 2008 და 2022 წლების კავშირზე ივანიშვილისა და „ომის პარტიის“ კონტექსტში, „აგენტოკრატიასა“ თუ „ევროკავშირის ეკონომიკურ ჩამოშლაზე“.
აი, როგორ ხატავს შათირიშვილი ამ სურათს:
„პატრის ლესკადრონი ამერიკელების დავალებით [იპარავდა] თანხებს ივანიშვილის ანგარიშიდან, ამისათვის იღებდა პრემიებს ბანკის მენეჯმენტისგან, რამდენიმე წელიწადი ციხეში გაატარებინეს, ციხიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების შემდეგ კი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს“ [11.07.2023].
„ლესკადრონი ჯერ ციხეში შეიყვანეს, ხოლო შემდეგ გამოიყვანეს, ერთადერთი მიზეზით - მისი მოშორება და თვითმკვლელობის ინსცენირება, ბუნებრივია, ციხის გარეთ უფრო იოლი იყო“ [08.02.2023].
ბაჩიაშვილი - "ამერიკელების მორიგი მარიონეტი"
შეთქმულების თეორიას აქ დროში მცირედი ნახტომი აქვს: გამოტოვებს 2012 წლის გადამწყვეტ არჩევნებს საქართველოში, ხელისუფლების ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ და გადადის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდზე, 2022 წლის დასაწყისზე.
ირაკლი კობახიძემ, როდესაც 2008 წლიდან ივანიშვილის ძარცვაზე ისაუბრა, იქვე ახსენა, რომ „უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში, პრაქტიკულად, გაიყინა მისი [ივანიშვილის] ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები“, - აქედან გამომდინარე აქვს ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება, ჰქონდეს აღქმა, რომ დე ფაქტო სანქციები აქვს დაწესებულიო.
ამ პერიოდში გასარკვევადაც ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის 2022-23 წლების წერილები გამოდგება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გიორგი ბაჩიაშვილი ხდება, - ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტი.
შათირიშვილის სიტყვებით:
- „ბაჩიაშვილი ამერიკელებმა ზუსტად ისევე გამოიყენეს, როგორც თავის დროზე პატრის ლესკადრონი“.
- „131-მილიონიან პროექტში 100 მილიონი გაფლანგა, რაც მხოლოდ დავალებისა და შეგნებული ქმედების პირობებში შეიძლებოდა მომხდარიყო“.
- „ბაჩიაშვილს ადვოკატად მიხაილ ხოდორკოვსკის ადვოკატი [რობერტ ამსტერდამი] მიუჩინეს - წრედი საბოლოოდ შეიკრა… დანაშაულის ჩამდენი ბიზნესმენი სპეცსამსახურებისთვის ყველაზე იოლი ლუკმაა… ბაჩიაშვილის გადაბირება კი არცთუ რთული ამოცანა იყო, მით უმეტეს, რომ ის ამერიკაში ხშირად მოგზაურობდა“ [11.07.2023].
რატომ ივანიშვილი?
ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ის 2022 წლიდან დე ფაქტო სანქციების ქვეშაა, - რადგან ბანკი „კრედიტ სუისი“, ახალი მფლობელის პირობებშიც კი, მას ფინანსებზე წვდომას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი დავა მოიგო სხვადასხვა იურისდიქციაში.
პარალელურად, „გლობალური ომის პარტია“, - რომელსაც „კრედიტ სუისის“ დანგრევა და შვეიცარიული საბანკო სექტორის ჩამოშლა ნდომებია, რათა ამერიკულ სისტემას კონკურენტი ჩამოაშოროს, - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სახელმწიფო მართვის სადავეებისგან ჩამოშორებას ცდილობს.
ეს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი, - შეთქმულების თანახმად, - „ამერიკული სპეცსამსახურებისთვის მიუღებელი ფიგურაა, რამეთუ მან შექმნა მსოფლიოში პირველი და დღემდე ერთადერთი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფოში მყარად დაფუძნებული აგენტოკრატია დაასრულა და დემოკრატია აღადგინა“ [სავარაუდოდ, იგულისხმება 2012 წელს სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება არჩევნებში - რ.თ.]“ [ზაზა შათირიშვილი, 11.07.2023].
ბიძინა ივანიშვილიც რომ ასე ფიქრობს, 29 აპრილს სიტყვით გამოსვლაში გამოჩნდა. აი, როგორი იყო მისი აქცენტები:
- „2004-12 წლებში … ქვეყანას … უცხოური აგენტურა მართავდა“. კონკრეტული პირები ხელისუფლების ლიდერებად „ენჯეოების ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ“;
- „ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან, მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული“;
- „საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს… ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს“;
- „მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“;
- „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.
ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, 2 მაისს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველთან, დერეკ შოლესთან სატელეფონო საუბარში პრემიერმა კობახიძემ გამოხატა „გულწრფელი იმედგაცრუება 2020-23 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა“.
საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, საქართველოსა და აშშ-ს შორის, - რომლებმაც 2009 წელს სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, - ურთიერთობები ასე დაძაბული არასოდეს ყოფილა. ექსპერტების აზრით, ახლა საქართველო ხელიდან უშვებს შანსს, დაამყაროს სამხედრო პარტნიორობა აშშ-სთან, ისარგებლოს გამარტივებული სავაჭრო რეჟიმით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით - ამ ყველაფრის დათქმა დემოკრატიის გზაზე დაბრუნებაა.
„გლობალური ომის პარტიითა“ და მსგავსი ფანტასმაგორიებით საზოგადოების გაუთვითცნობიერებელი ნაწილის დაშინება, გასაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირთა მხრიდან, ნაცრითა და ჯოხით „მსოფლიო პოლიტიკაზე“ მჩხიბაობას ჰგავს და არაფერი აქვს საერთო სერიოზულობასთან, პასუხისმგებლობასთან, საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნასა და რეალობასთან“, - წერს თედო ჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი (1994-2002), საგარეო საქმეთა მინისტრი (2003-2004) და პარლამენტის წევრი „ოცნების“ სიით (2012-2016) თვალსაზრისში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა.
და, მაინც, ვინ არიან ისინი - რა სჯერა მმართველ პარტიას?
„გჯერათ მასონების? თავისუფალი მასონების… მასონებს, რომლებსაც გავლენა აქვთ, ხომ ვაღიარებთ, რომ მათ აქვთ გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე, - ამის მსგავსი ძალაა“, - უთხრა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ს. ვიდეოჩანაწერი 19 მაისს გამოქვეყნდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა შეთქმულების თეორიაში შემოიტანეს „მასონების“ ცნება, - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეთქმულების თეორია, თითქოს „მასონები მართავენ მსოფლიოს“.
და, მართალია, ეს პირველი შემთხვევაა „მასონების“ ხსენებისა, სცენარს, - შეთქმულების თეორიას, - სადაც „გავლენიანი ოჯახები“ მართავენ მსოფლიოს, უკვე მესამე წელია, ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკე თავები ავითარებენ.
2022 წლის დეკემბერში: „ევროპარლამენტის რეზოლუციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ევროკავშირის სტრუქტურები სრულიად სხვა ძალების კარნახით მოქმედებენ“, - წერს შათირიშვილი. ამავე დროს, კობახიძე ამბობს: „რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს“.
2023 წლის 22 თებერვალი: „ამერიკასაც და ევროპასაც ოლიგარქიული ოჯახები მართავენ. ეს ოჯახები საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების რეალიზებისათვის ძირითადად რამდენიმე მსხვილ კომპანიას იყენებენ“, - კვლავ ზაზა შათირიშვილი.
2023 წლის 27 მარტს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში ზაზა შათირიშვილი აღშფოთებული სწერდა მოსახლეობას: „ნუთუ არ ფიქრობთ, რომ საქართველოს ჭირდება დაცვა რამდენიმე ოჯახის პათოლოგიური ზრახვებისგან?“
შათირიშვილი იყო პირველი, რომელმაც ჩამოთვალა კომპანიები, ვინც, შეთქმულების თეორიის თანახმად, მსოფლიოს თავიანთ ჭკუაზე ატრიალებენ: „ბლექროკი“, „ვანგარდი“, „სტეიტ სტრიტი“ და „ფიდელიტი“.
ახლა მათზე „ოცნების“ სხვა პროპაგანდისტებიც საუბრობენ.
„სწორედ „ბლექროკია“ ის კომპანია, რომელიც სამხედრო ინდუსტრიაში უმსხვილეს აქტივებს ფლობს და უკრაინაში მიმდინარე ომიდან ყველაზე დიდ ფინანსურ მოგებას ნახულობს“, - ესეც შათირიშვილის 2023 წლის 22 თებერვლის წერილიდან.
„ბლექროკი“ კერძო კაპიტალისა და აქტივების მმართველი კორპორაციაა, - ბაზრის გიგანტი, რომელიც უმდიდრესი კორპორაციების, - „ეპლის“, „მაიკროსოფტის“, „მეტას“, „ამაზონისა“ და სხვების აქტივებს მართავს. 2023 წელს დასავლურ მედიაში წერდნენ, რომ „კრედიტ სუისის“ ყიდვას განიხილავდა.
ერთ-ერთი მთავარი დეტალია ის, რომ „2008 [რუსეთის შეჭრა საქართველოში - რ.თ.] და 2014 [რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია - რ.თ.] წლების ომებით „ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროკავშირს უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს“. დღეს ამ განცხადებას ირაკლი კობახიძის სიტყვები ირეკლავს:
„ევროკავშირი არის ამ ძალების ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი. ევროკავშირის ეკონომიკა 16.3 ტრილიონი იყო 16 წლის წინ [2008 წელს] და ახლა არის 17.3 ტრილიონი. თან ინფლაციის ფონზე“, - თქვა კობახიძემ 12 მაისს, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ.
ზუსტად იმავეს (არასწორად) ამბობდა ზაზა შათირიშვილი: „თუ 2002-2008 წლებში ევროკავშირის ეკონომიკა გაორმაგდა და 7,4 ტრილიონიდან 16,3 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2022 წლის პროგნოზის მიხედვით, მისი ეკონომიკა 16,6 ტრილიონი იქნება“.
„ანტიქრისტეს ტახტმაშენებლები“
2023 წლის მარტის ბოლოს, - „აგენტების კანონის“ პირველად შემოტანისა და შემდეგ უკვე გაწვევის შემდეგ, - ზაზა შათირიშვილმა მორიგი წერილით ამცნო საზოგადოებას, რომ ამერიკული „ოლიგარქიული ოჯახების“ საბოლოო მიზანი ასეთი ყოფილა: „მსოფლიოს 8-მილიარდიანი მოსახლეობის ათჯერ შემცირება“.
აქვე ჩააქსოვა ანტილიბერალური, ჰომოფობიური, ტრანსფობიური და სექსისტური მოტივები: ამ მიზანს ემსახურება „ლგბტ პროპაგანდა“, ოჯახის დაგეგმვის ინსტიტუტი, გენდერული თანასწორობის კონცეფციები თუ „სქესის შეცვლის“ კამპანიებიო.
შეთქმულების თეორიების ამ კლიშემ აღაფრთოვანა „ქართული ოცნებიდან“ „მეტი ინფორმაციის გაზიარების“ მოტივით გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი. მან ეს თეორია ასე განავითარა:
„თემა, რომელსაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი შეეხო, ცალსახად „ანტიქრისტეს ტახტმაშენებლების“ გააქტიურებას უკავშირდება… მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე საქართველო და ქართველობაა… ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა პლანეტის მოსახლეობის შემცირების მიღწევა ომების გაჩაღებით, რასობრივი და ქვიარ-თეორიებით“.
რომ შევაჯამოთ, ასეთი შეთქმულება იკვრება:
მსოფლიოს მართავს რამდენიმე გავლენიანი ოჯახი, - „ოლიგარქიული ოჯახები“, - რომელთა მიზანი ამ გავლენის შენარჩუნება და კიდევ უფრო მეტად გამდიდრებაა.
ამ მიზნით ცდილობენ მსოფლიოს მოსახლეობის 10-ჯერ შემცირებას და ამისთვის იყენებენ ლგბტ პროპაგანდას, - ნაკლები ადამიანი რომ გაჩნდეს. პარალელურად, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს გეგმავს ლგბტ ადამიანების უფლებების შესაზღუდად და რეგიონებში მართავს შეხვედრებს ამ თემაზე.
მათი მარიონეტი და მსხვერპლია ევროკავშირიც, რომლის ეკონომიკასაც მიზანმიმართულად ანგრევენ. „ოცნების“ ინიციატივები საქართველოს აშორებს ევროკავშირისგან.
ამ ოჯახებს ინტერესები აქვთ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში და ამიტომ სურთ სამხედრო კონფლიქტები, ომები. მეტი ომი მეტ იარაღს ნიშნავს, მეტი იარაღის გაყიდვა კი - უფრო მეტ ფულს.
ამიტომ გაახელეს მათ 2008 წელს რუსეთთან საომრად მიხეილ სააკაშვილი, - რომელიც თავიდანვე მათი მარიონეტი იყო, - და შემდეგ უკვე უკრაინა და ვოლოდიმირ ზელენსკი.
ბიძინა ივანიშვილს ემტერებიან, რადგან იგი ამერიკული სპეცსამსახურებისთვის - რასაც ასევე „გლობალური ომის პარტია აკონტროლებს“ - პრინციპულად მიუღებელი პერსონაა, - მან მსოფლიოში პირველად და დღემდე არნახული რამ ჩაიდინა - „აგენტოკრატია დაასრულა“. 2022 წელს კი „არ მისცა მეორე ფრონტის გახსნის საშუალება“.
სწორედ ამიტომ ცდილობს „გლობალური ომის პარტია“, ძალით ჩამოაშოროს ივანიშვილის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას. ამიტომ უჭერდა მხარს ამერიკის საელჩო ბოლო წლებში „ენჯეოების“ ორ რევოლუციურ მცდელობას საქართველოში.
ამიტომაც ცდილობენ სხვა მარიონეტების - მიხეილ სააკაშვილის, დავით კეზერაშვილის, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების - ხელით სახელმწიფო გადატრიალებებს.
ამიტომაც დაიწყო მისი დე ფაქტო სანქცირება: ბანკი ფულს არ აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ დავები ოფშორულ იურისდიქციებში - ბერმუდასა და სინგაპურში მოიგო [ამ ადგილებში „ამერიკული გავლენა ჯერ არ იყო შეღწეული“. შვეიცარიაში, თავის მხრივ, ყველა მსხვილ საჯარო თუ კერძო ინსტიტუტს, ასევე მედიას ამერიკა აკონტროლებს].
ეს ყველაფერი მის დასუსტებას ემსახურება.
ყველაფერი კი, საბოლოოდ, მის ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს უკავშირდება, რომელსაც არ აძლევენ.
შეთქმულების ანატომია
შეთქმულების თეორიები, როგორც წესი, მიმდინარე მოვლენებს უკავშირებს „ძლიერ ფიგურებს“, „ძლიერ ჯგუფებს“, რომლებიც ფარულად მოქმედებენ, რომ შეფარულ მიზნებს მიაღწიონ - ძირითადად ეს მიზანი „მსოფლიოს კონტროლია“.
ტერმინ „შეთქმულების თეორიასთან“ დაკავშირებითაც კი არსებობს შეთქმულების თეორია, - თითქოს იგი CIA-ის მოგონილია, რათა ასეთი თეორიების მიმდევრების დისკრედიტაცია მოახდინოს. შეთქმულების თეორიების მთელი „ხიბლიც“ ეს არის: მათი გამოაშკარავების მცდელობაც კი შეთქმულების თეორიის „ლოგიკაში“ ჯდება.
ამ ლოგიკას ზაზა შათირიშვილიც იზიარებს: ტერმინი „შეთქმულების თეორია“, მისი მტკიცებით, „დღემდე ეფექტიან იარაღად გამოიყენება ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ამერიკული არაფორმალური მმართველობის შესახებ კითხვების დასმას ცდილობსო“.
შეთქმულების თეორია „გლობალურ ომის პარტიაზე“ ანატომიურად იმეორებს სხვა შეთქმულების თეორიებს და მსგავსად აბსურდულია. მაგრამ რამდენიმე საკვანძო საკითხს მაინც შევაჯამებთ:
- „მასონების“ მიერ მსოფლიოს მმართველობა ძალიან ძველი შეთქმულების თეორიაა, არაერთხელ გაშიფრული: „თავისუფალ მასონთა ლოჟები“, საუკუნეებია, არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი საკუთარი წესებით ფუნქციონირებს. „მასონები“ მონოლითური ორგანიზაცია არ არის; რაც მთავარია, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გაკონტროლების კოორდინირებული მცდელობის შესახებ;
- „მასონების მსოფლიო მმართველობის“ შეთქმულების თეორიაზეა ხშირად „დამყნობილი“ ანტისემიტიზმით გაჟღენთილი რწმენა „ძლიერი ოჯახების“ მიერ მსოფლიოს მართვის შესახებ; ასეთი თეორიები არაერთ ქვეყანაშია პოპულარული, მათ შორის აშშ-ში, მათ შორის ცნობილ ადამიანებშიც (მაგ: ჰიპ-ჰოპ არტისტი კანიე ვესტი; პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი რობერტ კენედი).
- ასევე გავრცელებული და საფუძველს მოკლებულია „ბლექროკის“, „ვანგარდისა“ და სხვა მსხვილი კომპანიების მიერ „მსოფლიოს მართვაზე“ თეორიები. ისინი მსოფლიოში ქონების მართვის უდიდესი კომპანიებია და ტრილიონობით აშშ დოლარს განკარგავენ - განკარგავენ სხვადასხვა კომპანიის ასობით მილიარდის ღირებულების აქციას (თუმცა, საერთო ჯამში, აქციების მცირე წილს) „მაიკროსოფტში“, „ეპლში“, „მეტასა“ და სხვა მსხვილ კორპორაციებში.
- მაგრამ მათ მიერ „მსოფლიოს მართვის“ შესახებ შეთქმულებაც ისეთივე ფუყეა, როგორიც „მასონებისა“ და „რამდენიმე ოჯახის“, ადამიანი-ხვლიკების თუ ციყვების მიერ მსოფლიოს მმართველობის შესახებ. რეპუტაციული გამოცემები და სააგენტოები, მათ შორის CNBC-ი და „როიტერსი“ განმარტავენ, რომ ეს კომპანიები მსოფლიოს წამყვანი კომპანიების იმ წილებს მხოლოდ განკარგავენ, რომლებიც საბოლოოდ, კომპანიების კლიენტების საკუთრებაა. „ბლექროკიც“ და „ვანგარდიც“ ახორციელებენ ინვესტიციებს S&P 500-ში, FTSE 100-სა თუ სხვა ინდექსებში შემავალ კომპანიებში, - მაგრამ თავად არ არიან წილების მფლობელები. მფლობელები კლიენტები არიან - კომპანიები კლიენტების სახელით აბანდებენ ფულს ამა თუ იმ მომგებიან კორპორაციაში. „როიტერსი“ ციტირებს ეკონომიკისა და ფინანსების პროფესორებს ლონდონის იმპერიალ კოლეჯში - რომ ადამიანებს არ აქვთ შეშფოთების საფუძველი დიდ კომპანიებში BlackRock-ისა და Vanguard-ის მიერ წილების ფლობასთან დაკავშირებით.
- 2023 წელს დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ „ბლექროკი“, - რომელიც კონსპირაციის ეპიცენტრშია მოქცეული, - „კრედიტ სუისის“ შესყიდვას განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ, ამაზე უარი თქვა. ბანკი კომპანია UBS-მა იყიდა.
ბიძინა ივანიშვილის შეთქმულების თეორია რუსეთ-საქართველოსა და რუსეთ-უკრაინის 2008, 2014 და 2022 წლების ომებში შლის რუსეთის იმპერიულ ინტერესებს. გამორიცხავს იმას, რაც დოკუმენტირებულია და კრემლის გაუმართლებელ, უთანასწორო, აგრესიულ ომს - ფანტასმაგორიული „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებით ამართლებს.
ამ თეორიის მიხედვით, რუსეთის ქმედებები და სამხედრო დანაშაულები „გლობალური ომის პარტიის“ ბოროტი, ფარული მიზნებისთვის წინააღმდეგობის გაწევაა, - რაც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის ძირითად ხაზს, „კოლექტურ დასავლეთთან დაპირისპირების“ თეორიას იმეორებს.
რუსეთში ათწლეულებია არსებობს შეთქმულების თეორია „ოქროს მილიარდზე“, - თითქოს „გლობალურ ელიტებს“ სურთ, ერთი მილიარდი ადამიანი კეთილდღეობაში აცხოვრონ, ხოლო დანარჩენთა ხვედრი მორჩილება და სიღარიბეა; თითქოს ამ მიზნით შექმნეს „კორონავირუსი“ „ამერიკულ ლაბორატორიებში“ მსოფლიოს მოსახლეობის ხელოვნურად შესამცირებლად.
ამ კონსპირაციის მიმდევარია პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მთელი მისი გარემოცვა. „ე.წ. ოქროს მილიარდის ტოტალური დომინირების მოდელი უსამართლოა. რატომ უნდა მართოს ამ ოქროს მილიარდმა მსოფლიო და საკუთარი წესები თავს რატომ უნდა მოახვიოს? - თქვა პუტინმა 2022 წლის 20 ივლისს, - გლობალურ ელიტებს პანიკურად ეშინიათ, რომ მსოფლიოს სხვა ცენტრებმა გლობალური განვითარების საკუთარი ხედვა განავითარონ“.
კონსპირაცია „ანტიქრისტეს ტახტმაშენებლების“ შესახებ კი, „ოქროს მილიარდთან“ ერთად, „ახალი მსოფლიო წესრიგის“ შეთქმულების თეორიას მისდევს - ფუნდამენტალისტურ რელიგიურ კონსპირაციას, რომლის ეპიცენტრშიც ანტიქრისტეს გამოჩენაა.
ეს კონსპირაციაც დიდი პოპულარობით სარგებლობს რუსეთში. ის დარწმუნებულია, რომ ბოლშევიკური რევოლუცია, მეორე მსოფლიო ომი და სსრკ-ს ნგრევა არა ისტორიული შემთხვევითობები, არამედ გავლიანიანი ძალების დაგეგმილი შეთქმულების ნაწილია - რუსეთის განადგურების მიზნით.
რეალური რიცხვები
ყალბია ევროკავშირის ეკონომიკურ ზრდაზე კობახიძისა და შათირიშვილის მონაცემები, - როდესაც ირწმუნებიან, რომ 2008-2014-2022 წლების ომებით „ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროკავშირს უმძიმესი ეკონომიკური დარტყმა მიაყენეს“.
ეს საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმაც შენიშნა და პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა მონაცემები ევროსტატზე დაყრდნობით:
ევროკავშირის 27 ქვეყანაში 2008-23 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 16.3% შეადგინა, - და რეალური ზრდა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ინფლაციის ფაქტორს ითვალისწინებსო.
ლესკადრონი და ბაჩიაშვილი შეთქმულების თეორიის კონტექტის მიღმა
როგორც კი ადამიანი შეთქმულების თეორიას იჯერებს, ყველა გარემოება, ყველა ფაქტი ამ სცენარის ნაწილი ხდება. სწორედ ეს ჩანს პირადი ბანკირის მოტივებისა და სიკვდილის ივანიშვილისეულ აღქმაში.
ამ დროს, ბიძინა ივანიშვილის გარდა, პატრის ლესკადრონი სხვა კლიენტების, - მათ შორის, „როსკრედიტში“ ივანიშვილის ყოფილი პარტნიორის, ვიტალი მალკინის თანხებსაც თაღლითურად განკარგავდა, - რაც აღიარა კიდეც.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ლესკადრონი ერთადერთი იყო „კრედიტ სუისში“, რომელმაც რუსული ენა იცოდა და ამიტომაც ემსახურებოდა რუსულენოვან კლიენტებს, მათ შორის ივანიშვილს.
პატრიკ ლესკადრონის „თვითმკვლელობის ინსცენირებაზე“ კონსპირაცია ახალია და არც ის ეფუძნება რეალობას. არ არსებობს წყარო, რომელიც 2020 წლის ივლისში მის თვითმკვლელობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
2008 წელს, - როდესაც ივანიშვილი ლესკადრონის ქმედებებს „ომის პარტიას“ უკავშირებს, - [სასამართლო განხილვები აჩვენებს, რომ ლესკადრონი აღიარებდა ფინანსურ მაქინაციებს 2009 წლიდან] ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად აქტიური არ ყოფილა.
ადვოკატი რობერტ ამსტერდამი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის [ივანიშვილი მას კრიპტოვალუტების საქმეში თაღლითობას ედავება] ინტერესებს იცავს, 2024 წლის მაისში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჰყვება:
- მას შემდეგ, რაც ზაზა შათირიშვილმა „გლობალური ომის პარტიაზე“ წერილების გამოქვეყნება დაიწყო, ბაჩიაშვილმა პირადი კონტაქტისას რამდენჯერმე სცადა, გადაერწმუნებინა - ლესკადრონის მაქინაციები თქვენს [ივანიშვილის - რ.თ] პოლიტიკაში მოსვლას დიდი ხნით უსწრებდა წინო;
- „ბაჩიაშვილი ამბობდა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა იმისა, რომ „კრედიტ სუისის“ დავაში შეერთებული შტატები რაიმე კავშირში იყო. და საქმე ნელ-ნელა, მაგრამ წინ მიიწევდა. თუმცა ეს რჩევები კარგად არ მიუღია, ოლიგარქის შიდა წრემ კი ბაჩიაშვილი ერთგულებისგან დაცლილ კაცად წარმოაჩინა, - დასავლეთის სავარაუდო აგენტად“.
რადიო თავისუფლებამ გიორგი ბაჩიაშვილს ჰკითხა, როდის შეამჩნია პირველად, რომ ბიძინა ივანიშვილი შეთქმულების თეორიებით ოპერირებდა, და ვის გულისხმობდა მისი ადვოკატი „ოლიგარქების შიდა წრეში“.
„დეტალებში ამ ეტაპზე ვერ გავშლი“, - მოგვწერა მან.
„რედიტიდან გამოტანილი“
რაც უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიაზე დაყრდნობით ოპერირებს, დასავლელი პარტნიორების რიტორიკაში გაოცებისა და შეშფოთების კომენტარებიც იმატებს.
„ის ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა“, - თქვა ჯიმ ო’ბრაიენმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, როდესაც 14 მაისს, თბილისში სტუმრობისას საუბრობდა ივანიშვილის მტკიცებაზე, რომ უკვე აქვს სანქციები დაწესებული.
მანვე „გლობალური ომის პარტიაზე“ შეთქმულების თეორიაზე თქვა: „თითქოს Reddit-ის გვერდი გაცოცხლდაო“. Reddit-ი პოპულარული სოციალური ქსელია, - უამრავი საინტერესო კონტენტით, - სადაც შეთქმულების თეორიებს ცალკე ფორუმი ეძღვნება და ბევრი მოყვარული კონსპიროლოგია თავმოყრილი.
რადიო თავისუფლებამ ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს 16 მაისს, თბილისში ყოფნისას ჰკითხა, რას ფიქრობენ ნარატივზე „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ, რომელიც თითქოს საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს.
- „ომის ერთადერთი პარტია მოსკოვშია. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს 2008 წელს. ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა უკრაინას 2014 წელს და ამჟამად აწარმოებს ომს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ“, - განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
- „ეს არის კრემლის ნარატივი… ამაზე დავაც კი არ გვინდა, რადგან ეს ყალბი ნარატივია. ეს ტყუილია. მცდარია“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰნკამ.
- ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტორდის გილფადოტრმა კი განაცხადა: „არა მგონია, რომ რაიმე სარგებელი ჰქონდეს, ამაზე რომ რამე ვრცლად ვთქვა. მართლა არ შემიძლია კომენტარის გაკეთება. და, ვგონებ, ეს თავისთავად პასუხია“.
უკრაინაში ომის დაწყების შემდგომი ნაბიჯებით, - მათ შორის „აგენტების კანონის“ მიღებით - „ქართული ოცნება“, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საფრთხეს უქმნიან საქართველოს ეროვნულ ინტერესს, ისარგებლოს მოულოდნელად გაჩენილი, ისტორიული შესაძლებლობის ფანჯრით და ევროკავშირის წევრი გახდეს. აშშ და ევროკავშირი, - ბრიუსელი, სტრასბურგი და წევრი ქვეყნები, - ცხადად განმარტავენ, რომ „აგენტების კანონი“ აშორებს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის გზიდან.
ფორუმი