Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ოცნებას“ არ სურს, იყოს ვაშინგტონის MEGOBARI


„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ პარტიული პოლიტიკის ტყვეა“
„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ პარტიული პოლიტიკის ტყვეა“

შეერთებული შტატების კონგრესში ინიციირებული აქტი - MEGOBARI - „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღების შემთხვევაში სანქციებით ემუქრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დემოკრატიის გზაზე დაბრუნების შემთხვევაში კი სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პაკეტს ჰპირდება.

პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კანონპროექტით, საქართველო აშშ-სგან მიიღებს სამხედრო დახმარებას, გამარტივებულ ვაჭრობასა და გამარტივებულ სავიზო რეჟიმს. საჭიროა „აგენტების კანონის“ გაწვევა და დემოკრატიის გზაზე დაბრუნება.

„ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს“.

MEGOBARI აქტი

20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში - „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) - გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი - MEGOBARI აქტი.

კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)

კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში.

მსგავსი შინაარსის აქტის შეტანას ელიან კონგრესის ზედა პალატაში, სენატშიც.

ჯო ვილსონის კანონპროექტი ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა კონგრესმენი ადასტურებს, რომ შინაარსი ისეთია, როგორზეც მედია წერს.

კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ - მოიცავს სამხედრო დახმარებას, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც.

„თაფლაკვერი“

თუკი საქართველოს ხელისუფლება გაიწვევს „აგენტების კანონპროექტს“ და სხვა პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანონპროექტი ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს:

  • მოამზადონ სამხედრო დახმარების პაკეტი საქართველოსათვის;
  • დაიწყონ მოლაპარაკებები გამარტივებულ სავაჭრო რეჟიმზე;
  • მოხდეს საქართველოს მოქალაქეებისათვის აშშ-სთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.

ეს იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო საკვანძო პოლიტიკურ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

მთავარი დათქმაა „აგენტების კანონის“ გაწვევა და „დემოკრატიის აღორძინებისკენ მნიშვნელოვანი და საგრძნობი პროგრესის ჩვენება, რაც გამოხატული იქნება, სულ მცირე, არსებითად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და დაბალანსებულ წინასაარჩევნო გარემოში“.

სამხედრო დახმარება ითვალისწინებს „უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდებას, - ისეთისა, რაც იდეალურად შეესაბამება ტერიტორიული თავდაცვისათვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას, - და ასევე, ელემენტებს, რაც საჭიროა ტექნიკური მომსახურებისთვის, წვრთნებისთვისა და ოპერაციების მხარდაჭერისათვის“.

გამარტივებული სავაჭრო რეჟიმის შესახებ ჯერ დეტალები დაუზუსტებელია, - კანონპროექტი არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ძირითადი ნაწილებია ცნობილი. სავარაუდოდ, იგი შეეხება ქართული პროდუქციის აშშ-ში გამარტივებული წესებით ექსპორტირების წახალისებას.

საქართველოს საექსპორტო ქვეყნებს შორის აშშ მე-11 ადგილს იკავებს - 2023 წელს საქართველოდან შტატებში 96 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანეს. ეს შარშანდელი ექსპორტის 1.5%-ია.

ამ სფეროში საქართველოს მთავრობა წლებია, აშშ-ის დაინტერესებას ცდილობს. 2024 წლის იანვარში განახლებული კონტრაქტის თანახმად, საქართველოს საელჩოს დაქირავებული ჰყავს კომპანია Chartwell Strategy Group-ი და თვეში 40 000 დოლარს უხდის აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების და ვაჭრობის გაფართოებისა და ინვესტიციების მოზიდვის, ასევე საზოგადოოებრივი აზრის შემქმნელებთან ურთიერთობაში დახმარებისათვის.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - გამოცემა Hill-ის ცნობით, აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოს უფრო მეტმა მოქალაქემ შეძლოს შეერთებულ შტატებში მოგზაურობა და სწავლა.

„ჯოხი“

იმ შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ გააგრძელებს აღებულ კურსს, - „აგენტების კანონსაც“ ბოლომდე მიიყვანს და არც საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს ღია და არსებითად სამართლიან გარემოში, - კონგრესმენი ვილსონის კანონპროექტი:

  • ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა იდენტიფიცირებას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაზე;
  • იდენტიფიცირების კვალდაკვალ, მათთვის მოთხოვნილია სანქციების დაწესება.

ზოგადად, ინდივიდუალური სანქციები ორი სახის შეიძლება იყოს:

  • სახელმწიფო დეპარტამენტის დაწესებული სავიზო შეზღუდვები - როდესაც პირს აშშ-ში შესვლას უკრძალავენ, როგორც შარშან მოსამართლეების შემთხვევაში; აშშ-ში მოგზაურობა აეკრძალებათ სანქცირებულების ოჯახის წევრებსაც;
  • სახაზინო დეპარტამენტის ინდივიდუალური სანქციები - ქონების გაყინვა, აქტივებზე წვდომის შეზღუდვა.

გარდა „აგენტების კანონის“ „გამტანებისა“, კანონპროექტის თანახმად, ინდივიდუალური სანქციები შეეხება სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლებს, რომლებიც მონაწილეობენ „რუსული ყაიდის კანონის“ მოწინააღმდეგე მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში.

სანქციები, რუსეთი და ჩინეთი

კანონპროექტი ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს ავალდებულებს, კონგრესს მიაწოდოს ინფორმაცია „ელიტური კორუფციის, არაჯანსაღი პოლიტიკური გავლენისა და კლეპტოკრატიის“ საცეცებზე, - „კერძოდ, რუსეთის მხარდაჭერის მიზნით“.

კანონპროექტი ითვალისწინებს ინფორმაციის მოკვლევასა და იმ პირთა გამოკვეთასაც, ვინც რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლაში არიან ჩართულები.

კანონპროექტის კიდევ ერთი ჩანაწერით კონგრესი ავალდებულებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოიძიოს ინფორმაცია საქართველოში „რუსეთის უშიშროების სამსახურების აქტივების“, ჩინეთის შესაძლო გავლენის დიაპაზონისა და სინო-რუსული მავნე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

„გაყინული პარტნიორობა“

„საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ამ ეტაპზე "ქართული ოცნების" პარტიული პოლიტიკის ტყვეა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი.

2024 წლის აპრილ-მაისის პერიოდში საქართველოს მთავრობამ უარი თქვა აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან „სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად“ შტატებში ვიზიტზე.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, - ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, - პლენარული სხდომა 2019 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

„ქართული ოცნება“ თვლის, რომ დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობების გათვალისწინება საფრთხეს უქმნის მის მთავარ მიზანს - ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ მთავარი პარტიული ინტერესის მიღწევის გზაზე „ქართული ოცნება“ მზად არის, ქვეყნის ეროვნული ინტერესი - ამერიკასთან პოლიტიკური, თავდაცვის, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერება - დათმოს“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე.

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს“

„ქართულმა ოცნებამ“, ნახევარდღიანი დუმილის შემდეგ, 21 მაისს, 13:00 საათზე გამოაქვეყნა საპასუხო პოზიცია.

მმართველმა გუნდმა კანონპროექტს უწოდა „სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები“ და „შეურაცხმყოფელი შანტაჟი“ და განაცხადა, რომ შტატების მხრიდან „ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო“.

პარტიამ კვლავ დაადანაშაულა აშშ „ენჯეოების რევოლუციის ორი მცდელობის“ მხარდაჭერაში და დაწერა, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული“.

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს“, - აცხადებს „ქართული ოცნება“ და ამტკიცებს, რომ „ენჯეოების გამჭვირვალობის კანონს“ იმის გამო იღებს, რომ „ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ხედავს“.

„ოცნების“ მტკიცებითვე, კანონი მათთვის „არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება“.

პარტიის თანახმად, „ღირსეული დამოკიდებულება“ ასე წარმოუდგენიათ:

  • აშშ „ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა“;
  • „ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში“;
  • „უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას“.

„თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო“, - აცხადებს პარტია.

„გაიხსნას მოლაპარაკებები“

გარდა იმ საკითხებისა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს ეხება, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მმართველობის საკითხებსაც შეერთებულ შტატებს მიაწერს:

კერძოდ, ამბობს, რომ „ღირსეული დამოკიდებულების“ პირობებში „შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით“.

მამუკა მდინარაძემ, „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფეისბუკზე დაწერა, რომ „ამ სატესტო ინიციატივის მიზანია ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელახლა გაღვივება - ის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის“.

მდინარაძის კომენტარი და „ოცნების“ ჩანაწერი, რომელიც ევროკავშირის გადაწყვეტილებას აშშ-ს მიაწერს, აირეკლავს „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს აკონტროლებს.

„გლობალური ომის პარტია“

„შეერთებული შტატების და, ზოგადად, დასავლეთის მტრად წარმოჩენა ხელისუფლების საარჩევნო სტრატეგიის საკვანძო ნაწილია. ხელისუფლება თვლის, რომ შიდა მტრის ხატთან ერთად („კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მოიცავს ყველა ინდივიდს, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს), ასევე საჭიროა გარე მტრის ხატის შექმნაც“, - ამბობს ირაკლი სირბილაძე.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან ხელისუფლების ანტაგონისტურ დამოკიდებულებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი
ირაკლი სირბილაძე, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი
  1. „ხელისუფლება თვლის, რომ ის შიდა დონეზე საკმარისად ძლიერია და კვლავ შეუძლია ნებისმიერი შიდა წინააღმდეგობის განეიტრალება;
  2. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გლობალურ დონეზე აშშ სუსტდება, საქართველო კი მათი პრიორიტეტების ნუსხაში პერიფერიულ ადგილს იკავებს. შესაბამისად, ხელისუფლება არ ელის ამერიკის შეერთებული შტატებისგან მკაცრ რეაგირებას და თვლის, რომ გეოპოლიტიკა-გეოეკონომიკისა და დემოკრატიის შეპირისპირებაში ამერიკის შეერთებული შტატები გეოპოლიტიკურ პრაგმატიზმს აირჩევს.
  3. ხელისუფლება მზად არის აშშ-სთან ურთიერთობების გაუარესების სცენარისთვისაც და ინდივიდუალური სანქციების დაწესებას არ მიიჩნევს როგორც ფუნდამენტურ წინაღობას, რომელიც შიდაპოლიტიკურ დონეზე მათ დააზიანებს.
  4. პარალელურად, ხელისუფლება ინტენსიურად ამყარებს კავშირებს ავტორიტარულ სახელმწიფოებთან - პირველ რიგში ჩინეთთთან - და აქვს მოლოდინი, მათგან მიიღოს გარე ლეგიტიმაცია, თუკი დასავლეთი ლეგიტიმურად არ აღიარებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს“.

„ქართული ოცნება“ კუთხეში

წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონია.

ვილსონი 2001 წლიდან არის სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელი. იგი ცნობილია კონსერვატიული შეხედულებებითა და სამხედრო საკითხებისადმი ინტერესით.

კონგრესმენი ჯო ვილსონი (რესპუბლიკური პარტია)
კონგრესმენი ჯო ვილსონი (რესპუბლიკური პარტია)

გამოცემა Hill-ის ცნობით, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სავარაუდოდ, მარტივად გავა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლმა, 24 კონგრესმენთან ერთად გაუგზავნა წერილი პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, დაგმო „აგენტების კანონი“ და გააფრთხილა, რომ კანონის მიღება აშშ-ს აიძულებს, „ფუნდამენტურად გადააფასოს ჩვენი [ამერიკა-საქართველოს - რ.თ.] ურთიერთობების ბუნება“.

კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებს „ჰელსინკის კომისიაც“, - აშშ-ის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, - რომელმაც პლატფორმა X-ზე გააზიარა MEGOBARI აქტზე ინფორმაცია და დაწერა: „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“.

ბობ ჰამილტონი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის ატაშე თბილისში, ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან კანონპროექტი მარტივად გადავა წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობამდე.

გამოცემა Hill-ის ცნობითვე, წარმომადგენელთა პალატის პარალელურად, კონგრესის ზედა პალატა, სენატიც გეგმავს მსგავსი აქტის მიღებას.

„სენატშიც ვერ ვხედავ [მსგავსი აქტისადმი] წინააღმდეგობას და ვვარაუდობ, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს ასეთ პროექტს. ეს ნამდვილად მიაყენებს „ქართულ ოცნებას“ კუთხეში“, - წერს ბობ ჰამილტონი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG