აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 16 მარტს შვეიცარიაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯავად ზარიფს ხვდება, გადამწყვეტი მოლაპარაკების ფარგლებში. დადგენილ ვადებში, მარტის ბოლოს, მხარეებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას, რაც, ირანის სადავოდქცეული ბირთვული პროგრამის შემცირების სანაცვლოდ, თეირანის წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებს.
კერისა და ზარიფის ლოზანის შეხვედრას წინ უსწრებდა ამერიკელი და ირანელი დიპლომატებისა და ტექნიკური ექსპერტების 15 მარტის შეხვედრა, რომელზეც მიმდინარეობდა მსჯელობა იმაზე, თუ ურანის გამამდიდრებელი რამდენი და რა ტიპის ცენტრიფუგა უნდა ჰქონდეს ირანს და რა რაოდენობის პლუტონიუმი შეუძლია აწარმოოს თეირანმა მძიმე წყალზე მომუშავე ბირთვული რეაქტორების საშუალებით.
თუმცა, როგორც 15 მარტს ეგვიპტეში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, შეთანხმებას აბრკოლებს არა ტექნიკური, არამედ „პოლიტიკური“ პრობლემები, თუმცა კერის არ დაუკონკრეტებია, რა სახის პოლიტიკური პრობლემები ჰქონდა მხედველობაში.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, პოლიტიკურ პრობლემებში იგულისხმება როგორც ირანის ბირთვული პროგრამის საერთაშორისო მონიტორინგის მოცულობა, ისე საერთაშორისო საზოგადოების უნარი სწრაფად მოაგვაროს ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შერბილების საკითხი.
ლოზანის შეხვედრის პარალელურად, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობდნენ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა.
„საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ პირველ ორმხრივ შეხვედრას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფთან გავმართავ, შემდეგ კი, ირანელ კოლეგასთან ერთად, ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში, სამი ევროპული ქვეყნის - გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის - საგარეო საქმეთა მინისტრებს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს, ლორან ფაბიუსსა და ფილიპ ჰამონდს შევხვდები. ვინაიდან ჩვენ შევდივართ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც მომლაპარაკებლების საერთო პოზიციების შესაჯერებლად და კარგი შეთანხმების პროექტის მისაღწევად ორი კვირა რჩება, გადვწყვიტეთ დღეს ბრიუსელში ამ მოლაპარაკების ერთი მხარის - ევროპის ქვეყნების - წარმომადგენლები შევიკრიბოთ“, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარტინ ლიდეგაარდმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში ირანთან პოზიტიურ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირი არ აპირებს კომპრომისებზე წავიდეს „ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებში“:
„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენ მხოლოდ მოვიგებდით ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში ირანის უფრო პროაქტიური და პოზიტიური ჩართვით, რადგან ეს კონფლიქტები მასაც ეხება. ბევრ ამ ქვეყანაში ირანი პრობლემის ნაწილია, ახლა საჭიროა, ის პრობლემის მოგვარების ნაწილად იქცეს. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ კომპრომისზე წავალთ ბირთვული იარაღის შესახებ მოლაპარაკებებში. ამ შემთხვევაში სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ და უზრუნველვყოთ, რომ ვაკონტროლოთ ირანის ბირთვული პროგრამა და რომ ეს იყოს მშვიდობიანი პროგრამა და არავითარ შემთხვევაში ამის საპირისპირო“.
დასავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ ირანის მიმართ დაწესებული სანქციების შერბილება საერთაშორისო შეთანხმების დადგენილ ვადებში მიღწევაზეა დამოკიდებული.
„ვაშინგტონს სურს კარგი ხელშეკრულების მიღწევა“, - კვლავ გაიმეორა ჯონ კერიმ, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ არსებობს „მნიშვნელოვანი უთანხმოება“, რომლის გადაჭრაც მთლიანად ირანზეა დამოკიდებული.
ირანის საერთაშორისო შეთანხმების მიღწევის ბოლო ვადა 30 ივნისია.
აშშ მზადაა ერთგვარი კომპრომისისთვისაც. ვაშინგტონი მხარს უჭერს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების უფრო სწრაფად გაუქმებას, თუმცა გადაჭრით იმეორებს, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც ირანზე რამდენიმე ხანს უნდა გაგრძელდეს გაეროს მიერ დაწესებული სანქციების მოქმედება.
ირანი კი მოითხოვს, რომ ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ ყველა სანქცია ერთდროულად გაუქმდეს.