კონგრესმენი უილსონი „სამარცხვინოს" უწოდებს საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ვაშინგტონის რეაქციას

კონგრესმენი ჯო უილსონი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონმა დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისადმი პოზიციის გამო.

კონგრესმენი უილსონი თანაავტორია ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე აშშ-ის კონგრესში ინიციირებული აქტის MEGOBARI, რომელიც ე.წ. აგენტების კანონის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირებასაც ითვალისწინებს.

„სამარცხვინოა, რომ ბაიდენი-ჰარისის ადმინისტრაცია აკანონებს „ქართული ოცნების" მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების ავტორიტარულად ხელში ჩაგდებას”, - დაწერა დღეს, 29 ოქტომბერს, უილსონმა სოციალურ ქსელ X-ში.

რესპუბლიკელი კონგრესმენის რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტს, რომ ქართველმა ხალხმა დემოკრატია მიიღო და ახლა ქვეყნის პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონები, რომლებიც ძირითად თავისუფლებებს ხელყოფენ, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო წაიყვანონ ევროატლანტიკური მომავლისკენ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ თავისუფლად და სამართლიანად.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დარღვევის სრული გამოძიების თაობაზე.

ასევე ნახეთ ბლინკენი: საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნების შედეგები არ გამოუცხადებიათ სამართლიანად
ასევე ნახეთ „მჯერა, ქართველები დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მისცემენ ხმას“ - კონგრესმენი ჯო უილსონი

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ასევე ნახეთ „ჩემი ხმა“: მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა ორგანიზებული გაყალბების სქემა

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.

ასევე ნახეთ "არ გამოვრიცხავთ დამატებით შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების კურსი არ შეიცვლება" - სახელმწიფო დეპარტამენტი
ასევე ნახეთ სენატორი კარდინი: საქართველოში დემოკრატიულ პროცესს დიდი ჩრდილი მიადგა