Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი კარდინი: საქართველოში დემოკრატიულ პროცესს დიდი ჩრდილი მიადგა


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი ბენ კარდინი ყურადღებით განაგრძობს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე დაკვირვებას და პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განისაზღვროს შესაბამისი პასუხი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე.

ამის შესახებ სენატორი კარდინი წერს განცხადებაში, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნა.

ბენ კარდინის თანახმად, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შემაშფოთებელი ანგარიშები იმედგაცრუებას იწვევს, რადგან აჩვენებს, რომ კენჭისყრის დღე დააზიანა ძალადობამ, დაშინებამ, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებამ და პროცედურების არათანმიმდევრულმა გამოყენებამ.

სენატორი კარდინი ხაზს უსვამს, რომ ამას წინ უძღოდა წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც დააზიანა გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლების დამანგრეველი ე.წ. გამჭვირვალობის და უცხოური გავლენის კანონის მიღებამ.

ბენ კარდინი ხაზს უსვამს მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასაც და მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებებმა საქართველოში დემოკრატიულ პროცესს დიდი ჩრდილი მიაყენა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან იყო არაერთი გაფრთხილება, რომ დემოკრატიიდან უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში ღრმა ინტეგრაციისკენ.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

  • „ქართული ოცნება“ - 53,931%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,81%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

26 ოქტომბრის არჩევნებს მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის სახელმწიფოებისგან. შვედეთმა უკვე მიიღო საქართველოსთან ოფიციალური თანამშრომლობის შეჩერების გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნება" არჩევნების გაყალბებას უარყოფს და ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს ცილისწამების და დეზინფორმაციის მიზანმიმართულ კამპანიაში. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ არჩევნები შედგა, რაც ეუთო/ოდირის მისიამაც დაადასტურა.

„გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს. შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში ვეთანხმებით", - განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG