Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩემი ხმა“: მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა ორგანიზებული გაყალბების სქემა


სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“
სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების „მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია“, რაც დასტურდება ფოტო, ვიდეო და აუდიომასალებით. კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების დღეს "ჩემი ხმის" დამკვირვებლებმა 1131 უბნიდან მათ საარჩევნო პროცედურების დარღვევის 900-ზე მეტ შემთხვევაზე აცნობეს.

„196 უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს“, - თქვა თოლორაიამ.

მანვე აღწერა, „გაყალბების სქემა, რისთვისაც მზადება არჩევნებამდე დაიწყო“:

  • ცესკომ შეცვალა არჩევნების დღეს როლების განაწილების წესი და ნაცვლად არჩევნების დღისა, მოვალეობები ერთი კვირით ადრე გაანაწილა. „აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყო“;
  • ვრცელდებოდა ცნობები, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლის პირადობებს ქირაობდა, საგამოძიებო ორგანოები კი უმოქმედოდ იყვნენ;
  • დამკვირვებლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ვერიფიკაციის პროცესს დაჰკვირვებოდნენ, რადგან დამკვირვებლების მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე. „იქ, სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, დამდგარიყვნენ ვერიფიკაციის აპარატების უკან, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები გამოაძევეს უბნებიდან“.

„ჩემი ხმის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა კენჭისყრის დღესაც. მისი თქმით:

  • საარჩევნო უბნებზე მისული ადამიანების ნაწილს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც სხვისი მონაცემები ეწერა. ამომრჩევლის ნაწილი კი ტელეფონში არსებული პირადობის მოწმობის ფოტოასლით ახერხებდა ხმის მიცემას „მოკავშირე რეგისტრატორების“ დახმარებით;
  • რამდენიმეჯერ ხმის მისაცემად სქემაში ჩართული ადამიანები ცდილობდნენ, მარკირებისთვის აერიდებინათ თავი. „დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია - მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე. რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფარნები გამოსული იყო მწყობრიდან - საჭიროებდა ელემენტების გამოცვლას და ა.შ.“

„უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი“, - თქვა თოლორაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის (სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300 ათასზე მეტია) შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში:

„სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები შეიცავს საარჩევნო გაყალბების დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით“.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

  • არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა".
  • კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერების განცხადებით, ისინი არ აპირებენ არჩევნების გამოცხადებულ შედეგებთან შეგუებას.
  • "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
  • პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG