Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მჯერა, ქართველები დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მისცემენ ხმას“ - კონგრესმენი ჯო უილსონი


კონგრესმენი ჯო უილსონი
კონგრესმენი ჯო უილსონი

„ქართველი ხალხის და ქართველი ერის ღალატი არ უნდა ჯილდოვდებოდეს, უნდა ისჯებოდეს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. ვაჟა თავბერიძე კონგრესმენ უილსონს საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: რა წყდება ამ არჩევნებზე - სად მიუჩენს ის ადგილს საქართველოს, ასე ვთქვათ, მსოფლიო არენაზე?

კონგრესმენი ჯო უილსონი: ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია იმის საჩვენებლად, რომ ჭეშმარიტად, ქართველ ხალხს სურს სრულად ასოცირება ევროკავშირთან, თავიანთ მეგობრებთან ნატოში. მე მქონდა შესაძლებლობა, მენახა ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ნატოელ კოლეგებთან ერთად მუშაობდნენ, და ვხედავდი, თუ რამდენად სასარგებლოა ეს საქართველოსთვისაც და მთლიანად უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა [პარტნიორების] გაძლიერებით. ვხედავთ, რომ ჩვენი სისუსტის [ჩვენების] შედეგია, რომ ომის დამნაშავე პუტინი უკრაინაში შეიჭრა და მასობრივ მკვლელობებს სჩადის, რომ საქართველოს ტერიტორიებიც ოკუპირებულია, ასევე გრძელდება დნესტრისპირეთის ოკუპაცია მოლდოვაში. სამწუხაროდ, ნათელია, რომ პუტინი ცდილობს საბჭოთა კავშირის ჩავარდნილი მოდელის გაცოცხლებას, მოდელისა, რომელმაც არ იმუშავა, ჩავარდა. ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც სხვა მრავალი ქვეყნის განვითარებას აფერხებდა, ქვეყნებისა, რომლებიც დღეს დამოუკიდებლად არსებობენ.

უკანასკნელი, რაც თავში მოგვივიდოდა, არის ის, რომ საქართველოსთვის ჩაგვეგონებინა, რუსეთის ფედერაციასთან ომი გააჩაღეო.

რადიო თავისუფლება: მმართველ პარტიაზე მინდა გკითხოთ - როგორ აღიქვამენ მას შეერთებულ შტატებში? განსაკუთრებით მაინტერესებს, რას ფიქრობთ იმ ნარატივებზე, რომლებსაც ისინი ავრცელებენ - გლობალური ომის პარტიაზე, რომელსაც თან ახლავს მოძმე ნარატივი, რომ 2008 წელს, დასავლეთმა საქართველოს რუსეთთან ომისკენ უბიძგა და შემდეგ კი მიატოვა. როგორ ხვდებიან „ქართული ოცნების“ ამ ნარატივებს შეერთებულ შტატებში?

კონგრესმენი უილსონი: ისინი აღიქმება, როგორც ერთობ ახირებული. უკანასკნელი, რაც თავში მოგვივიდოდა, არის ის, რომ საქართველოსთვის ჩაგვეგონებინა, რუსეთის ფედერაციასთან ომი გააჩაღეო. შეამჩნევდით, რომ რუსეთსა და საქართველოს ზომებს შორის საგრძნობი განსხვავებაა. ამიტომაც, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი გადმოსახედიდან… წარმოუდგენელია [რასაც ამტკიცებენ]. უცხადესია, რომ ქართველი ხალხი დაცული უნდა იყოს ომის დამნაშავე პუტინის სუბვერსიული ქმედებებისგან (ქმედებები, არსებული სოციალური, პოლიტიკური ან კულტურული წესრიგის შესარყევად ან დასანგრევად), რომლებსაც იგი, სამწუხაროდ, საქართველოშიც ახორციელებს. და კიდევ და კიდევ - ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს, რასაც ისინი თვლიან, რომ [საჭიროა] მათი კეთილდღეობისთვის… ყველა ის ქვეყანა, რომლებიც ზემოთ ვახსენე, კარგად ვითარდება, დადებითი მიმართულებით. და საქართველოც მათ რიცხვში უნდა იყოს, იმ დინამიკური ქვეყნებისა, რომლებიც ოკუპაციის 50 წლის შემდეგ კვლავ გაცოცხლდნენ.

ხალხმა უკვე გაუსინჯა გემო თავისუფლებას. ისინი ხედავენ თავისუფლებისა და დემოკრატიის სიკეთეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა. თაობა, რომელსაც ნათელი მომავალი სურს.  

რადიო თავისუფლება: როდესაც პრეზიდენტ პუტინის სუბვერსიულ ქმედებებზე საუბრობთ - „ქართული ოცნებაც“ მონაწილეობს კრემლის ამ ქმედებებში? რა როლს თამაშობს? დიდი სისტემის ერთი რგოლია?

კონგრესმენი უილსონი: სამწუხაროდ, ასეთი შთაბეჭდილება იქმნება. პუტინი მხოლოდ საქართველოში არ აკეთებს ამას. ვიცით, რომ აგერ, მოლდოვაში იყო ჩარევის მცდელობები. მაგრამ არ გამოუვიდათ. ესაა მაგალითი, როდესაც მათ ჩარევა სცადეს, მაგრამ მარცხი განიცადეს. ამიტომაც მჯერა, რომ ქართველი ხალხი საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მისცემს ხმას, იმის ფონზე, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის მობრუნება სურს, საბჭოთა კავშირისა და ვარშავის პაქტის ყოფილი წევრი ქვეყნების ჩაგვრისა და რეპრესიების ისევ რეალობად ქცევა. ეს არ გამოუვა, რადგან ხალხმა უკვე გაუსინჯა გემო თავისუფლებას. ისინი ხედავენ თავისუფლებისა და დემოკრატიის სიკეთეებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა. თაობა, რომელსაც ნათელი მომავალი სურს.

რადიო თავისუფლება: ბევრი შიშობს, რომ არჩევნები სამართლიანად არ ჩაივლის, რომ შედეგები შეიძლება გაყალბდეს. თუ ეს მართლაც მოხდება, რა რეაქცია ექნება ამაზე დასავლეთს და განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს?

კონგრესმენი უილსონი: ვფიქრობ, სჯობს დაველოდოთ არჩევნებს და შევხედოთ, როგორ ჩატარდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლები. ჯერ მათ ანგარიშს და ანალიზს გავეცნობით. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სიები ზუსტად იყოს შედგენილი, და ხმის მიმცემების სწორი იდენტიფიცირება მოხდეს.

რადიო თავისუფლება: და მაინც - მოდით, წარმოვიდგინოთ სცენარი, რომელშიც „ქართული ოცნება“ გამარჯვებას აცხადებს და იმავე გზას აგრძელებს. რა სახის რეაქციას უნდა ველოდოთ დასავლეთისა და შეერთებული შტატებისგან?

კონგრესმენი უილსონი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკელმა ხალხმა მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის თავისუფლებასა და მისწრაფებებს. არა ჩარევით, არამედ სწორედ მხარდაჭერით.

რადიო თავისუფლება: უნდა ველოდოთ თუ არა მეტ ინდივიდუალურ სანქციებს? თუ კი, ვის წინააღმდეგ და როგორი სახე ექნება მათ?

კონგრესმენი უილსონი: ეს არის თემა, სადაც უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტი და ჩვენი ოფიციოზი გამოიძიებს, განსაზღვრავენ, ვისი ქმედებებია მიმართული საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ვინ ემხრობა და ხელს უწყობს ომის დამნაშავე პუტინს. ყველა ძალისხმევა იქნება მიმართული მათი იდენტიფიკაციისკენ და სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის - მათ ბიზნესებზე, რადგან ქართველი ხალხის და ქართველი ერის ღალატი არ უნდა ჯილდოვდებოდეს, უნდა ისჯებოდეს.

რადიო თავისუფლება: რამდენად მაღლა ფიგურირებს ამ სიაში ბიძინა ივანიშვილის სახელი?

კონგრესმენი უილსონი: ჩვენ გამოვითხოვთ ავტორიტეტულ, სიღრმისეულ და მიუკერძოებელ ანალიზს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ქმედებებზე, ვინც, მე შემიძლია მხოლოდ ჩემი გადმოსახედიდან ვისაუბრო, მაგრამ, ვინც არ იცავს საქართველოს ხალხის ინტერესებს და ემსახურება პუტინის უგუნურ მისწრაფებებს - საბჭოთა კავშირის აღდგენა იქნება ეს, უკრაინის განადგურება თუ მოლდოვისა და საქართველოს თავისუფლების შეკვეცა.

რადიო თავისუფლება: ბოლოს, თუ შეიძლება, კიდევ ერთი კითხვა. თუ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, ეს მისი პოლიტიკის ლეგიტიმაციას უდრის? დავუშვათ, ხალხი მივიდა და ხმა მისცა, არჩევნები სამართლიანად იქნა აღიარებული და „ოცნებამ“ მოიგო - ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხალხმა უარი თქვა ევროპასა და დასავლეთზე? რას ამბობს ეს საქართველოზე?

კონგრესმენი უილსონი: წარმოუდგენლად მეჩვენება ეს (I just can't fathom that).

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG