გაზრდილი საფრთხე 35 კილომეტრში - რას ნიშნავს რუსული ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში?

რუსეთის სამხედრო ხომალდი ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის დროშების ფონზე - საილუსტრაციო ფოტო.

ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსებით, რუსეთი მძლავრი საცეცხლე შესაძლებლობებით უახლოვდება თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას. დაზვერვის გარდა, კრემლი სხვა მნიშვნელოვან ბერკეტებსაც იგდებს ხელში.

რუსეთის სამხედრო ფლოტის გემებს, უკრაინის წარმატებული შეტევების გამო, ანექსირებული ყირიმიდან იძულებით უწევთ გასვლა და ალტერნატიულ შესაძლებლობებს ახლა უკვე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეძებენ.

მოსკოვსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის 2009 წელს მიღწეული შეთანხმება, პუტინთან ბჟანიას შეხვედრის შემდეგ გაცოცხლდა.

ოკუპირებულ აფხაზეთშიც აცნობიერებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ოჩამჩირე ლეგიტიმური სამიზნე ხდება.

„ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

განგაშის დროა?

პუტინთან შეთანხმებულ და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მიერ 5 ოქტომბერს გახმაურებულ ახალ ამბავს - საექსპერტო წრეებში საგანგაშოდ თვლიან. ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის მუდმივი ბაზის გახსნით „რუსულ კონტინგენტს ოკუპირებულ აფხაზეთში საცეცხლე შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაეზრდება“, ხოლო ოჩამჩირიდან საოკუპაციო ზოლი ერთი ხელის გაწვდენაზეა.

„სამხედრო ხომალდი არ არის მხოლოდ ერთი გემი და ერთი რაკეტა - ეს არის პლატფორმა, რომელზეც არის კონცენტრირებული როგორც საცეცხლე საშუალებები, ასევე სადაზვერვო საშუალებები - რადიოელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებები. ელექტრონული და ტექნიკური დაზვერვის შესაძლებლობები და ასე შემდეგ. როცა ეს ყველაფერი რუსეთს ექნება ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან 35 კილომეტრში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საქართველოს წინააღმდეგ“, - ამბობს სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გადამდგარი გენერალ-მაიორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ვახტანგ კაპანაძე და ხაზს უსვამს, რომ „ხმაური უნდა გვქონდეს უკვე ატეხილი ყველა დონეზე - სამხედროებმა უნდა გადახედონ თავიანთ ოპერატიულ გეგმებს, დიპლომატებმა უნდა დაიწყონ სირბილი მთელ მსოფლიოში, მოკავშირეებთან“.

ასევე ნახეთ ჰერჩინსკი: შემაშფოთებელია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნაზე განცხადება
ასევე ნახეთ სტანო ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზაზე: უკანონოა, რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW), სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ოკუპირებული ოჩამჩირის პორტს შეზღუდული ინფრასტრუქტურა აქვს, ხოლო ქვიშიანი სანაპირო ზოლი „დიდწილად არახელსაყრელია სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის“, თუმცა „რუსეთისთვის შესაძლებელია ინფრასტრუქტურის გაფართოება და ოჩამჩირის პორტის დამატებით ბაზად გამოყენება სამომავლოდ“.

სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ოჩამჩირეში ამჟამად ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის ოთხი კატერი დგას. ექსპერტების შეფასებით, პორტს ამჟამადაც აქვს ერთი მსხვილი სამხედრო ხომალდის მიღების საშუალება, რაც შეიძლება გარდამტეხ ფაქტორად იქცეს.

„დამერწმუნეთ, რომ ერთ მსხვილ, 10-ათასტონიან ხომალდს, ჩავთალოთ - სარაკეტო კრეისერს - იმაზე გაცილებით დიდი საცეცხლე და სადაზვერვო შესაძლებლობა აქვს, ვიდრე აფხაზეთში არსებულ [№7] ბაზას მთლიანად, სადაც ერთი ბრიგადაა განთავსებული. ის ბაზა გუდაუთაშია, ეს იქნება - ოჩამჩირეში, საიდანაც 39 კილომეტრია, მაგალითად - ზუგდიდამდე“, - ვახტანგ კაპანაძე ასევე აღნიშნავს, რომ ოჩამჩირეში ერთზე მეტი გემის შეყვანას რუსეთი ინფრასტრუქტურის გაუფართოებლად ვერ მოახერხებს.

ასევე ნახეთ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ფლოტის განთავსებას აპირებს - ბჟანია
ასევე ნახეთ ბჟანიამ პუტინთან შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა

რა იმედები აქვთ რუსეთში?

„რუსეთი ძლიერდება შავ ზღვაზე“, „რუსეთს შავ ზღვაზე მეტი ზეგავლენა ექნება“ - ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზირების პერსპექტივა რუსეთის მედიამ ფართოდ გააშუქა. რუსი ექსპერტები საკითხს გეოპოლიტიკური მიზნების ჭრილშიც განიხილავენ.

„არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ნატოს კეფასთან სუნთქავს და მზად არის მიიღოს მათი გემები თავის პორტებში, როგორცკი ასეთი საშუალება გაჩნდება, ბოსფორის გახსნით. იქვეა თურქეთიც, რომელიც ასევე ალიანსის წევრია“, - ეუბნება „არგუმენტი ი ფაქტის“ რუსი სამხედრო ექსპერტი, კაპიტანი ვასილი დანდიკინი.

„გავაძლიერებთ დაცვის ხაზს ამ ფლანგზე. შემაკავებელ ფაქტორს განამტკიცებს ფლოტი და რეგიონში არსებული რუსული ძალები“, - დანდიკინი ამბობს, რომ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის ამოქმედება აუცილებლად მოითხოვს დამატებითი საზენიტო სარაკეტო სისტემებისა და საზღვრის დაცვის კომპლექსების განთავსებას. სახელდება - С-400, „Бал“ და „Бастион“.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა შოთა ღვინერიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუკი ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტი განთავსდება, ამერიკის სამხედრო ხომალდებს ბათუმში შემოსვლა გაუჭირდებათ, როგორც ეს მაგალითად 2008 წელს მოხდა.

„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება ნიშნავს, რომ რუსეთი შავ ზღვაზე ჩამოაყალიბებს წვდომის ხელშეშლისა და მანევრის შეზღუდვის ახალ ძლიერ ზონას („Anti-access/Area denial bubble“) (A2/AD), როდესაც შენი მოწინააღმდეგე შენთან პირდაპირი შეხების გარეშე ვერ შემოვა. ამერიკულმა გემმა, რომელიც მოდის ჰუმანიტარული მიზნით, უნდა გამოიაროს რუსეთის დაფარვის სფერო“, - ღვინერია ამბობს, რომ საფრთხე შეექმნებათ ასევე ფოთის პორტში შემოსულ სავაჭრო გემებსაც და „რუსეთს შეეძლება დაბლოკოს და ხელი შეუშალოს სავაჭრო მიმოსვლას“.

ასევე ნახეთ რუსეთის სამხედრო ფლოტი ოჩამჩირეში - „ეს არის სიგნალი, რომ არ აპირებენ ოკუპირებული ტერიტორიების დათმობას"

ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ჯერ კიდევ 2009 წელს მოილაპარაკა. შემდეგ იყო ყირიმის ანექსია, 2014 წელს, და რუსეთის ძირითადმა ინტერესებმა სევასტოპოლისკენ გადაინაცვლა.

ოჩამჩირესთან დაკავშირებულ გეგმებს საერთაშორისო ექსპერტები თვლიან რუსეთის გამოსავლად - გადაარჩინოს საკუთარი ხომალდები, რადგან 2023 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე რუსეთის ფლოტი, ანექსირებულ სევასტოპოლში, უკრაინამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

რუსეთი რომ უსაფრთხო ნავსაყუდელს ეძებს, ამაზე რუსი ექსპერტებიც მიანიშნებენ.

BBC-ის ცნობით, სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ სულ მცირე 17 რუსული ხომალდი გადავიდა სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში. ოჩამჩირის პორტი ნოვოროსიისკიდან 500 კმ-ით არის დაშორებული.

უკრაინის სამიზნე

ვახტანგ კაპანაძე გვეუბნება, რომ ოჩამჩირის ბაზა „ლეგიტიმური სამიზნე გახდება უკრაინისთვის“, რადგან „ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოწინააღმდეგე თუნდაც მეგობარი ქვეყნის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან აწარმოებს საცეცხლე ზემოქმედებას, სამხედროების მოვალეობაა, რომ გაანადგურონ ყველაფერი, რაც მათ აყენებს ზარალს“.

იმისათვის, რომ უკრაინა ოჩამჩირეში რუსეთის ბაზას საკუთარი არაოკუპირებული ტერიტორიიდან მისწვდეს, კაპანაძის განმარტებით, 1000 კმ-ზე მოქმედი იარაღი ესაჭიროება, თუმცა მისთვის „ისიც ფაქტია, რომ უკრაინის დივერსიული ჯგუფები სროლას რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდანაც ახერხებენ“.

ხედავენ თუ არა ასეთ საფრთხეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში?

აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საექსპერტო ფონდ „აამტას“ თავმჯდომარე, გივი კვარჩია „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ „ნებისმიერი სამხედრო ბაზა თუ ბაზირების ადგილი წარმოადგენს როგორც დაცვას, ასევე საფრთხეს“, ხოლო ამ შემთხვევაში „ეს მეტი დაცვაა, ვიდრე საფრთხე“.

კვარჩია ასევე მიუთითებს, რომ ხალხი გარკვეული შიშით ელოდებოდა ბჟანიასა და პუტინის შეხვედრის შედეგებს, რადგან ბჟანია, ხშირად, ხალხის გაუფრთხილებლად უთანხმდება მოსკოვს, როგორც ეს იყო, მაგალითად, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკისა და აპარტამენტების შემთხვევაში და, მისი თქმით, ასეთი საკითხები აფხაზეთში რუსოფობიის რისკებს აჩენს.

გივი კვარჩია რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გაერთიანებას შესაძლებლად თვლის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუკი ბელარუსი აღიარებს აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.

ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, რუსეთის პრეზიდენტს „სამომავლოდ სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე“ ელაპარაკა.ამაზე დღედაღამ უნდა ვიმუშაოთ“, - ამბობს ბჟანია.

რეაქციები თბილისში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 6 ოქტომბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმარისად თვლის განცხადებას, რომელიც 5 ოქტომბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. კობახიძის თქმით, „სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოში "მეორე ფრონტი" არ დაუშვას და ამისთვის ყველა ნაბიჯი იდგმება“.

„გაქვთ გამოცდილება და ნდობაც უნდა გქონდეთ ხელისუფლების, რადგან 11 წლის განმავლობაში უმწვავესი, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება. გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას“, - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ისევ გაიმეორა, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილზე მიუთითებს რადიკალური ოპოზიციის, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსებისა და საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 5 ოქტომბერს აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ბაზის გახსნის გეგმით. ამ გეგმას საგარეო უწყება ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ „მორიგ პროვოკაციულ მცდელობად“ თვლის და მოუწოდებს რუსეთს, „პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“.

ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზის განთავსების გეგმით

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ნაბიჯებს ახლა უკვე ანექსიისკენ დგამს და საქართველოს მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობების მიუხედავად, მისი მადა არასოდეს დაკმაყოფილდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ახლა ჩვენ რომ გვქონდეს გამალებული მუშაობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით და შავ ზღვაზე იყოს ამერიკული ინტერესები... იქნებოდა მნიშვნელოვანი ბალანსი და შეიძლება ვერც გაებედათ რუსებს სამხედრო ბაზირება ოჩამჩირეში“.

დეკანოიძე ამბობს, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის გახსნის გეგმა, „ეს არის კიდევ ერთი მაგალითი "ქართული ოცნების" პოლიტიკის ჩავარდნის, რუსეთთან დალაგებიდან კოლაბორაციონიზმში გადაზრდის“.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი რუსეთის საზღვაო ბაზის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მიერ ოჩამჩირეში გახსნილი საზღვაო ბაზა ინვესტორებსაც დააფრთხობს და ანაკლიის პორტის მიმართ ინტერესი ამ ვითარებაში შესაძლებელია ჰქონდეს მხოლოდ ჩინეთს, რომელიც რუსეთის მოკავშირეა.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა ორი კომპანია - შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული.

ვახტანგ კაპანაძე ანაკლიის პორტს გამართლებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩათვლის, თუკი ამ პორტს საქართველოს მოკავშირე დასავლური ქვეყნების ხომალდების მიღების შესაძლებლობა ექნება. „ოჩამჩირის ბაზის საპირწონე შემაკავებელი ეფექტი მხოლოდ ამას ექნება“, - გვეუბნება გადამდგარი გენერალ-მაიორი.