ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაჩნდება, შესაბამისი ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებულია, განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
„ჩვენს საზეიმო ღონისძიებაზე (30 სექტემბერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ომში გამარჯვების 30 წლისთავი აღნიშნეს. რედ.) ჩვენთან მცირე სარაკეტო ხომალდი შემოვიდა, ვიყავით ბორტზე - ძალიან თანამედროვე გემია, სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში ოჩამჩირის რაიონში იქნება რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივმოქმედი განთავსების პუნქტი“,- თქვა ბჟანიამ.
თბილისთან ურთიერთობის საკითხზე საუბრისას ბჟანიამ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თანამშრომლობა მხოლოდ ენგურჰესის გარშემო არსებობს. ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სადგური კი - არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში. ბჟანიას თქმით, ჟენევის დისკუსიების ფორმატში განხილული სხვა საკითხების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არსებობს.
ბჟანიამ გაიმეორა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში „პრაგმატულები“ არიან.
„როგორც მეჩვენება, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს და არა საქართველოს პრეზიდენტს, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, რაიმე დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს. ჩვენ ამას ვაფიქსირებთ. მაგრამ ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეც“, - აღნიშნავს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი.
ბჟანია ამბობს, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას უთმობს შეიარაღებულ ძალებს და აფხაზეთის ტერიტორიების და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი იქ დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია“.
ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.
2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ანექსირებულ სევასტოპოლშია განთავსებული, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.არეტხელ გახდა თავდასხმის სამიზნე.
სააგენტო Reuters.-ი წერს, რომ როდესაც 2009 წელს ოჩამჩირაში რუსული ბაზის შესახებ საუბარი გაჩნდა, ნატო შეშფოთებული იყო. გამოცემის თანახმად ოჩამჩირაში, სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა საზღვაო ბაზა იყო განთავსებული, რუსული ბაზის ხელახლა გავთავსების შესახებ ცნობები, შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთი ერთი მხრივ სევალტოპოლის ალტერნატივას ეძებს და ასევე ცდილობს გააფართოვის თავის სამხედრო ყოფნას თურქეთის სიახლოევს შავი ზღვის სანაპიროზე.
გაზეთმა Wall Street Journal-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი ანექსირებული ყირიმში მთავარი ბაზიდან გაიყვანა.
ოთხშაბათს ბჟანიასთან შეხვედრაზე პუტინს არაფერი უთქვამს საზღვაო ბაზის შესახებ. თუმცა ბჟანიამ განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა მიიღოს „რუსული მხარის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველო ერთგულია „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.“
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".