რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“ მონაწილეობა სურს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარე საგანმანათლებლო ცენტრ „სირიუსში“. კონკრეტულად რომელ „ინტეგრაციულ პროცესებში", გაურკვეველია კრემლის ოფიციალურ საიტზე გასულ ღამით გამოქვეყნებული სტენოგრამიდან.
პუტინმა ბჟანიას მიულოცა აფხაზეთის „აღიარების, გამარჯვების და დამოუკიდებლობის“ დღეები, რომლებიც სექტემბერში აღნიშნეს. რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, „სიტუაცია კარგად ვითარდება“, შარშან აფხაზეთთან სავაჭრო ბრუნვამ 73% შეადგინა, 200-ზე მეტი ერთობლივი საწარმო მუშაობს და გრძელდება აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა.
კრემლის საიტის მიხედვით, ბჟანიამ პუტინს მადლობა გადაუხადა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობებს „დამატებითი იმპულსი მიეცა“ და „მიმდინარეობს ჰარმონიზაციის პროცესი“, რომელიც „აახლოებს პოზიციებს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური და თავდაცვითი სივრცის შექმნის ფარგლებში“. ბჟანიამ „დიდი ნაბიჯი“ უწოდა ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, „აფხაზეთის მოქალაქეები“ რუსეთის მოქალაქეობას გამარტივებული წესით მიიღებენ.
„ჩვენ გვსურს მონაწილეობა ინტეგრაციულ პროცესებში, რომლებიც რუსული მხარის მიერაა ინიციირებული, რუსეთის მონაწილეობით, რადგან ეს შეესაბამება აფხაზეთის ძირეულ ინტერესებს და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს სოჭში შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსაც.
რუსეთმა აფხაზეთი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოსთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთის გარდა, აფხაზეთის „დამოუკიდებლობა" ცნეს ვენესუელამ, ნიკარაგუამ, ნაურუმ და სირიამ.