ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბრიფინგზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, 4 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შესახებ. მისი სიტყვებით, შეხვედრა „მეგობრულ და სანდრო ატმოსფეროში“ წარიმართა. ბჟანიას თანახმად, პუტინი, როგორც ყოველთვის, "აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებს დიდი ყურადღებით მოეკიდა" და "შეხვედრაზე წამოჭრილ პრაქტიკულად ყველა საკითხზე დახმარება აღუთქვა".
სააგენტო "აფსნიპრესის" ცნობით, რუსეთი გააგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის დახმარებას ენერგეტიკის სფეროში.
„ასევე განვიხილეთ რესპუბლიკის გაზიფიცირებისა და შემდგომში ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად გაზზე მომუშავე სადგურის მშენებლობის საკითხები. ამ იდეას მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტმაც. ჩვენ ვითხოვეთ მხარდაჭერა გუმისთაზე არსებული ხიდის კაპიტალურ რემონტსა და ახალი ხიდის მშენებლობაში. ასევე გაჟღერდა კოდორის ხეობაში სოხუმის სამხედრო გზის კაპიტალური რემონტის აუცილებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან გაგება ვიხილეთ“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რიგი სხვა საკითხებიც განიხილეს.
„ამ კუთხით ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი, რომ რუსეთის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. განსაკუთრებით აღინიშნა მრავალ საკითხზე [პოზიციის] სიახლოვე. ვისაუბრეთ იმ ინტეგრაციის პროცესებზე, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია იწყებს და ამ პროცესებში აფხაზეთის მონაწილეობაზე, სამომავლოდ სამოკავშირეო სახელმწიფოში აფხაზეთის შესაძლო მონაწილეობაზე. ეს ყველაფერი დადებითად იქნა მიღებული, ამაზე დღედაღამ უნდა ვიმუშაოთ“, - აღნიშნა ბჟანიამ.
მისი სიტყვებით, შეხვედრაზე შეეხნენ რუსული ინვესტიციების თემასაც.
„თუ პრეზიდენტ პუტინთან განხილულის განხორციელებას შევძლებთ, ეს ხელშესახებ სარგებელს მოუტანს მომავალ თაობებს, გააძლიერებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს და კომფორტულს საცხოვრებლად და გადაჭრის უამრავ სოციალურ პრობლემას“, - დასძინა ე.წ. პრეზიდენტმა.
ასლან ბჟანია 3 ოქტომბერს შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ხოლო 4 ოქტომბერს - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
დღეს, 6 ოქტომბერს, ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს“ სხდომას უძღვებოდა. განხილული იყო „აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხები“.
პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამოცემა "იზვესტიისთვის" ბჟანიასთან ინტერვიუდან გახდა ცნობილი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.
რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს 6 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში და გეგმას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.