Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის ბაზის განთავსების გეგმით


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმასთან დაკავშირებულ ცნობას. საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებულია ამ გეგმით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს ქმედებებს აფასებს „მორიგ პროვოკაციულ მცდელობად“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმად, საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ შეთანხმებაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა და უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილება.

2008 წლიდან რუსული სამხედრო ბაზა დგას გალში. ქალაქის გარდა, რუსეთის ბაზებია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში ლეკუხონაში, საბერიოსა და ჭუბურხინჯშიც. ამ სოფლებში უსაფრთხოებას ძირითადად რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.

სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ნატო შეშფოთდა, როდესაც 2009 წელს ოჩამჩირეში რუსული ბაზის შესახებ საუბარი დაიწყეს. გამოცემის თანახმად, ოჩამჩირეში (სადაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საბჭოთა საზღვაო ბაზა იყო) რუსული ბაზის ხელახლა განთავსების შესახებ ცნობები შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ რუსეთი, ერთი მხრივ, სევასტოპოლის ალტერნატივას ეძებს და ასევე ცდილობს, გააფართოოს თავისი სამხედრო ყოფნა თურქეთის სიახლოვეს შავი ზღვის სანაპიროზე.

გაზეთმა Wall Street Journal-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდასხმების გამო რუსეთმა თავისი შავი ზღვის ფლოტის უმეტესი ნაწილი ანექსირებულ ყირიმში მთავარი ბაზიდან გაიყვანა.

ოთხშაბათს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან, შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაფერი უთქვამს საზღვაო ბაზაზე. თუმცა ბჟანიამ განაცხადა, რომ მას სურს მონაწილეობა მიიღოს „რუსული მხარის მიერ ინიციირებულ ინტეგრაციულ პროცესებში“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენჯერმე აქვს ნათქვამი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით საქართველო ერთგულია „კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი.“

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".

XS
SM
MD
LG