Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი რუსეთის საზღვაო ბაზის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის ოჩამჩირეში განთავსების გეგმას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროპული გზისთვის. ზურაბიშვილი საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს.

ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს.

მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება", - ვკითხულობთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გადაწყვეტილება არის "ოკუპაციის გაგრძელება" და "უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოხატა და მსგავს ქმედებებს უწოდა„მორიგი პროვოკაციული მცდელობა“, რომელიც მიმართულია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“.

რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივი პუნქტის განთავსების საკითხს 6 ოქტომბერს მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში და გეგმას "უკიდურესად შემაშფოთებელი" უწოდა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა „იზვესტიასთან" ინტერვიუში ილაპარაკა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმის შესახებ.

XS
SM
MD
LG