კაცს დანაღმული პასპორტი აუფეთქდა - რას გეგმავს რუსეთი უკრაინაში წარუმატებლობის გადასაფარად?  

ბილბორდი ხერსონში: "ხერსონი უკრაინაა, უკრაინა ევროპაა". 2022 წლის აპრილი.

ანალიტიკოსები აქტიურად მსჯელობენ რუსეთის ჩანაფიქრზე - გაამწვავოს ვითარება უკრაინაში და წარუმატებლობები მეტი აგრესიით გადაფაროს. არ გამოირიცხება არც დივერსიული აქტები, რომლებსაც, შემდეგ, რუსეთი უკრაინას დააბრალებს.

მაშინ, როდესაც რუსეთი ხერსონის ანექსირებული ოლქის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დგას, ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ კახოვკის ჰესის აფეთქებას, უკრაინელების მასობრივ დეპორტაციას, მათ წინააღმდეგ ცეცხლის გახსნასა თუ "საზარბაზნე ხორცად" გამოყენებას.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო დაზვერვა იტყობინება რუსეთში უკრაინის სახელით დაგეგმილ დივერსიებზე - რუსეთის სპეცსამსახურებმა ხალხის დაშინება უკვე დაიწყეს.

რუსეთის ხერსონიდან გადის?

სამხედრო ექსპერტების გათვლებით, ხერსონის დროებით ოკუპირებული ოლქის დაბრუნება უკრაინისთვის მხოლოდ დროის საკითხია და რუსეთი სამხედრო წინააღმდეგობას ვერ შეძლებს. მაგრამ, ბოლო დღეებში, რუსეთის მხრიდან მოსმენილი უკანდახევის მაუწყებელი საჯარო განცხადებები მეთვალყურეებს შეკითხვებსა და ეჭვებს უჩენს.

უკრაინის ხერსონის ოლქის პრორუსულმა, საოკუპაციო ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ხალხის გაყვანა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე, სადაც მათ დროებით განათავსებენ.
ოლქისგუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმირ სალდომ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს უთხრა, რომ მარცხენა ნაპირზე გადავლენ "სამთავრობო სტრუქტურებიც" და ოლქის საზღვრები 7 დღით დაიკეტება. მიზეზად საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება სახელდება.
18 ოქტომბერს, რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალმა, არმიის გენერალმა, სერგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ვითარება რთულია და რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ხერსონის ოლქთან დაკავშირებით „რთული გადაწყვეტილებების“ მიღება მოუწევს.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ (ISW) ვარაუდით, ხერსონში უკან დახევის გადასაფარად, რუსეთი გეგმავს, დააარტყას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს, რაშიც შემდეგ უკრაინას დაადანაშაულებს.

ეს მასშტაბური ჰესი, გავრცელებული ცნობებით, ელექტროენერგიითა და სასმელი წყლით უკრაინის მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთს ამარაგებს. იმის გარდა, რომ რუსეთი ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კაშხლის ჯებირის დანგრევაზე, რუსეთი შესაძლოა სხვა იმედებსაც ამყარებდეს. ამერიკელი ანალიტიკოსების ვარაუდით, ჩანაფიქრი შესაძლოა ასეთი იყოს: ტერიტორიების დატბორვა შეაჩერებს ან შეანელებს უკრაინის ჯარების წინსვლას.

უკრაინელი ექსპერტები თვლიან და ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმაც აღნიშნა, რომ კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევა საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, მისი თქმით, რამდენიმე მეტრით გაზრდილი წყლის დონე და ნაკადის სავარაუდო მიმართულება, დიდი ალბათობით, პრობლემებს ვერ შეუქმნის უკრაინის არმიას.

20 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ტვიტერზე დაწერა, რომ სუროვიკინის მიერ „ცუდი ამბების“ გასაჯაროება „ერთობ უჩვეულოდ“ გამოიყურება; მაგრამ, დიდი ალბათობით, მიანიშნებს რუსეთის გადაწყვეტილებაზე - მართლაც გაიყვანოს ჯარი დნეპრის დასავლეთ ნაპირიდან, რაც იოლი არ იქნება.

ცნობაში წერია, რომ 1000-მეტრიანი სიგანის მდინარეზე ძალიან გართულდება რუსი სამხედროების გადაყვანა და ტექნიკის გადატანა, მაშინ, როცა ყველა ხიდი დაზიანებულია.

„დიდი ალბათობით, რუსეთი გათვლას მნიშვნელოვანწილად აკეთებს ბარჟებით აგებულ დროებით ხიდზე, რომელიც ბოლო დღეებში ხერსონთან ააგო და სამხედრო "პონტონის" გადასასვლელებზე, რომლებიც რამდენიმე ადგილას მოქმედებს“, - წერს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

დეპორტაცია, "საზარბაზნე ხორცი"

ხერსონიდან დაწყებულ ევაკუაციას უკრაინელი ანალიტიკოსები „დეპორტაციას“ უწოდებენ და ამავე პროცესს უკავშირებენ პუტინის მიერ „საომარი მდგომარეობის“ შემოღებას უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში. პრეზიდენტის განკარგულება 19 ოქტომბერს დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის საბჭომ და უკანონო რეჟიმი 20 ოქტომბრის შუაღამიდან შევიდა ძალაში.

ასევე ნახეთ ხერსონის პრორუსულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის „ორგანიზებული გადაადგილება“

ასევე ნახეთ პუტინმა განკარგულება გასცა, შეიქმნას საგანგებო საბჭო უსაფრთხოების გაზრდაზე მუშაობის კოორდინაციისთვის

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი, სერგეი გრაბსკი „Politeka Online“-ის ეთერში აცხადებს, რომ „საომარი მდგომარეობა“ საშუალებას მისცემს რუსეთს, უკრაინის ოთხი ოლქის მოსახლეობა ფრონტზე იძულებით წაიყვანოს და „საზარბაზნე ხორცად“ აქციოს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება დაეყრდნოს რუსეთი ხერსონელ უკრაინელებს, რომლებიც დეოკუპაციას დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ და მათი გაჩუმება მხოლოდ იარაღის ძალით მოხერხდა.

უკრაინელი ექსპერტები იზიარებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადების შესახებ, „სასოწარკვეთილი ტაქტიკაა“. გრაბსკი ამბობს, რომ ხმაურიანი გადაწყვეტილებებითა და დაშინება-მუქარით რუსეთი საკუთარი ხალხის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს.

რუსეთის დასუსტებისა და სასოწარკვეთის ნიშნებად სხვადასხვა წყაროს მიერ ასევე სახელდება:

  • შედარებით იაფი ირანული დრონების შესყიდვა, რუსული რაკეტების დასაზოგად, რომლის მარაგიც მნიშვნელოვნად მცირდება;
  • ირანული რაკეტების შესყიდვის მცდელობა - როგორც ასევე მარაგების ამოწურვის საფრთხეების დაზღვევა.

ISW 19 ოქტომბერს წერდა, რომ რუსეთი ცდილობს, მათ შორის - საინფორმაციო ნიადაგის შემზადებას, ხერსონის ოლქში მოსალოდნელი მასშტაბური უკანდახევისთვის.

ასევე ნახეთ რუსეთისათვის მოიერიშე დრონების მიწოდების გამო ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა

არ მიეკაროთ ტელეფონებს, საფულეებს...

20 ოქტომბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ტეროტორიაზე მოსალოდნელ დივერსიულ აქტებთან დაკავშირებით, რომლებიც საბოლოოდ უკრაინის სპეცსამსახურებს უნდა დაბრალდეს.

სამხედრო დაზვერვა იტყობინება, რომ საინფორმაციო ფურცლებს რუსეთში სამხედროები ავრცელებენ.

„უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაიგეგმა და დაიწყო ტერორისტული აქტების ტალღა რუსეთის ტერიტორიაზე... გააფრთხილეთ ნაცნობები, ნათესავები, განსაკუთრებით ბავშვები! თუკი ნახავენ მსგავს საგნებს, არ მიეკარონ! დაურეკონ მშობლებს ან პოლიციას!“, - წერია ცნობის ფურცელში, რიმელსაც უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს.

ტექსტში ნათქვამია, რომ ქუჩებში - სკამებზე, გზებსა თუ ბუჩქებში დივერსანტები აწყობენ მიმზიდველ საგნებს - მობილურ ტელეფონებს, საფულეებს, პლანშეტებს, რომლებიც დანაღმულია; ხელში აღებისთანავე ფეთქდება და ამავე მიზეზით სახიფათოა ნაპოვნი სათამაშოები თუ სხვა საბავშვო ნივთები. ცნობაში სახელდება ერთადერთი მაგალითი, როცა თითქოს - ერთ კაცს, სექტემბერში, ვორონეჟში, აუფეთქდა ქუჩაში ნაპოვნი დანაღმული პასპორტი და ხელიც წააცალა.

„ეს "საფრთხობელა" [ტერაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია] სარკისებურად ასახავს რაშისტების რეალურ ქმედებებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი გათავისუფლების შემდეგ, აღმოჩენილია მრავალნაირი დანაღმული საგანი - საყოფაცხოვრებო ნივთები და საბავშვო სათამაშოები, რაც მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილსაც იწვევდა. სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურები ამზადებენ საფუძველს პროვოკაციებისთვის, შემდეგ უკრაინის დადანაშაულების მიზნით“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.

რუსეთმა უკრაინის სამხედრო დაზვერვას დააბრალა ყირიმის ხიდზე 8 ოქტომბერს მომხდარი აფეთქება და 10 ოქტომბერს, საპასუხო რეაქციად დაასახელა უკრაინის ქალაქების მასირებული დაბომბვა.
ФСБ-ს ვერსიით, ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა და ეს „ტერაქტი“ ორგანიზებული იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ, მისი ხელმძღვანელის,ირილ ბუდანოვის ჩართულობით.
ასევე უკრაინას დაბრალდა რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილის, დარია დუგინას ავტომანქანის აფეთქება და სიკვდილი, მოსკოვის გარეუბანში, 20 აგვისტოს.

ასევე ნახეთ ზელენსკი უარყოფს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კიევის კავშირს

აგვისტოში რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ამჟამად უკრაინაში მცხოვრებმა ილია პონომარიოვმა განაცხადა, რომ დუგინას სიკვდილის უკან „ეროვნული რესპუბლიკური არმია“ (НРА) იდგა, რომელიც მასთან კავშირზე გავიდა და შეატყობინა, რომ, პუტინის მმართველობის დასუსტების მიზნით, აფეთქებები მომავალშიც გაგრძელდება.

რუსული წყაროების თანახმად, ოქტომბერში, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ილია პონომარიოვზე ძებნა გამოაცხადა. მედია იტყობინება, რომ სისხლის სამართლის მუხლი ბაზაში მითითებული არ არის.

„ვფიქრობ, რომ არანაირი "რესპუბლიკური არმია" არ არსებობს და არ მოქმედებს რუსეთში... პონომარიოვს, სავარაუდოდ, საკუთარი თავის გამოჩენა, სახელის მოხვეჭა უნდოდა... მაგრამ უკრაინაში გასაგებად აუხსნეს, რომ მან პრაქტიკულად ტერორისტულ აქტზე აიღო პასუხისმგებლობა... და როცა გაიაზრა ეს, ახლა აღარც იხსენებს ამ ამბავს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვიქტორ იაგუნმა.