Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი უარყოფს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან კიევის კავშირს


ვოლოდიმირ ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი არ მონაწილეობდა ყირიმის ხიდზე ოქტომბრის დასაწყისში მომხდარ აფეთქებაში. ამრიგად, უკრაინის ხელისუფლებამ პირველად გააკეთა კომენტარი ინციდენტთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე. ამის შესახებ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხ CTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ, რამდენადაც მე ვიცით, ასეთი რამ ნამდვილად არ შეგვიკვეთია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შესახებ, რაშიც რუსეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ.

მანამდე კიევმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს.

ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა 8 ოქტომბერს, დილით. გამოძიების ვერსით, აფეთქდა დანაღმული სატვირთო მანქანა. აფეთქების შედეგად ჩაინგრა ხიდის ნაწილი და ცეცხლი გაუჩნდა მატარებელს, რომელიც საწვავით იყო დატვირთული. დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.

17 ოქტომბერს მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის სამ მოქალაქეს: ალექსანდრ ბილინს, ოლეგ ანტიპოვსა და დმიტრი ტიაჟელიხს, რომლებსაც წაყენებული ჰქონდათ ყირიმის ხიდზე ტერორისტული აქტის განხორციელების ბრალდება.

XS
SM
MD
LG