Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონის პრორუსულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის „ორგანიზებული გადაადგილება“


უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო, პრორუსულმა ადმინისტრაციამ დღეს, 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე, სადაც მათი განთავსების დროებითი პუნქტი გაიხსნა. ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

პრეზიდენტ პუტინის მიერ "ხერსონის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ მიიღო „მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება“ და მოსახლეობას გაიყვანენ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.

რამდენიმე დღით ადრე, 13 ოქტომბერს, სალდომ რუსეთის მთავრობას მიმართა მოქალაქეთა ევაკუაციაში დასახმარებლად. იმავე დღეს, რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ხერსონის ოლქის მცხოვრებთა სხვა რეგიონებში გამგზავრების ორგანიზების შესახებ.

18 ოქტომბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე, ხერსონის ოლქში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. 2022 წლის გაზაფხულიდან, რუსული ჯარების მიერ ოლქის ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ხერსონი დატოვა.

XS
SM
MD
LG