რა უჯდება უკრაინას ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლა?

"კამიკაძე დრონი" კიევის თავზე. 17 ოქტომბერი, 2022 წელი.

ირანული დრონებით რუსეთის არმია სერიოზულ პრობლემებს უქმნის უკრაინას - გარდა იმისა, რომ ე.წ. მოპედების თავდასხმებს ეწირება მშვიდობიანი მოსახლეობა და ნადგურდება ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ წინააღმდეგ უკრაინას ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება უწევს.

მეტი თავდასხმა და მეტი მსხვერპლი - ოქტომბერში უკრაინის ცაზე ხშირად ხედავენ ირანული წარმოების ხმაურიან დრონებს, რომელთა წინააღმდეგ 100%-იანი დაცვის მექანიზმი არ არსებობს. ირანი რუსეთს „კამიკაძე დრონების“ (Shahed-136) გარდა, სხვა ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებსაც აწვდის.

  • რა ზიანს აყენებს უკრაინას ირანული დრონები და რა გამოსავალი არსებობს შექმნილ სიტუაციაში?

„მოარგეს გასაღები“

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ირანული დრონი ჰაერში აფრენისთანავე ქმნის პრობლემას, მიუხედავად იმისა, მისწვდება და ააფეთქებს თუ არა სამიზნეს, რადგან მასთან გასამკლავებლად უკრაინელებს ძვირადღირებული რაკეტების დახარჯვა უწევთ. თავად რუსეთი კი, მათ, ხშირად, ასევე ძვირადღირებული, ფრთოსანი რაკეტების ნაცვლად იყენებს.

ირანული წარმოების ერთჯერადი გამოყენების, ე.წ. კამიკაძე დრონი, Shahed-136 (შაჰიდ-136), სხვადასხვა წყაროს ცნობით, 20 ათასი დოლარი ღირს და ის ბევრად იაფია რაკეტებთან შედარებით.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ირანულმა დრონებმა „ძალიან სწრაფად დაიწყეს უკრაინის სარაკეტო მარაგის გახარჯვა“ და მართალია, „რაკეტები ხვალ არ დამთავრდება“, მაგრამ „დრონებისთვის რაკეტების სროლა სისულელეა“.

„პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მათ [რუსმა სამხედროებმა] მოარგეს გასაღები ჩვენს ანტისაჰაერო თავდაცვას - გვაიძულებენ, დავხარჯოთ მთელი სარაკეტო მარაგი დრონებთან ბრძოლაში... თავიდან მათ მიიღეს 300 ერთეული, მეორე პარტია კი ბევრად, ბევრად უფრო მეტია... 100 რომ გამოიყენონ დღეში, ერთი თვის განმავლობაში აქტიური თავდასხმის საშუალება ექნებათ... გარკვეული პაუზებით კი, მათ შეუძლიათ, რომ 2-3 თვის განმავლობაში ასეთივე საშინელებაში გვამყოფონ, როგორც ახლა“, - თქვა არესტოვიჩმა 17 ოქტომბერს, იუთუბარხ „ფეიგინ ლაივის“ ეთერში.

არესტოვიჩის მსგავსად, უკრაინელი სამხედრო ექსპერტებიც განმარტავენ, რომ ირანული დრონების ჩამოსაგდებად უკრაინას საზენიტო არტილერია ესაჭიროება, რის თაობაზეც ჯერ კიდევ არ დასრულებულა მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და გადაწყვეტილების მიღების პროცესი აუცილებლად უნდა დაჩქარდეს.

როგორც პრაქტიკა მოწმობს, ირანულ დრონებს რუსეთი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის - ენერგოობიექტების გასანადგურებლად იყენებს.

ირანული დრონები პირველი არარუსული წარმოების იარაღია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოიყენა.
ასევე ნახეთ ირანი უარყოფს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების გადაცემას - CNN

კიევის ცნობით, რუსეთი უკრაინაში ასევე იყენებს ირანული წარმოების დრონებს - Shahed-129-სა და Mohajer-6-ს. სპეციალისტების განმარტებით, ისინი "სადაზვერვო-დამრტყმელი დრონებია", ზომით მნიშვნელოვნად აღემატებიან თურქული წარმოების „ბაირაქთარს“ (Bayraktar TB2) და იოლად ვერ ემალებიან რადიოლოკატორებს.

ასევე ნახეთ ირანული დრონების დილემა უკრაინაში - რატომ ვერ ხერხდება მათთან  ეფექტიანი ბრძოლა?

მნიშვნელოვანი მსხვერპლისა და ზარალის მიუხედავად, სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ირანული დრონები გარდამტეხ როლს ვერ შეასრულებენ საომარ პროცესში, რუსეთის სასარგებლოდ. ექსპერტი ისრაელიდან, დავიდ გენდელმანი „დოიჩე ველეს“ ეუბნება, რომ გარდატეხა ომში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი „ერთდროულად ათობით ათას დრონს გამოიყენებენ“, ხოლო რუსეთი ამჟამად მხოლოდ ათობით ასეთი დრონის ერთდროულ გამოყენებას ახერხებს.

11 ოქტომბერს ზელენსკიმ, „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრაზე, უკრაინის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს 2400 დრონი შეუკვეთა.

85%-იანი შედეგი, მაგრამ...

როგორც უკრაინის სახელისუფლებო წყაროები იტყობინებიან, ირანული დრონები კიევს ძირითადად ყირიმიდან უტევენ და მათი დიდი ნაწილის ჩამოგდება ხერხდება.

უკრაინის არმიის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა 18 ოქტომბერს თქვა, რომ ირანული "კამიკაძე დრონების" განადურების მაჩვენებელი უკვე 85%-ს აღწევს. კიევის ინფორმაციით, მათ დიდ ნაწილს უკრაინის სამხრეთიდან უშვებენ - ყირიმიდან თუ ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიიდან; თუმცა „ორი შეტევა იყო ბელარუსიდან და კურსკის ოლქიდან“.

ასევე ნახეთ 3-მდე გაიზარდა კიევში ე.წ. კამიკაძე-დრონით დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

ირანული დრონების განადგურების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად, ისინი ძალიან დიდ ზიანს აყენებს როგორც მშვიდობიან ადამიანებს, ასევე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას:

10 ოქტომბერს, უკრაინის ქალაქების მასობრივი დაბომბვის დროს, დაიღუპა 20 ადამიანი და 110-მდე დაშავდა. 17 ოქტომბერს, კიევში ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის - ორსული ქალი. 18 ოქტომბერს, ასევე კიევში, სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.

ასევე ნახეთ „გერანიუმები“: კამიკაძე დრონები ტერორს უწყობენ უკრაინის ქალაქებს

ვინ უნდა შეაჩეროს ირანი?

უკრაინაში ფიქრობენ, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება.

„ვის აქვს შესაძლებლობა, რომ გაუნადგუროს ირანს [დრონების] საწყობები, მარაგები და წარმოება? [ეს შეუძლია] ისრაელსა და ამერიკას. დაიწყებენ ისინი ომს ირანთან იმისთვის, რომ მან რუსეთს დრონები არ მიაწოდოს? - ეს დიდი შეკითხვაა... ვფიქრობ, რომ - არა“, - თქვა ალექსეი არესტოვიჩმა 17 ოქტომბერს და იქვე დასძინა, რომ თეირანის შეჩერება მხოლოდ სანქციების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

„აშშ უყოყმანოდ დააწესებს სანქციებს, ანდა მიიღებს ზომებს დამრღვევთა წინააღმდეგ“, - აღინიშნა ასევე 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა, დეტალების დაუკონკრეტებლად. მისი განმარტებით, ირანული დრონების რუსეთისთვის მოწოდება არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციით განსაზღვრულ ზომებს, რაც ირანს გარკვეული სამხედრო ტექნოლოგიების გაყიდვას უკრძალავს და ამისთვის რუსეთიც დაისჯება.

პატელი ამბობს ასევე, რომ რუსეთისა და ირანის კავშირი მსოფლიომ საფრთხედ უნდა განიხილოს.

მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აგროვებს მტკიცებულებებს ირანული დრონების შესახებ და მზად არის იმოქმედოს, რაც სავარაუდოდ გულისხმობს სანქციების გაძლიერებას.

ასევე ნახეთ როგორ დაიცავს ზელენსკი უკრაინის ცას
ასევე ნახეთ უკრაინა მზადაა, გაწყვიტოს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობები

პარალელურად, სამხედრო ექსპერტები აქტიურად განიხილავენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, რუსეთის მიერ გამოყენებული დრონები წარმოებული იყოს არა ირანში, არამედ - ტაჯიკეთში ან სირიაში, სადაც ასევე შესაძლებელია მათი აწყობა ჩინური და ირანული დეტალებით.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გეგმავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, 18 ოქტომბერს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განსახილველად წარუდგინა წინადადება ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე - რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო.