Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი უარყოფს რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების გადაცემას - CNN


სავარაუდოდ ირანული წარმოების დრონის ნამსხვრევების დათვალიერება, 2022 წლის 6 ოქტომბერი, ხარკოვი
სავარაუდოდ ირანული წარმოების დრონის ნამსხვრევების დათვალიერება, 2022 წლის 6 ოქტომბერი, ხარკოვი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა კვირას პორტუგალიის თავდაცვის მინისტრთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ირანი არ აწვდის და არც მიაწვდის რომელიმე ქვეყანას იარაღს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის ომში. ირანელი მინისტრის სიტყვებს ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. მანამდე ცოტა ხნით ადრე, ამერიკისა და კიევის დაზვერვის სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუსული მხარე ირანული წარმოების კამიკაძე-დრონებს უკრაინის ტერიტორიებზე თავდასხმისთვის იყენებდა.

ამირ-აბდოლაჰიანმა, ფაქტობრივად, ირანის ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. "ჩვენ გვჯერა, რომ კონფლიქტის რომელიმე მხარის შეიარაღებით დახმარება ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, ხოლო ომებს არ მივიჩნევთ მართებულად არც უკრაინაში, არც ავღანეთში, არც სირიასა და იემენში", - განაცხადა ირანელმა მინისტრმა.

როგორც სამხედრო უწყებებმა, ასევე მსოფლიო მედიამ არაერთხელ განაცხადეს, რომ ირანი თავის საბრძოლო თვითმფრინავებს რუსეთს აწვდის. ასევე დასახელდა მათი კონკრეტული მოდელი (Shahed-136) და რუსეთის მიერ ირანისთვის შეკვეთილი თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობა (2,400).

კვირას "ვაშინგტონ პოსტმა", აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ირანმა ფარულად დადო ახალი შეთანხმება მოსკოვთან უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის თვითმფრინავების და "ხმელეთი-ხმელეთი" ტიპის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების გაზრდის შესახებ. ხაზგასასმელია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანმა ამ კლასის საკუთარი ბალისტიკური რაკეტების წარმოება დაიწყო.

  • აგვისტოს ბოლოს გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" წერდა, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომის დროს გამოიყენა პირველი ირანული საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები. სექტემბერში ოდესასა და ოდესის რეგიონში თვითმფრინავის დარტყმები რამდენჯერმე დაფიქსირდა. 15 ოქტომბერს ზაპოროჟიეს რეგიონის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა თქვა, რომ ზაპოროჟიეზე ოთხი დარტყმა განხორციელდა ირანული კამიკაძე თვითმფრინავების, შაჰედ-136-ის მიერ. ირანმა და რუსეთმა უარყვეს რუსეთის არმიისთვის ირანული წარმოებისა თვითმფრინავების მიწოდება.
XS
SM
MD
LG