სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა კიევის ცენტრალურ, შევჩენკოს რაიონში, სადაც უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაინგრა. უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის, იჰორ კლიმენკოს ინფორმაციით, დაიღუპნენ 59 წლის ქალი და 30 წლამდე ასაკის ორი ახალგაზრდა. მანამდე დადასტურებული იყო მხოლოდ ქალის სიკვდილი. საავადმყოფოშია 3 დაშავებული.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაღუპული ახალგაზრდები იყვნენ ცოლი და ქმარი, რომლებიც შვილს ელოდებოდნენ. ქალი 6 თვის ორსული იყო.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დღეს დილით კიევში 4 აფეთქება მოხდა. უკრაინის არმიის საჰაერო ძალების "ცენტრის" სარდლობის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კიევზე ე.წ. კამიკაძე-დრონებით შეტევა სამხრეთიდან განახორციელეს. სარდლობის ცნობით, სარაკეტო-საზენიტო ქვედანაყოფებმა და ავიაციამ გაანადგურეს 9 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სახმელეთო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო სულ მცირე 2 „კამიკაძე-დრონი“.