უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განსახილველად წარუდგინა წინადადება ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე - რუსეთისთვის ირანის იარაღის მიწოდების გამო. საქმე ეხება უპილოტო საფრენ აპარატებს, Shahed-ებს, რომლებითაც რუსეთი კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე ახორციელებს დარტყმებს.
კულებას თქმით, ირანთან ურთიერთობების დონე უკვე დასულია მინიმუმამდე, ირანის ელჩს აკრედიტაცია არ გაუგრძელეს, საელჩოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს დართეს სამუშაოდ დარჩენის ნება.
მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღონ უკრაინელთა მკვლელობაში რუსეთის დახმარებისთვის. „მკაცრი სანქციები ირანის წინააღმდეგ - ეს განსაკუთრებით აქტუალური საკითხია ახლა, როცა ვხედავთ ცნობებს, რომ ირანის მხარე ბალისტიკური რაკეტების გადაცემას აპირებს უკრაინელების წინააღმდეგ გამოსაყენებლად“, - თქვა კულებამ. „ირანის მოქმედება არის უნამუსობა და სიყალბე, რასაც ჩვენ არ შევეგუებით. ყველაფერი ეს ხომ ირანმა ჩაიდინა მაშინ, როცა პარალელურად გვეუბნებოდა, რომ ომის წინააღმდეგია და იარაღით არცერთ მხარეს არ დაეხმარება.“
ირანი ადრე უარყოფდა, რომ რუსეთს იარაღს აწვდიდა.