რუსი ლტოლვილები* ორ ცეცხლს შუა - საფრთხეები და თანაგრძნობა

რუსეთ-საქართველოს საზღვარი

ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის გამო გამოქცეული ადამიანების გრძელი რიგები თავსატეხად იქცა რუსეთის სახმელეთო მეზობლებისთვის და მათ შორის - საქართველოსთვის.

21 სექტემბრიდან, რაც, პუტინის ბრძანებით, უკრაინასთან ომში გასაგზავნად ხალხის შეკრება დაიწყო, რუსეთის საზღვრებს, გასაქცევად ათობით ათასი მოქალაქე მიაწყდა.

საავიაციო ბილეთებზე ასტრალურად გაზრდილი ფასების გამო, ისინი ძირითადად სახმელეთო საზღვრებისკენ დაიძრნენ. კვლავ კილომეტრებს ითვლის დევნილების რიგები საქართველოს საზღვართანაც. გამოქცეულთა ჯოჯოხეთური ყოფა საქართველოს მოქალაქეების ნაწილის თანაგრძნობას იწვევს; ნაწილი კი, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების გრძელ ნაკადში საფრთხეებს ხედავს და საზღვრის სასწრაფო ჩაკეტვას ითხოვს.

  • რა საფრთხეების წინაშე დგას საქართველო?
  • მოქმედებს თუ არა სავალდებულო საერთაშორისო წესები?
  • როგორ იღებენ რუს ლტოლვილებს* სხვა ქვეყნებში?

ისინი ბევრნი არიან

"ზემო ლარსის" გავლით საქართველოში შემომსვლელთა უდიდესი ნაწილი მედიასთან არ მალავს, რომ რუსეთიდან პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას გამოექცა და არ უნდა მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

ყოველდღიურად რუსეთის ათასობით მოქალაქე კვეთს საქართველოს საზღვარს, მათ შორის - ფეხითაც. რუსეთიდან შემოსულთა ერთი ნაწილი ამბობს, რომ საქართველოდან თურქეთში ან სომხეთში აპირებს გადასვლას; მაგრამ ნაწილს საქართველოში დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

შს სამინისტროს მიერ 27 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 21-26 სექტემბრს, შემოსული რუსეთის 53 ათასზე მეტი მოქალაქიდან საქართველოდან არ გავიდა 18 ათასზე მეტი.
შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ 28 სექტემბერს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი ბოლო პერიოდში 40-45 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოსკენ გრძელი და დამღლელი გზებით მომავალი რუსი მიგრანტების სავალალო მდგომარეობის გამო საქართველოში ბევრი ჰუმანიტარული კატასტროფის ნიშნებზეც ლაპარაკობს. სოციალურ ქსელებში ბევრი იწერება „ომზე უარის მთქმელთა დახმარების აუცილებლობაზე" და იმაზე, რომ მათი შემოშვებით საქართველო ხელს შეუწყობს უკრაინაში გასაგზავნი „მობილიზებულების“ რიცხვის შემცირებას.

სხვები კი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რუსეთმა ამ დრომდე არ ჩაკეტა თავისი საზღვრები და თითქოს ამით ხელს უწყობს პროცესს - "რაც შეიძლება მეტი ურჩი და უკმაყოფილო გაუშვას ქვეყნიდან", რათა ისინი "შესაძლოა საჭირო დროს სათავისოდ გამოიყენოს". ასეთები ითხოვენ საქართველოს საზღვრების დროებით ჩაკეტვას.

ორი დღის წინ, სოჭში, პუტინთან შესახვედრად ჩასულმა ბელარუსის ლიდერმა, ლუკაშენკამ, თქვა, რომ რუსეთიდან გაიქცევა მაქსიმუმ 20-50 ათასი ადამიანი, ვინც მაინც არ იქნებოდა „ჩვენი ხალხი“.
„მე დიდად არ განვიცდიდი, რომ 2020 წელს ბელარუსიდან წავიდა რამდენიმე ათასი. ბევრი გვთხოვს, უკან წამიყვანეთო. ესენიც ჩამოვლენ, მაგრამ გადასაწყვეტია, როგორ უნდა მოვექცეთ მერე მათ - დავიბრუნოთ თუ დავტოვოთ, თავისუფალი პურით გამოსაკვებად?!... ასე მოქცევა არ შეიძლება. ადგილზეც შეიძლებოდა მოლაპარაკება და არა სირბილი ევროპებსა და ამერიკაში“, - უთხრა ლუკაშენკამ მის გვერდით მოწყენილი სახით მჯდომ პუტინს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულია ეუთოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის, მაიკლ კარპენტერის ონლაინ-ბრიფინგის ჩანაწერი, სადაც ის, საქართველოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ამბობს, რომ გაზრდილი მიგრაციის პირობებში ყველა ქვეყანამ თავად უნდა დაადგინოს მისთვის უსაფრთხო რეჟიმი.

„პატივს ვცემ წუხილს, რომელიც ბევრ ქართველს აქვს რუსეთის მოქალაქეების მოზღვავებასთან დაკავშირებით... შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება - რამდენი და რა რაოდენობით შეუშვას ქვეყანაში... რა თქმა უნდა, ეს არის უპრეცედენტო ვითარება, რომლის წინაშეც თქვენი ქვეყანა დგას, სადაც რუსეთის მიერ არა მხოლოდ ორი რეგიონია უკანონოდ ოკუპირებული, არამედ გაქვთ ძალიან დიდი ნაკადი ძირითადად ახალგაზრდა ადამიანებისა, რომლებიც რუსეთიდან ამ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ჩამოდიან...

განსხვავებული იქნება ყველა ქვეყნის რეაგირება რუსეთის მოქალაქეების სურვილზე, რომ დატოვონ თავიანთი ქვეყანა და თავშესაფარი სხვა ქვეყანაში მოძებნონ... და ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რას თვლის საუკეთესოდ თავისი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის კუთხით“, - უპასუხებს კარპენტერი საქართველოს წარმომადგენლის მიერ დასმულ შეკითხვას.

საქართველოს ხელისუფლება საზღვრის ჩაკეტვას არ აპირებს და სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნასაც ოპოზიციის უშინაარსო, პროვოკაციულ ახირებად თვლის.

ასევე ნახეთ კობახიძე საზღვრის ჩაკეტვაზე: ჩვენი მოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთში
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი გომელაურს რუსეთიდან საქართველოში მოქალაქეების შემოსვლის საკითხზე ელაპარაკა

„შსს აკეთებს ყველაფერს, რაც კანონით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხდება თითოეული მოქალაქის შესწავლა, თუ არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხდება მათი არდაშვება საზღვარზე და უარის თქმა. ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ სიტუაციას, დამატებით ძალებია გადაგზავნილი ლარსის პუნქტზე... რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით, თითოეული პირის შესწავლა ხდება და სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება ხდება“, - უთხრა 28 სექტემბერს ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

ხელისუფლების ოპონენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ - კონტროლს ძირითადად ჩრდილოეთკავკასიელთა უფლებები ეწირება.

ასევე ნახეთ NGO-ების ვარაუდით, შესაძლოა, შსს ჩრდილოკავკასიელებს დისკრიმინაციული მიდგომის გამო არ უშვებდეს ქვეყანაში

უნდა შემოუშვან თუ არა რუსეთის მოქალაქეები საქართველოში? - ვეკითხებით ყოფილ სახალხო დამცველს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, უჩა ნანუაშვილს. ის გვიპასუხებს, რომ, საქართველოს მოქალაქეების გარდა, შემოსვლაზე უარი არ უნდა ეთქვათ, მაგალითად, კრემლის მიმართ კრიტიკულ ჟურნალისტებსა თუ უფლებადამცველებს; დანარჩენებთან კი, საფრთხეების გამო, ხელისუფლებას ფრთხილი პოლიტიკის გატარება მოეთხოვება.

„ვფიქრობ, საქართველო ამ ეტაპზე უფრო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციით უნდა შემოიფარგლოს. შესაძლებელია შექმნილიყო ბანაკი, სადაც მოხდებოდა ამ ადამიანების კონტროლი... საფრთხეა, რომ რუსეთი ამ ადამიანებს გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკის გასატარებლად. საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური პოლიტიკის შემუშავება ესაჭიროება“, - ეუბნება ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას.

პოლიტიკური პარტიების ერთი ნაწილი და, მაგალითად, პარტია „დროა“ საბაჟო-გამშვები პუნქტის სრულ ჩაკეტვას ითხოვს; ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ საკმარისი იქნებოდა რუსეთის მოქალაქეებისთვის "საოკუპაციო მოსაკრებლის" (1000 ლარი) დაწესება. „ამ გადასახადით, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან აღიარება იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და რუსეთი აგრესორია“, - აცხადებს პარტია და გადასახადს ერთგვარ შემაკავებელ მექანიზმადაც განიხილავს. ამ აზრს არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

ასევე ნახეთ ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონების წარმომადგენლებს შესვლა შეუზღუდეს

კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი გვეუბნება, რომ ლტოლვილების ახალი ნაკადი საქართველოს მრავალ პრობლემას შეუქმნის და მათ შორის - ეკონომიკური თვალსაზრისითაც.

„[ლტოლვილების] პირველი ნაკადისგან განსხვავებით, ახალ ნაკადში არ არიან მაღალშემოსავლიანი რუსები, რომლებიც ქვეყანაში დოლარს შემოიტანენ და ვხედავთ, რომ ბევრი უბრალოდ ყველაფრის გარეშე გამორბის... ეს ხალხი ქუჩაში რომ გამოვა, სახლი, საჭმელი არ ექნება და კრიმინალი გაიზრდება, მერე რას ვაკეთებთ?! ჯანდაცვის კუთხითაც პასუხისმგებლობა ჩვენ გვექნება ასაღები - მტერია თუ რაც არის, დახმარება მაინც მოგვიწევს“, - გვეუბნება ბერიკაშვილი და იქვე აზუსტებს, რომ „ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ათი ათასი ადამიანიც კი უკვე ძალიან დიდი რიცხვია“.

სოსო ბერიკაშვილი არც იმას მალავს, რომ რუსი ლტოლვილები არ ებრალება, რადგან „ომი გაახსენდათ ახლა, როცა ის უშუალოდ მათ შეეხო [ომში გაწვევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ]“.

ასევე ნახეთ კრემლი: საზღვრების ჩაკეტვაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული

ჯერჯერობით არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის საზღვრები ჩაკეტილია და ეს ეხება საქართველოსაც. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ახერხებს რუსეთის საზღვრის გადაკვეთას.

სხვა ქვეყნები

სახმელეთო მეზობლებიდან რუსეთის მოქალაქეების ტურიზმისა და დასვენების მიზნებით შეშვება სრულად აკრძალეს ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა. ანალოგოური აკრძალვების დაწესების საკითხს განიხილავს ფინეთიც.

თუმცა ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) ინფორმაციით, 19-25 სექტემბერს ევროკავშირში რუსეთიდან 66 ათასი ადამიანი შევიდა, რაც 30%-ით აღემატება წინა კვირის მონაცემებს.

Frontex-ის ცნობით:
  • „რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა ევროკავშირში შედის ფინეთისა და ესტონეთის სასაზღვრო პუნქტების გავლით“.
  • ბოლო დღეებში ფინეთში რუსეთის 30 ათასი მოქალაქე შევიდა;
  • ევროკავშირის ქვეყნებში შესულების უმრავლესობას აქვს ბინადრობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, შენგენის სივრცის ვიზა, ანდა ორმაგი მოქალაქეობა.
  • „საზღვრის უკანონოდ გადალახვის შემთხვევები, სავარაუდოდ, გაიზრდება, თუკი რუსეთი დაკეტავს საზღვრებს პოტენციური მეომრებისთვის“.

28 სექტემბერს BBC-მ დაწერა, რომ ფინეთში შესული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი ბოლო ერთ კვირაში 80%-ით გაიზარდა, მაგრამ „მკაცრი შეზღუდვების გამო, შესვლის მსურველთა რიგში გაცილებით ცოტა ადამიანი დგას, ვიდრე საქართველოს საზღვართან“.

ესტონეთმა ცალსახა უარი თქვა მობილიზაციის გამო ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიღებაზე. "რუსეთში საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების საკმარისი მიზეზი არ არის", - ასეთია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს პოზიცია.

რუსეთის სახმელეთო მეზობლებს შორის გრძელი რიგებია ასევე ყაზახეთისა და მონღოლეთის საზღვრებზე. ყაზახეთის ოპოზიცია და მესამე სექტორი მუდმივად ლაპარაკობენ კრემლის მიერ მათ ქვეყანაში „მეხუთე კოლონის“ გაძლიერებისა და საჭირო დროს მისი ამოქმედების საფრთხეებზე.

ასევე ნახეთ ყაზახეთი რუსეთს არ გადასცემს სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს
ასევე ნახეთ მონღოლეთი იუწყება საზღვარზე რუსეთიდან ათასობით პირის გადასვლაზე

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, ყაზახეთში ჩავიდა რუსეთის 98 ათასი მოქალაქე და მათგან 64 ათასმა ქვეყანა უკვე დატოვა.

სააგენტო AFP-ი, ადგილობრივი მესაზღვრის სიტყვებზე დაყრდნობით, რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ბოლო ხუთ დღეში მონღოლეთში რუსეთიდან 3000-ზე მეტი ადამიანი შევიდა და ექვსი ლტოლვილიდან ხუთი მამაკაცია.

გერმანიამ რამდენიმე დღის წინ გამოთქვა მზადყოფნა, რომ რუს "დეზერტირებს" პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეიზერმა Frankfurter Allgemeine-ს უთხრა, რომ რადგან დეზერტირებს „სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ“, ზოგადად, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ და „ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და, შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეში იგდებს, შეუძლია გერმანიას თავშესაფრის მისაღებად მიმართოს".

მაგრამ, როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ჯერჯერობით კვლავაც არ არის მოგვარებული ამ გადაწყვეტილების იურიდიული მხარე და ასევე - „ევაკუაციის ყველაზე მნიშვნელოვანი გზები ჩაკეტილია“.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, საქმე მოემატათ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, სადაც რუსეთის უამრავი მოქალაქე რეკავს - რუსეთიდან თავის დაღწევის გზებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად.

27 სექტემბერს, ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ რუსეთიდან მობილიზაციის მიზეზით წამოსულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მოითხოვონ თავშესაფარი აშშ-ში და მათი საქმეები ინდივიდუალურად განიხილება.

ლტოლვილი – ინდივიდი, რომელიც სრულიად დასაბუთებულ საფრთხესთან დაკავშირებით – რასობრივი, რელიგიური, ეროვნულ ან განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფთან მიკუთვნების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო – თავშესაფარს უცხო ქვეყანაში ეძებს. საერთაშორისო სამართალში, პირი, რომელმაც თავად ან ხელისუფლების განკარგულებით დატოვა თავისი ქვეყანა საბრძოლო მოქმედებების, ძალადობის, დევნის და სხვა საგანგებო ვითარებების შედეგად. - www.nplg.gov.ge