Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი რუსეთს არ გადასცემს სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს


ავტომანქანების რიგი რუსეთ-ყაზახეთის საზღვართან. 2022 წლის 22 სექტემბერი
ავტომანქანების რიგი რუსეთ-ყაზახეთის საზღვართან. 2022 წლის 22 სექტემბერი

ყაზახეთი რუსეთს არ გადასცემს მის მოქალაქეებს, რომლებსაც მობილიზაციის გამო სამხედრო კომისარიატები ეძებენ, თუკი მათ წინააღმდეგ აღძრული არ არის სისხლის სამართლის საქმეები. ამის შესახებ, როგორც რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური იუწყება, დღეს, 27 სექტემბერს განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მარატ ახმეტჟანოვმა.

მინისტრის თქმით, ყაზახეთს და რუსეთს გაფორმებული აქვთ სამართლებრივი დახმარების და მსჯავრდადებულების და დამნაშავეების ექსტრადიციის შეთანხმება და აქ მთავარი პრინციპია სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედება. ახმეტჟანოვის თანახმად, თუ რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ სამხედრო კომისარიატები ეძებენ, ეს არ წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს რუსეთისთვის მათ გადასაცემად.

რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახური შსს-ს მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, ყაზახეთში ჩავიდა რუსეთის 98 ათასი მოქალაქე და მათგან 64 ათასმა ქვეყანა უკვე დატოვა.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ათეულობით ათასი მოქალაქე ცდილობს ქვეყანა დატოვოს და სახმელეთო გზებით გადავიდეს ძირითადად მონღოლეთის, ყაზახეთის და საქართველოს ტერიტორიებზე.

XS
SM
MD
LG