Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე საზღვრის ჩაკეტვაზე: ჩვენი მოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთში


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთიდან საქართველოში ადამიანების შემოსვლა ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის და საზღვრის ჩაკეტვა საქართველოს მოქალაქეებს დააზიანებს. კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სახელმწიფო უწყებები სიტუაციას აკონტროლებენ.

"ვითარება ყოველდღიურად კონტროლდება იმისათვის, რომ დაცული იყოს ადამიანების ინტერესები და, მეორე მხრივ, ეროვნული უსაფრთხოება.

ერთ-ერთი მიზეზი [რის გამოც არ უნდა ჩაიკეტოს საზღვარი] არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები მრავლად ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და მათაც აქვთ ინტერესი, შემოვიდნენ საქართველოში. აქედან გამომდინარე, საზღვრის ჩაკეტვა არ იქნება სწორი. ეს დააზიანებს ქართველების ინტერესებს, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში. ამის მიღმა არის მრავალი საკითხი, რაც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. მთავარია, რომ ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება", - თქვა კობახიძემ.

26 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში, ორივე მიმართულებით, 37 ათასმა სატრანსპორტო საშუალებამ და 115 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თქვა, რომ რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, "ზემო ლარსიდან" შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია.

"თითქმის პიკზეა მისული და რიგები დგას ჩვენ მხარესაც. ჩვენ არ გვაქვს 10 და 20-გეითიანი გასასვლელი, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებული გვაქვს დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. ამაზე მეტი აღარ მგონია გაიზარდოს, ვეღარ გავატარებთ ფიზიკურად", - თქვა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, ტურისტულ პერიოდში, 2022 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 213 100-მა ადამიანმა გადმოკვეთა - საშუალოდ, კვირაში 53,3 ათასმა ადამიანმა. 2019 წელს კი, კორონავირუსის პანდემიამდე, სექტემბერში, საქართველოში რუსეთიდან ყაზბეგის გავლით საზღვარი 169 915-მა გადმოკვეთა - საშუალოდ კვირაში 42,3 ათასმა პირმა.

21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო- გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.

XS
SM
MD
LG