Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონების წარმომადგენლებს შესვლა შეუზღუდეს


რუსეთის მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს საზღვართან, გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან"
რუსეთის მოქალაქეები რუსეთ-საქართველოს საზღვართან, გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან"

ჩრდილოეთ ოსეთში მაღალი მზადყოფნის რეჟიმი შემოიღეს, რაც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ავტომობილების შესვლას ზღუდავს. ამასთან, რეგიონის შესასვლელთან და რუსეთ-საქართველოს საზღვართან, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" იმუშავებენ მობილური ოპერატიული ჯგუფები. ისინი შეამოწმებენ, ექვემდებარებიან თუ არა სამხედრო გაწვევას რესპუბლიკაში შესული ადამიანები. შესაბამის განკარგულებას ხელი რეგიონის მეთაურმა სერგეი მენიაილომ მოაწერა.

„ახლა ეს შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან არა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთში, არამედ ქვეყნის სხვა რეგიონებში. ოპერატიულ ჯგუფში შემავალი სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროდან წვევამდელთა საერთო სიას იღებენ“, - დაწერა მენიალიომ თავის ტელეგრამის არხზე.

ის დაწესებულ შეზღუდვებს „იძულებით ზომას“ უწოდებს, რაც „სატრანზიტო ტრანსპორტის უზარმაზარ რაოდენობას“ და გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" არსებულ მრავალკილომეტრიან რიგებს უკავშირდება.

მენიაილოს სიტყვებით, გამონაკლისი იქნებიან ოსეთის და საქართველოს მოქალაქეებს. მათ რეგიონში თავისუფლად შესვლა შეეძლებათ. შეზღუდვები არ შეეხებათ ჩრდილოეთ ოსეთში დასასვენებლად წამსვლელებს, ვისაც აქვს შესაბამისი დოკუმენტები.

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსთან" სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტის გახსნის შესახებ განაცხადა. მანამდე რეგიონის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უწყებებს მხოლოდ რესპუბლიკის მცხოვრებლებს გადასცემდნენ, წერს "კავკაზ რეალიი".

ამასთან, როგორც გამოცემა "47.ru" იუწყება, გამწვევი პუნქტები რუსეთ-ფინეთის საზღვართანაც გამოჩნდა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის გამო რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ. კილომეტრიანი რიგებია საქართველოს საზღვართან.

ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დღე-ღამის განმავლობაში ტრანსპორტის რაოდენობა 4 960-მდე შემცირდა.

გუშინ, 27 სექტემბერს, საზღვართან რიგში 5.5 ათასი ავტომობილი იდგა, მათ შორის - 3.6 ათასი მსუბუქი ავტომობილი.

საქართველოს შსს-ს თანახმად, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, 21-26 სექტემბრის პერიოდში, საქართველოში სულ შემოვიდა 53 136 რუსეთის მოქალაქე და გავიდა - 34 990.

XS
SM
MD
LG