პოლიციამ, სავარაუდოდ, იცის, ვინ არის "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი

სავარაუდოდ, პოლიციამ იცის, ვინ არის თავდამსხმელი, რომელიც "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და ორი მილიონი დოლარი მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

ასევე ნახეთ "დაკმაყოფილება ან შტურმი" - სამხედრო ჟურნალისტი ბანკზე თავდასხმის შესაძლო განვითარებაზე

თავდამსხმელი სამართალდამცავებთან კომუნიკაციისას მძევლებს და მათ სოციალურ პროფილებს იყენებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც მძევლის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა, ისმოდა სამართალდამცავისა და თავდამსხმელის დიალოგი, რომელშიც თავდამსხმელს სახელით მიმართავენ.

თავდამსხმელი: არ გაწიროთ ეს ხალხი, მე მითქვია.

სამართალდამცავი: დათო, არ მესმის შენი ხმა.

მძევალი: არ გაწიროთო ეს ხალხი.

სამართალდამცავი: არა, არა, დავით. შენ არ გაწირო, წყნარად იყავით და მშვიდად იყავით.

ასევე ნახეთ "რუსეთის დროშა და ანკესი" - ყველაფერი, რაც ვიცით "საქართველოს ბანკში" შეჭრილზე და მის მოთხოვნებზე

სავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილი იყო "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში. დღის დაახლოებით 4 საათისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ შსს-დან არაოფიციალურად დაუდასტურა, რომ სამინისტრომ იცის თავდამსხმელის ვინაობა და უკვე კავშირზეა მისი ოჯახის წევრებთან.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ აქვეყნებს თავად ბანკი.

ასევე ნახეთ ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალთან, პოლიციაა მობილიზებული

შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანი იყო მძევლად. ბოლო მონაცემებით, რამდენიმე მათგანმა ბანკი დატოვა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

ასევე ნახეთ რა ვიცით ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი მძევლების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

  • მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
  • მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
  • მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
  • მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
ასევე ნახეთ "საქართველოს ბანკში" თავდასხმაზე გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო

თავდამსხმელის "საქართველო ბანკში" შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმოდა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, კაცი 2 მილიონ ამერიკულ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.

ასევე ნახეთ Facebook-ში ვრცელდება "საქართველოს ბანკში" მძევლის ვიდეო