"დეპავლიკიზაცია" დეპოლარიზაციის ნაცვლად - რას ნიშნავს ეს?

ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის შემდეგ, „ოცნების“ თავმჯდომარეს პარტიამ მხარი დაუჭირა. მათ კი, ვინც მისი საქციელი დაგმო, პრეზიდენტის ჩათვლით, ირაკლი კობახიძე, 2024 წლამდე „დეპავლიკიზაციას“ დაჰპირდა.

ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ ჟურნალისტის შეურაცხყოფა კიდევ უფრო დიდი პრობლემის მცირე ეპიზოდია მედიაექსპერტებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მედიაზე შეტევის გამწვავებულ ტენდენციაზე მიუთითებენ, რასაც საერთაშორისო დოკუმენტებიც ასახავს. ყველაზე დიდი პრობლემა, ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაა.

ჟურნალისტზე შეტევა და „დეპავლიკიზაცია“

24 ივლისს "მთავარი არხის" საკვირაო გადაცემაში უკრაინის მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით არახამიამ თქვა, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე "კაგებეს აგენტის შვილია". ამის დამადასტურებელად მან ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია მოიყვანა. ირაკლი კობახიძის მამა, გია კობახიძე, 1992-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯერ ეროვნულ-დემოკრატიული და შემდეგ სახალხო პარტიიდან. "რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა", - თქვა არახამიამ. ორშაბათს, 25 ივლისს, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კამერების წინ არახამიას ნათქვამის კომენტირება სთხოვა.

კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და თითქმის იგივე 26 ივლისსაც გაიმეორა. ყველას, ვინც მისი ჟურნალისტზე შეტევა დაგმო, „ჩამოყალიბებული პავლიკ მოროზოვები“ უწოდა. 30-იანი წლების საბჭოთა პიონერის, მამის მამხილებელი კოლექტიური პავლიკ მოროზოვის ჯგუფში მოხვდნენ ტელეწამყვანები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილიც. კობახიძემ თქვა, რომ ამ ადამიანებთან დეპოლარიზაცია შეუძლებელია და 2024 წლამდე „ოცნების“ ხელისუფლების მთელი ყურადღება „დეპავლიკიზაციას“ დაეთმობა.

ფეისბუკზე 26 ივლისს გამოქვეყნებულ პოსტში კობახიძემ შეურაცხყოფა კიდევ ორი მედიასაშუალების წარმომადგენლებს მიაყენა და მათ „ცნობილი ვაჭრები“, „პატარა კაცები და პატარა ქალები“ უწოდა.

კობახიძის შეურაცხმყოფელი სიტყვების ერთ-ერთი ადრესატი „ტელეკომპანია პირველის“ დირექტორი და წამყვანი, ინგა გრიგოლიაა.
„პავლიკა მოროზოვიო ჩვენზე ამბობს, ეს მართლა პავლიკა მოროზოვი. „ოცნებაში“, ზოგიერთებს ხომ ახლოს გიცნობთ და გულით მეცოდებით, აი ეს კაცი რომ გყავთ ,,გასაპრავებელი“, - დაწერა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე: სიბინძურისგან გაბოროტებულს პირზე დუჟი მოადგა
ასევე ნახეთ „ქალის სახე დაკარგე... პირი მოიწმინდე“, - ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ირაკლი კობახიძეს, მმართველი გუნდიდან თუ მის მიღმა ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.

ისინი ამტკიცებენ, რომ პარტიის თავმჯდომარეს, „საქართველოს კეთილსინდისიერ პატრიოტს“ და „მის ძლიერ ლიდერს“, ჟურნალისტმა მამის შესახებ დასმული შეკითხვით „უბინძურესი შეურაცხყოფა“ მიაყენა და საკადრისი პასუხი მიიღო.

  • „თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, არ არის სწორი... რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო, რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?!“, - უთხრა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
  • „ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს! ... აქაური „მაძუნგალების“ დიქტატი არ გაკლდათ, ახლა კიდევ უჯიშო „პატრიოტების” ნარატივს რომ არ აჰყვეთ?! ეგ ორივე ბინძური დაჯგუფება თავს უშველის და თქვენ, ახალგაზრდა ადამიანებმა, ხომ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში?!... თუმცა უკვე მძიმედ მოწამლულებს ძნელად გეშველებათ რამე“, - დაწერა ფეისბუკზე „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენელმა, ბექა ოდიშარიამ;
  • „ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები“, - ირაკლი კობახიძეს სოლიდარობა გამოუცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა, გივი მიქანაძემ.
ასევე ნახეთ ეს იყო კლასიკური მაგალითი პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენებისა მედიის მეშვეობით - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიმართ "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას არავითარი კავშირი არ ჰქონდა ეთიკურ ჟურნალისტიკასთან.

„გუშინ დასმული კითხვის ფორმულირებიდან გამომდინარე, რომელშიც შიგნითვე იყო ჩადებული პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც... ეს იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით“, - თქვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ „ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა!" - პრეზიდენტი კობახიძის ნათქვამს გამოეხმაურა

პოლარიზაციის ნაცვლად, 2024 წლამდე, "დეპავლიკიზაციის" გამოცხადება რეპრესიების დაანონსებად აღიქვეს ოპოზიციაში. დეპოლარიზაცია კი ის მოთხოვნაა, რომლის შესრულებასაც, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირი საქართველოსგან უახლოეს თვეებში ითხოვს.

ფაქტი თუ ტენდენცია?

გარდა იმისა, რომ ირაკლი კობახიძის მხრიდან სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენებაზე გაამახვილა ყურადღება, „საქართველოს ეთიკის ქარტია“ მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის პრობლემური მედიაგარემო მნიშვნელოვანწილად სწორედ ხელისუფალთა მსგავსი რიტორიკით არის განპირობებული.

„ეთიკის ქარტიაში“, რომლის მისიასაც „პროფესიული და ეთიკური სტანდარტის დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით, მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლება“ წარმოადგენს, რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ „ხელისუფლება არ უნდა ერეოდეს ჟურნალისტის შეკითხვის ფორმულირებაში და განსაზღვრაში, რადგან ეს ჩვენ ცენზურამდე მიგვიყვანს“.

„შეკითხვის არმოწონება შესაძლოა სუბიექტური იყოს და შეფასების საკითხია - მომწონს, არ მომწონს, რასთან ვაკავშირებ და ასე შემდეგ... სხვისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი და ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენელი პირი ვალდებულია, რომ პასუხი გასცეს. როცა ის აკრიტიკებს კითხვებს და ზოგადად მედიის შინაარსს, ეს მიანიშნებს ცენზურის სურვილზე - რომ მედიამ დასვას ხელისუფლებისთვის მისაღები კითხვები და მოამზადონ ისეთი მასალები, რომლებიც ხელისუფლებისთვის იქნება მოსაწონი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ აღმასრულებელი დირექტორი, მარიამ გოგოსაშვილი.

მისი თქმით, „მედია და ჟურნალისტიკა თავისთავად გულისხმობს ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნას, კრიტიკული შეკითხვების დასმასა და გარკვეულწილად მის გაკონტროლებას, რაც მოსაწონი ვერ იქნება ყველასთვის“.

თუკი ვინმე კონკრეტულ პოლიტიკოსს შეკითხვები აღიზიანებს ანდა არაეთიკურად თვლის, მედიამკვლევრების თქმით, შესაძლებლობა აქვს, რომ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე, მიმართოს იმავე „ეთიკის ქარტიას“ ანდა მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობს მაგალითები, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა მედიასაშუალების წინააღმდეგ „ქარტიას“ მიმართეს.

ასევე ნახეთ „ქარტიის" შეფასებით, კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართა და სექსისტური ენა გამოიყენა
ასევე ნახეთ კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს კობახიძის გამონათქვამები ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გმობს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის „ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას“ და მოუწოდებს, ერთი მხრივ, მმართველ პარტიას, გააუმჯობესოს მედიაგარემო, მეორე მხრივ - პარლამენტს, საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც შეისწავლოს კობახიძის გამონათქვამები სათანადო ზომების მიღებით.

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი მამუკა ანდღულაძე ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მსგავსი რიტორიკა ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.

„მსგავსი დამოკიდებულება, რიტორიკა, რომლის გამართლებამაც მერე უკვე კოლექტიური სახე მიიღო, ერთი მხრივ, აგრესიულ გარემოს ამ კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ ქმნის და, მეორე მხრივ, წამახალისებელია ფიზიკური ძალადობისა თუ შეურაცხყოფისა, რომელთაც ჩვენ ვხედავდით 5-6 ივლისამდე თუ მას შემდეგ, როდესაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები თავდასხმის ობიექტები ხდებოდნენ მაშინაც, როდესაც ისინი არ ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას... ეს ყველაფერი საფრთხის ქვეშ აყენებს დემოკრატიის იმ დარჩენილ ნიშნებს, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მამუკა ანდღულაძე და ერთ-ერთ მაგალითად, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს იხსენებს.

25 ივლისს მომხდარი, მედიაექსპერტებისთვის განყენებული, ერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტთან დაპირისპირებას ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო წლებში არჩეული პოლიტიკის ნაწილად განიხილავენ. მათი დაკვირვებით, სახელისუფლებო რიტორიკა და ჟურნალისტებზე შეტევა განსაკუთრებით 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ გამწვავდა, როდესაც მოძალადე ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ამის შემდეგ:

  • კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის 2021 წლის ივლისში წართმეული მიკროფონი თვეების შემდეგ დააბრუნა;
  • კულტურის მინისტრის ბრიფინგზე შესვლა აეკრძალათ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს;
  • მედიის წარმომადგენლებს ხელისუფლება ხშირად მიმართავს როგორც ოპოზიციური პარტიის წევრებს და კრიტიკულ ტელეარხებს, როგორც „ბაკურიანის ცნობილი შეხვედრის“ მონაწილეებს, „ქართული ოცნება“ ხშირად მოიხსენიებს რევოლუციისა და შემდეგ უკვე საქართველოს ომში ჩართვის სცენარის ნაწილად;
  • ხელისუფლების წარმომადგენლები არ დადიან კრიტიკულ ტელევიზიებში;
  • „ყურში ჩურჩულით უბინძურესი სიტყვების“ თქმა დაასახელა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ტვ პირველის“ დამფუძნებელთან, ვატო წერეთელთან ფიზიკური დაპირისპირების მიზეზად, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე. ამ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
  • როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე სადავოდ რჩება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ამჟამად პატიმარ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ბრალდებები და განაჩენი;
  • სხვადასხვა დროს საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების ცენტრში მოექცა სისხლის სამართლის სადავო საქმეები, რომლებიც მედიამფლობელებსა და მათი ოჯახის წევრებს შეეხებათ;
  • „დაკარგე ადამიანის სახე”, „თვალები გადმოგეყარა, ცუდად ხარ, მართლა ცუდად ხარ“, „გატყობ, რომ გაგიჟებული ხარ“, „მელაპარაკები თვალებგადმოყრილი და გაღიზიანებული, შენ ინტერვიუ გგონია ახლა ეს?” – „მედიაჩეკერის“ ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ ჟურნალისტს.
ასევე ნახეთ გვარამიას თქმით, მოსამართლემ პროცესი, 4 ოქტომბერს, საპროცესო ვადის დარღვევით დანიშნა 
ასევე ნახეთ მელია: გაირკვა, რამ გააცოფა კობახიძე - მას არც მამა აღელვებდა, არც მამული

ხელისუფლების ოპონენტები ბოლო პერიოდში ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ პოლიტიკიდან დეკლარირებულად წასული ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას პრეტენზია არათუ მხოლოდ ქართული, არამედ შვეიცარული მედიის საქმიანობასთანაც აქვს.

შვეიცარულ საფინანსო კომპანია Credit Suisse-თან დავაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია KMD 25 ივლისის წერილში უკმაყოფილებას გამოხატავდა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ ივანიშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია რადიო თავისუფლების ინტერვიუს ეხმაურება

მედიასთან დაპირისპირების ფასი

17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა 12 რეკომენდაცია, რომელთა შესრულების შემდეგაც საქართველო მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ მედიას შეეხება.

„საჭიროა უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველყოფისთვის; განსაკუთრებით იმ გზით, რომ მედიამფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების წარმოება შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს; და ჩატარდეს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიებები ჟურნალისტებისა და მედიის სხვა მუშაკთა უსაფრთხოებისკენ მიმართული მუქარების შემთხვევებში“, - წერია ევროკომისიის მიერ 17 ივნისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

მანამდე, საგანგებოდ მედიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შემუშავდა და 9 ივნისს დამტკიცდა ევროპარლამენტის მწვავე რეზოლუცია, რომელსაც ხშირად „ქართული ოცნება“ „ჩალის ფასის“ მქონედ თუ შეურაცხმყოფლად მოიხსენიებს უპირატესად იმის გამო, რომ მასში რუსეთთან კავშირის მქონე ოლიგარქად არის მოხსენიებული მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მისთვის სანქციების დაწესებაც არის მოთხოვნილი.

ამ რეზოლუციაში მედიასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემაა ჩამოთვლილი. ტექსტში ნახსენებია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია და ყურადღება გამახვილებულია „საეჭვო ბრალდებებზე“ და „განაჩენის გადახედვის“ საჭიროებაზე. ასევე მითითება კეთდება „მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე“ და დაგმობილია „ჟურნალისტების დაშინების, მუქარის, ძალადობისა და დევნის შემთხვევების მზარდი რაოდენობა“.

„[ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს, თავი შეიკავონ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიული რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საჯარო განცხადებებში მხარი დაუჭირონ ტოლერანტულ მიდგომას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს“, - წერია რეზოლუციის ტექსტში.

2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირის ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ევროკომისიის დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს პროგრესი წლის მიწურულს შეფასდება.