Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქარტიის" შეფასებით, კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი ფრაზით მიმართა და სექსისტური ენა გამოიყენა


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ეხმაურება მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვას „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ. როგორც „ქარტიის" განცხადებაში ვკითხულობთ, ნატაშკა ჯახუტაშვილს ​ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა: „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”.

როგორც ქარტია აცხადებს, „ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.

„ქარტია" ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

„ქარტია" კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ.

„ქარტია" მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

კამათი გაგრძელდა „ოცნების“ კიდევ ერთ ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან, რომელმაც გაამართლა კობახიძე და „მთავარის“ ჟურნალისტს მისთვის „ბინძური შეურაცხყოფის“ მიყენებაში დასდო ბრალი.

„თქვენ კითხვა არ დასვით, თქვენ მიაყენეთ ბინძური შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს. თან ეს ბინძური შეურაცხყოფა მიაყენეთ უმძიმესი ფორმით, ასე ადამიანს არც კითხვის ფორმით არც არანაირად არ უნდა დაელაპარაკო“, - თქვა მდინარაძემ და ჟურნალისტს კრემლის სასარგებლო იდიოტი უწოდა და დაამატა "თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა და მან მოგითმინათ, მე თუ მკითხავთ, პოლიტიკოსი რომ არ ყოფილიყო, მე მგონი გაცილებით მძიმე სიტყვებს დაიმსახურებდით",- თქვა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს სოლიდარობა გამოუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართვა „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ.

XS
SM
MD
LG