პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, 24 ივნისს თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ბრიუსელის მიერ დადგენილი პირობების შესასრულებლად და თანამშრომლობა შესთავაზა ოპოზიციასაც.
23 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ამ ეტაპზე მიენიჭა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და პირობების ჩამონათვალი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს. ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკომისია გაწეულ სამუშაოს დეკემბრის ბოლოს შეაფასებს.
- რატომ არის დარჩენილი 6 თვე ასე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?
- რა შეიძლება მოხდეს დეკემბრის შემდეგ?
ექსპერტები, რომლებიც წლებია მუშაობენ ევროინტეგრაციის საკითხებზე, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ წლის ბოლომდე დარჩენილ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან თუკი პირობების შესრულება ამ დროში ვერ მოესწრება, შესაძლოა შემდეგ უკვე პროგრესის შესაფასებელი კონკრეტული ვადა აღარ დაწესდეს, ამ საკითხთან მიბრუნების პროცესი დროში გაჭიანურდეს, შესაძლებლობების ფანჯარა დაიხუროს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა ბუნდოვანი გახდეს.
„მათ [ევროკავშირს - რთ] შეეძლო, რომ არ აეღო ვალდებულება - საქართველოს შედეგების 6 თვეში შემოწმებასთან დაკავშირებით და როცა მოუნდებოდათ, მაშინ დაბრუნებოდნენ ამ საკითხს... პრაქტიკულად ვალდებულება აიღეს და რეალური შანსი მოგვცეს ამით. ჩვენ გარდა, მათ უამრავი სხვა საქმე აქვთ და თუ 6 თვეში არ შესრულდება ეს პირობები, არის დიდი საფრთხე, რომ ამ საკითხს შემდეგ უკვე არა კონკრეტული ვადების დათქმით, არამედ - როცა მოუნდებათ, მაშინ განიხილავენ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი.
ამ ეტაპამდე ის არ ფიქრობს, რომ დიდი შანსი გამოუსწორებლად დაკარგა საქართველომ და იმის შესაძლებლობასაც ხედავს, რომ მონდომების შემთხვევაში, საქართველო დაეწიოს და გაუსწროს კიდეც უკრაინასა და მოლდოვას, რომლებსაც ასევე მთელი რიგი პირობები აქვთ შესასრულებელი, ვიდრე ეს ორი ქვეყანა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადავა.
თუმცა, კახა გოგოლაშვილისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ხელისუფლებას პირობების შესრულების რეალურ ნებას ვერ ატყობს.
გოგოლაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის იმდენი პრობლემა დაგროვდა და კომუნიკაციაც ისე გაფუჭდა, „რომ არა ომი უკრაინაში და, შედეგად, ევროკავშირში საგარეო პოლიტიკის „სეკურიტიზაციის“ (უსაფრთხოებაზე მეტი აქცენტი) ხარისხის გაზრდა, გეოპოლიტიკური პრიორიტეტების წამოწევა, გაწევრიანებაზე ჩვენს განაცხადს უბრალოდ არც კი მიიღებდნენ“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 22 ივნისს პარლამენტში გამართული, ხმაურიანი სხდომის შემდეგ, ორ დღეში თქვა, რომ მზად არის კონსტრუქციული მუშაობისთვის და ოპოზიციასაც იმავესკენ მოუწოდებს.
„მინდა მოვუწოდო ოპოზიციას, რომ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა და ერთად შევასრულოთ ეს პირობა. პირველი პირობა არის პოლარიზების დასრულება, რაც ნამდვილად მაღალი შეშფოთების საგანია ჩვენს პარტნიორებში“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 12 პუნქტზე მუშაობა და ნებისმიერი კონკრეტული საკითხის განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ, შეცვლის რიტორიკას და ლექსიკონიდან ამოიღებს ტერმინებს - „პრორუსული მთავრობა“ და „პუტინისტური რეჟიმი“. „ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება. დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს“.
დეოლიგარქიზაცია გახდა 20 და 24 ივნისის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. შემდეგი აქცია 3 ივლისსაა დაგეგმილი. აქტივისტებს სწორედ სამ ივლისამდე აქვთ მიცემული ვადა პრემიერ-მინისტრისთვის, რომ გადადგეს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის გარეშე შეუძლებელია. ღარიბაშვილმა უკვე თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს. საპროტესტო მოძრაობას იმედი აქვს, რომ აქტივისტები ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებენ.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ უკრაინისა და მოლდოვის „დაწევის შესაძლებლობა“ საქართველოს იმ შემთხვევაში ექნება, თუკი საქართველო პირობების შესრულებას 6 თვეში შეძლებს, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ამავე პერიოდში ვერ შეძლებენ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევასა და შემდეგ ეტაპზე გადასვლას.
„უკრაინისა და მოლდოვის შედეგებიც წლის ბოლოს შეფასდება და თუკი მათ შეძლეს მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენება და გადაინაცვლეს შემდეგ - ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე, ხოლო ჩვენ ვერ შევასრულეთ ჩვენთვის დაწესებული პირობები, მაშინ ჩვენი ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზრდება და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მიმართ ინტერესი ნელ-ნელა მცირდება“, - გვეუბნება ჩხიკვაძე, რომელიც თავიდანვე ფიქრობდა, რომ საქართველო მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას მიიღებდა, შესასრულებელი პირობებით, კანდიდატობის სტატუსის მისაღწევად.
ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ არ შეიძლება დროის გაჭიანურება, რადგან, თუ ქვეყანამ ეს 6 თვე არ გამოიყენა, ევროკავშირის სტრუქტურებში მოსალოდნელმა ცვლილებებმა, შესაძლოა, დიდი ხნით შეუშალოს ხელი საქართველოს პერსპექტივას.
„ერთ კვირაში [ივლისიდან, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - რთ] პოსტს საფრანგეთი ჩეხეთს გადააბარებს. 6 თვის განმავლობაში იქნება ჩეხეთი და კარგი იქნება, თუ ამ პერიოდში მოვასწრებთ პირობების შესრულებას. შემდეგ, მომავალი წლის პირველი 6 თვის განმავლობაში [ამ პოსტზე - რთ] იქნება შვედეთი, რომელიც არის ქვეყანა, რომელიც ჩვენი რეგიონისკენ იხედება და აქვს ამ მხრივ პრიორიტეტები. მაგრამ შემდეგ უკვე, [2024 წლის ბოლომდე, 6-6 თვით] მოვა ისეთი ქვეყნების ტრიო, რომლებსაც ჩვენი რეგიონის მიმართ დიდი პრიორიტეტები არა აქვთ - ესპანეთი, ბელგია და უნგრეთი“, - გვეუბნება ვანო ჩხიკვაძე.
მისი განმარტებით, ამ გზაზე დამატებით „გამოწვევასა და სირთულეს“ ქმნის ის ფაქტი, რომ 2024 წელს ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები, რის შემდეგაც უნდა დაკომპლექტდეს ევროკომისია, „მოვლენ ახალი ევროკომისრები და თუკი ყურადღებას უფრო მეტად შიდა საკითხებზე გადაიტანენ, შესაძლოა, გარკვეული პერიოდი, გარე ურთიერთობებზე იმდენი დრო, რესურსი და ხედვა აღარ იყოს“.