„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლემ მერაბ ჯორბენაძემ შემდეგი სხდომის თარიღად 4 ოქტომბერი, 14:00 საათი დაასახელა.
დაცვის მხარემ მოსამართლისგან მოითხოვა განმარტება, რატომ დაინიშნა სხდომა 2-თვიანი საპროცესო ვადის დარღვევით. მოსამართლესა და დაცვის მხარეს შორის დისკუსია რამდენიმე წუთს გაგრძელდა.
- „უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტოში შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვყავს. გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ, იმიტომ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აუცილებლად უნდა იყვნენ მოსამართლეები სასამართლოში, ამიტომ გადანაწილებული გვაქვს გრაფიკი. მოგვიწევს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშვნა სხდომის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩანიშნულია სექტემბერი, ფაქტიურად, შევსებული გვაქვს ბოლომდე. თუმცა შემდგომში შეგვიძლია, რომ თუ მხარეების სურვილიც იქნება და თანხმობაც, განვსაზღვროთ რამდენიმე სხდომის თარიღი და ვიმუშაოთ უფრო ეფექტურად და უფრო მეტი დროით", - თქვა მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ.
- „სიმართლე გითხრათ, მოლოდინი გვქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში საქმის დასრულების, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში [სხდომის დანიშვნა] ნიშნავს, რომ ამ ვადას ვარღვევთ", - მოსამართლეს გამოეხმაურა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.
- „სამწუხაროდ, მესმის, მაგრამ ნამდვილად არ არის სხვა გამოსავალი", - შენიშნა მოსამართლემ.
- „ჩვენ შეგვიძლია ივლისში, აგვისტოში, ნებისმიერ თარიღში შეგვიძლია ვიმუშაოთ", - კვლავ ჩაერთო ადვოკატი.
- „აქ ერთ მოსამართლეზე, რომ იყოს დამოკიდებული, შეიძლება, რაღაც ლავირება მოახდინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება, მით უმეტეს, სხვა საქმეებიც ჩანიშნული გვაქვს. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მყარი შემადგენლობა, რომ იყოს, ყველა საქმეზე ერთი და იგივე შემადგენლობით ვიყოთ, რომ ერთდროულად შევათანხმოთ შვებულებებიც, ყველა საკითხი და სხდომებიც, ნამდვილად არ გვაქვს. ზოგ სხდომაზე სხვა მოსამართლეები არიან ჩემთან კოლეგიურ შემადგენლობაში, ზოგზე სხვები. მეტწილად მე, ბატონი ლაშა, ბატონი დავით და ბატონი ვეფხია ვართ, მაგრამ შვებულებების გამო ნამდვილად ვერ მოვახერხებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ შემდეგ სხდომაზე და რამდენიმე თარიღი კიდევ ერთხელ შევათანხმოთ. თუ მხარეები არ დაიღლებით და წამებაში არ ჩამითვლით, შეგვიძლია 3-4 საათი გამოვყოთ. ისეთ დღეს ჩავნიშნავთ, რომ ვთქვათ, სხვა სხდომებმა ძალიან არ შეგვიშალოს ხელი", - თავი იმართლა მერაბ ჯორბენაძემ.
- „ჩვენთვის 3-4 საათიც ცოტაა. შეჩვეულები ვართ პირველ ინსტანციაში დილიდან პროცესებზე ყოფნას. ჩვენი პოზიცია არის, რაც შეიძლება, მალე დასრულდეს განხილვა. გვქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ 2-თვიან ვადაში გამოიტანდა განაჩენს", - ისევ ჩაერთო ადვოკატი.
- „სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინებდით, რომ შვებულების წინ შემოვიდოდა საქმეები. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერი, 14:00 საათი, რომ შემოგთავაზოთ..." - დაამატა მოსამართლემ.
ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილიდან საუბარში ჩაერთო ნიკა გვარამია და მოსამართლეს მიმართა:
- „აგვისტოში გავიგე, რომ შვებულებებია, ივლისში რა ხდება?"
- „სექტემბერი, ბატონო ნიკა, სრულად დაკავებული გვაქვს", - გაიმეორა მოსამართლემ.
- „ისე მპასუხობთ, თქვენო ღირსებავ, რომ მე დავიკავე, ჩემი ნებით მოვედი და ძაან მინდა, რომ რამე დაინიშნოს ან არა", - უპასუხა ჯორბენაძეს გვარამიამ.
რამდენიმე წუთის განმავლობაში, სხვა საკითხის დაზუსტების შემდეგ, მოსამართლე კვლავ შვებულების თემას დაუბრუნდა:
- „რაც შეეხება ივლისს, 25-დან ბატონი ლაშა [მოსამართლე] არის შვებულებაში და რაც ჩანიშნული გვაქვს ის სხდომებიც გადაგვედება ალბათ", - თქვა მოსამართლემ.
- „ჩემთვის ესეც პასუხია. საპროცესო ვადის დარღვევა, ჩემთვის პასუხია. გასაგებია, ჩემთვის", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ და საბოლოოდ დააზუსტა:
- „სწორად გავიგე, რომ ორთვენახევრის მერე ნიშნავთ პროცესს? და კანონით გათვალისწინებულ ვადას ვარღვევთ. ვერ მოასწარით განხილვა კი არ არის, თქვენო ღირსებავ, ვადის გასვლის მერე ნიშნავთ პროცესს საერთოდ... აცნობიერებთ ახლა რას გვთავაზობთ?"
- „ფორმალურად ჩავნიშნავთ აგვისტოში, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი მოსამართლე იქნება, ნამდვილად ვერ მოხდება განხილვა", - თქვა მოსამართლემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.