ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტზე საუბრისას განაცხადა, რომ ის საპატიმროდან არ უნდა გამოვიდეს თუ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა დაზარალდება.
„მე თუ იმიტომ, უნდა გამოვიდე, რომ ამ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა დაზიანდეს დიდი ბოდიში მაგრამ, ეს ასე არ უნდა მოხდეს. მე ვზივარ აქ იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ვიბრძვი ნებისმიერი ჩემი ხვედრით თუ ეს შევასუსტე, მე ამისთვის არ ვიბრძვი, პირობითად ნიკა გვარამიასთვის მე არ ვიბრძვი და მისი თავისუფლებისთვის, მე ვიბრძვი ამ ქვეყნისთვის და მისი ევროპული მომავლისთვის, ამიტომ ესეც უნდა შევწყვიტოთ. ეს იყო არასწორი რაც მოხდა წინა ჯერზე შარლ მიშელის ხელშეკრულებას ვგულსხმობ და ეს იქნება არასოწრი ახლა“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართეს მედიაკოალიციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც გვარამია დააპატიმრეს, "სამართლებრივი მსჯელობის, ანალიზისა და თანმიმდევრულობის უკიდურესი სიმწირის გამო, შეიძლება შეფასდეს, როგორც არსებითად დაუსაბუთებელი".
საქართველოს პრეზიდენტამ მედიის კითხვაზე აპირებდა თუ არა გვარამიას შეწყალებას უპასუხა, რომ ამ "კითვაზე პასუხი გაცემულია". მანამდე მან განაცხადა, რომ არ აპირებდა გვარამიას შეწყალებას.
რაც შეეხება, ნიკა გვარამიას მიერ ნახსენებ შარლ მიშელის შეთანხმებას. 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა გიორგი რურუა, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის 4 წლის ვადით იყო პატიმრობაში;
პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რომლითაც პასუხისგებაში აღარ მისცემენ 2019 წლის 19-20 ივნისს თბილისში მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირებს. ამ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია იყო.
დღეს, 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლო უნდა "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.