Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი და სხვა საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ


ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე
ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ასევე პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავად ნიკა გვარამიამ აღნიშნა და მადლობა გადაუხადა.

"მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა: ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახს და ასევე ევროპარლამენტარებს და ელჩებს საქართველოში, რომლებიც აქაც არიან, ვხედავ ჩეხეთის ელჩს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ევროკომისიის წარმომადგენელსაც. ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და ძალიან მკაფიო მხარდაჭერისთვის და მადლობა ქართველ ხალხს, რაც მთავარია იმისთვის, რაც მე ვნახე - ათასობით ადამიანი ევროპული იდეის მხარდასაჭერად", - განაცხადა გვარამიამ.

დღეს, 19 ივლისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმე განიხილა.

სააპელაციო სასამართლოში შემდეგი სხდომა 4 ოქტომბერს 14:00 საათზე დაინიშნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. გვარამია დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

XS
SM
MD
LG