Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: გაირკვა, რამ გააცოფა კობახიძე - მას არც მამა აღელვებდა, არც მამული


დღეს გაირკვა, რამ გააცოფა გუშინ ირაკლი კობახიძე, აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში.

„დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო - არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება, რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს“, - წერს ის.

ირაკლი კობახიძემ, „მთავარის“ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, განაცხადა, რომ „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა“ და 2024 წლამდე „ოცნება“ მთელ ყურადღებას „დეპავლიკიზაციას“ დაუთმობს.

მელიას სიტყვებით, დღეს აქტუალური არაა, რას აკეთებდა კობახიძის მამა, რადგან შვილთან შედარებით ის უმანკო კრავად გამოიყურება:

„არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. კაგებეს იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი“, - წერს მელია.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ქალს, „მთავარი არხიდან“ 25 ივლისს.

„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“, - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას სიტყვების შეფასება სთხოვა.

კობახიძე გააკრიტიკა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ:

„დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“, - განაცხადა ქარტიამ.

პასუხად, კობახიძე პავლიკა მოროზოვს უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.

XS
SM
MD
LG