უკრაინის შეიარაღების ტემპები ანერვიულებს მოსკოვს. 25 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ს - შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება.
სამხედრო ექსპერტები, მათ შორის რუსეთშიც, ამბობენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის ახლებური შეიარაღება ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის უკვე 2-3 კვირაში და, შესაძლოა, უკრაინის არმია კონტრშეტევაზეც გადავიდეს.
ახალი დახმარება
აშშ-სგან უკვე მიღებული, წამოსული ან დაპირებული სამხედრო დახმარების საერთო ღირებულება, ომის დაწყების (24 თებერვლის) შემდეგ, უკვე 3.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
კიევში 24 აპრილს ჩასულმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პირობა დადეს, რომ დახმარება უკრაინის საბოლოო გამარჯვებამდე გაგრძელდება. უახლესი დაპირებით, რომელიც კიევმა აშშ-ის ხელისუფლების მაღალი რანგის სტუმრებისგან მიიღო, უკრაინის შეიარაღებას კიდევ 713 მილიონი დოლარი მოხმარდება, აქედან:
- 322 მილიონი დოლარი პირდაპირ კიევისთვის არის;
- დანარჩენი კი - იმ 15 ქვეყანას გადაეცემა, რომლებიც აწვდიან შეიარაღებას უკრაინას.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, ახალი პაკეტი ასევე მოიცავს 165 მილიონს, რომელითაც კიევს თავის ტექნიკასთან თავსებადი საბრძოლო მასალების შესყიდვა შეუძლია.
ბლინკენისა და ოსტინის კიევში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეორე დღეს, 25 აპრილს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც მათ უკრაინის დედაქალაქი დატოვეს.
ასევე ნახეთ უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს მადლობას უხდის უპრეცედენტო დახმარებისთვის ასევე ნახეთ ბლინკენმა და ოსტინმა უკრაინაში ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთესამერიკული დახმარების ჩამონათვალში სამხედრო სფეროს სპეციალისტები განსაკუთრებით გამოყოფენ რამდენიმეს:
უპილოტო საფრენი აპარატები - Switchblade (დასაკეცი დანა), რომელსაც „კამიკაძე დრონებსაც“ უწოდებენ:
მცირე ზომის ეს დრონები ძალიან იოლად სამართავია ადგილიდან, პლანშეტის საშუალებით. 17 აპრილს გამოცხადდა, რომ აშშ-მა უკრაინას 300-ზე მეტი ასეთი დრონი გაუგზავნა. თუმცა მედიაში მანამდეც იყო ცნობები უკრაინისთვის Switchblade-ების მიწოდების შესახებ.
ამ აპარატებს თავისუფლად შეუძლიათ გაანადგურონ მოწინააღმდეგის საარტილერიო საშუალებები, რომლებიც, ექსპერტების თქმით, ფრონტის ხაზიდან მაქსიმუმ 6 კმ-ის მანძილზე არიან განთავსებული. მათი განადგურება Switchblade 300-საც შეუძლია, რომელიც შედარებით უფრო სუსტია და ფრენის მანძილი 10 კმ-ს შეადგენს. ხოლო Switchblade 600 სამიზნეს 40 კმ-ის მანძილზეც სწვდება.
სამიზნესთან შეჯახებისას დრონი თავად ფეთქდება და, Switchblade 300-ისგან განსხვავებით, Switchblade 600-ს ტანკის ჯავშნისა და ნებისმიერი მყარი ზედაპირის დაზიანება შეუძლია.
ეს საფრენი აპარატები თითქმის უხილავია და პრაქტიკულად არ ტოვებს სითბურ კვალს. მისი განადგურება, რუსი ექსპერტების თქმით, შეუძლია რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს TOP-ს, მაგრამ არ ღირს, რადგან TOP-ის რაკეტები გაცილებით ძვირია Switchblade-ებთან შედარებით. ამ საფრენ აპარატებს, ცხადია, შეუძლიათ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებაც.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინას ორივე ტიპის Switchblade-ები გადაეცა.
„ჰაუბიცა“ (howitzer )
გასულ 2 კვირაში პენტაგონმა გაავრცელა ცნობები უკრაინისთვის 155 მმ-იანი კალიბრის ჯერ - 18, ხოლო შემდეგ, დამატებით - 72 „ჰაუბიცის“ გადაცემის შესახებ.
უკრაინაში გასაგზავნად გამოიყო შესაბამისი საარტილერიო ჭურვებიც: პირველ ჯერზე - 40 000, ხოლო შემდეგ - 144 000 ერთეული.
პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, რომელი ტიპის იარაღზეა ლაპარაკი - „ჰაუბიცა“ M777-ზე თუ M-198-ზე, რომლებიც აშშ-ის შეიარაღებაშია. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ერთი დაახლოებით 4 კგ-ს, ხოლო მეორე დაახლოებით 7 კგ-ს იწონის.
მიღებულს უკრაინაში აღწერენ როგორც მეტისმეტად მსუბუქსა და გადასატანად მოსახერხებელს. ის მსროლელს საშუალებას აძლევს, რომ მტრის საპასუხო ცეცხლს ადგილიდან, „ჰაუბიცასთან“ ერთად, სწრაფად გაეცალოს.
155 მმ-იანი კალიბრის „ჰაუბიცის“ საარტილერიო ჭურვს შეუძლია 40კმ-მდე მანძილის დაფარვა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება როგორც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისთვის, ასევე სამხედრო ტექნიკისთვის.
„ფენიქსის აჩრდილი“ (Phoenix Ghost)
ეს უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) არის სპეციალურად უკრაინისთვის დამზადებული ტაქტიკური იარაღი, რომლის კონკრეტული ტექნიკური მახასიათებლები გასაიდუმლოებულია.
როგორც პენტაგონში აღნიშნეს, მას „შეუძლია გარემოს ვიზუალური სურათის მიწოდება“, თუმცა „მისი მთავარი ფუნქცია იერიშია“.
უკრაინა ფირმა Aevex-ის მიერ პენტაგონის დაკვეთით შექმნილ 121 ასეთ დრონს მიიღებს, - ითქვა გასულ კვირაში. შესაძლოა, ისინი უკვე ჩატანილია, რადგან, 21 აპრილის განცხადებით, შეიარაღების მე-8 პაკეტის პირველი პარტია უკრაინაში იქნებოდა 24 აპრილამდე.
როგორც Switchblade-ის შემთხვევაში, უკრაინელ სამხედროებს ინსტრუქტორები Phoenix Ghost-ის მართვასაც ასწავლიან. თუმცა სად, როდის და რამდენ ხანს - ეს დეტალები არ ხმაურდება.
საბრძოლო თვითმფრინავები და სხვა
ამ დრომდე გაურკვეველია, როგორ და რა გზებით გაუმრავლდა საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას, რის შესახებაც საჯარო განცხადება 19 აპრილს გააკეთა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ:
„მათ [უკრაინელებმა] მიიღეს დამატებითი თვითმფრინავები და საავიაციო სათადარიგო ნაწილები“.
კირბიმ თქვა, რომ ავიაგამანადგურებლები უკრაინისთვის არ მიუწოდებია აშშ-ს, მაგრამ „რა თქმა უნდა, დაეხმარა ზოგიერთი დამატებითი სათადარიგო ნაწილის გადაცემაში, რამაც დააკმაყოფილა მათი [უკრაინის] მოთხოვნა“.
განსხვავებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსი არესტოვიჩის განცხადება.
„მათ [ამერიკელებმა] შეაკეთეს ჩვენი თვითმფრინავები, რომლებიც იყო, მაგრამ არ გვყოფნიდა სათადარიგო ნაწილები და მათ გადმოგვცეს. ამით კიდევ 20 თვითმფრინავი დაგვემატა და ეს ძალიან კარგია“, - თქვა არესტოვიჩმა, 24 აპრილს რუსი ბლოგერის, მაიკლ ნაკის იუტუბარხზე და იქვე დასძინა, რომ - ეს „მაშინვე დაეტყო მდგომარეობას ფრონტზე. გუშინ 2 რუსი გენერალი მოკვდა და ერთი მძიმედ დაიჭრა. დიდი ალბათობით, ვერ გადარჩება“.
თუკი მანამდე ძირითადად ანტისატანკო საშუალებებს, მათ შორის - Javelin-ებს აწვდიდა, პენტაგონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბრძოლის ველმა კიევის მიდამოებიდან ქვეყნის აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლა, შეიცვალა მიწოდებული შეიარაღების ჩამონათვალიც.
მაგალითად, გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ უკრაინას ასევე მისცემენ: Ми-17 ტიპის 11 ვერტმფრენს (უკვე გაგზავნილი 5-ის გარდა), M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, „Humvee“-ის ტიპის 100 საბრძოლო მანქანას, საარტილერიო სისტემების აღმომჩენ - AN/TPQ-36-სა და სარადარო AN/MPQ-64 Sentinel-ის სისტემებს.
ასევე ნახეთ აშშ უკრაინას აწვდის მისი მოთხოვნით შექმნილ უპილოტო საფრენ აპარატებს ასევე ნახეთ "[დონბასში] სრულიად სხვაგვარი ბრძოლაა" - უკრაინას დასავლეთის საბრძოლო თვითმფრინავები და არტილერია მიეწოდებააზერბაიჯანელი სამხედრო ექსპერტი, აგილ რუსტამზადე ამბობს, რომ რამდენიმე ათას უპილოტო საფრენ აპარატ Switchblade-ს ომის სურათის რადიკალურად შეცვლა შეუძლია და „საბრძოლო თვითმფრინავებზე გაცილებით უფრო ეფექტიანად“, იმ პირობებში, როცა დასავლეთის ქვეყნები უკრაინას ოპერატიულად აწვდიან ინფორმაციას მტრის გადაადგილების შესახებ.
„100 ასეთ დრონს 1-2 საათის განმავლობაში შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს ერთი საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (БТГ), ზურგში, ვიდრე ისინი ჩაერთვებიან ბრძოლაში... დღისით თუ ღამით შეიძლება მისი გამოყენება. [დონბასში] რუსებს 20 БТГ ჰყავთ. ასეთი ეფექტური ნიშა არცერთ იარაღს არ უჭირავს“, - ეუბნება ექსპერტი Newsader-ს.
ლენდ-ლიზის მოლოდინი
ამ დრომდე უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო ტექნიკა დახმარებას წარმოადგენს. ქვეყანას ბევრად მეტი და ფართო შესაძლებლობა გაუჩნდება ლენდ-ლიზის (Lend-Lease - სესხი-იჯარა) ამოქმედების შემთხვევაში.
6 აპრილს აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს - „კანონი ლენდ-ლიზის შესახებ უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად - 2022“ - 27 აპრილს წარმომადგენელთა პალატის წესების კომიტეტი განიხილავს და კიევში იმედი აქვთ, რომ დოკუმენტს კონგრესმენები სწრაფად დაამტკიცებენ. ბოლო ეტაპზე მას პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს ხელი.
ასევე ნახეთ არესტოვიჩი: აშშ-ის პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტს ლენდ-ლიზის შესახებლენდ-ლიზის შემთხვევაში, ექსპერტების განმარტებით, უკრაინას შესაძლებლობა ექნება, მოითხოვოს ნებისმიერი იარაღი და მათ შორის, თუნდაც - Patriot-ის სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი.
რეაქციები რუსეთში
რუსეთი, რომელსაც უკრაინის დემილიტარიზაცია ომის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ჰქონდა გამოცხადებული, უკრაინის სულ უფრო ძლიერად შეიარაღების მომსწრე ხდება.
როგორც იუწყებიან, 25 აპრილს რუსეთმა აშშ-ს კიდევ ერთი ნოტა გაუგზავნა და უკრაინის შეიარაღების შეწყვეტა მოსთხოვა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა გაავრცელა, „როსია 24“-ის ეთერში.
„ეს [შეიარაღება] ხელს არ უწყობს ვითარების დარეგულირებისთვის დიპლომატიური გზების ძებნას... ეს ნიშნავს ვითარების კიდევ უფრო დაძაბვასა და მეტ დანაკარგს“, - ამბობს რუსეთის ელჩი იმ ფონზე, როცა რუსეთმა უარი თქვა გაეროს გენერალური მდივნის მიერ შეთავაზებულ დროებით სააღდგომო ზავზე.
ცნობილი რუსი ექსპერტი, გადამდგარი პოლკოვნიკი მიხაილ ხოდარიონოკი ერთ-ერთი მათგანია, ვინც რუსეთში „თავის მოტყუების პრაქტიკას“ ებრძვის და, უპირატესად იუტუბარხებზე, სტუმრის რანგში, პერიოდულად, საზოგადოებას ცივ წყალსაც ასხამს ხოლმე.
არცთუ დამაიმედებელი შეფასებებისა და პროგნოზების გამო, მას სულ უფრო იშვიათად იწვევენ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებზე.
ასევე ნახეთ "ყოველი დღე რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს" - მოსალოდნელია თუ არა "საშინელი, მასშტაბური ბრძოლა"?ხოდარიონოკი უკვე სამი კვირაა ამბობს, რომ დრო უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს და რომ თითოეული ახალი დღე დასავლეთის შეიარაღების ახალ და უფრო მასშტაბურ პარტიას ნიშნავს.
ხოდარიონოკი შიშობს, რომ უკრაინა ოპერატიული მასშტაბის კონტრშეტევაზე გადასვლასაც შეძლებს - მიწოდებული თვითმფრინავების, დრონებისა და საშუალო და შორი მოქმედების საარტილერიო კომპლექსების მეშვეობით.
და ვინ გამოიყენებს დასავლეთის მიერ მიწოდებულ მთელ ამ შეიარაღებას, როცა უკრაინის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები, მათ შორის - „აზოვი“, გადაღლილები და დემორალიზებული არიან? რეზერვისტებს ხომ არ აომებენ?
- ასეთი შეკითხვა მიხაილ ხოდარიონოკს ერთ-ერთი რუსული იუტუბარხის წამყვანებმა დაუსვეს.
„არ ღირს თავის მოტყუება იმით, რომ ისინი [უკრაინელები] დემორალიზებული და გადაღლილები არიან. ასეთი გამოთქმები თავის დასამშვიდებლად არის. ისინი გადამწყვეტი ბრძოლებისთვის არიან მზად და მზად არიან, რომ დაიცვან თავიანთი ტერიტორიის თითოეული კვადრატული მეტრი.
ისინი ძალიან კარგად არიან მომზადებული... ნამდვილად არ ღირს უკრაინელების სულელებად გამოყვანა. ისინი ძალიან წარმატებით მანევრირებენ, როგორც თავიანთი სამხედრო ნაწილებითა და დანაყოფებით, ასევე რეზერვებით და ყოველდღე, აი, ყოველდღე ძლიერდება მათი შესაძლებლობები“, - ასეთია მიხაილ ხოდარიონოკის პასუხი.
ასევე ნახეთ უკრაინა სკეპტიკურად უყურებს რუსეთის პირობას "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზემიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა სააღდგომო ზავზეც კი უარი თქვა და ამ დღეებში, პირიქით, უფრო გააძლიერა სარაკეტო იერიშები, უკრაინის პრეზიდენტი მაინც თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებებზე. თუმცა, როგორც ალექსი არესტოვიჩი ამბობს, მოლაპარაკებები უკრაინის პირობით უნდა გაიმართოს.
კიევიდან არაერთხელ გაისმა, რომ უკრაინა უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, თუკი რუსეთი მარიუპოლში გაანადგურებს „აზოვსტალის“ შენობაში შეფარებულ სამხედროებსა და მშვიდობიან ადამიანებს.
მოლაპარაკებების თემას კიევი დახურავს იმ შემთხვევაშიც, თუკი ხერსონის ოლქში რუსეთი ჩაატარებს რეფერენდუმს, ლუგანსკისა და დონეცკის მსგავსად, მესამე ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის მიზნით.