თითქმის მიწასთან გასწორებული ქალაქი მარიუპოლი, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი „ომის გულს“ უწოდებს, რუსეთის არმიის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ რჩება. თუკი ეს ქალაქი დაეცემა, სამხედრო ექსპერტების აზრით, რუსეთს მეტი სამხედრო ძალა გაუთავისუფლდება ქვეყნის აღმოსავლეთში დაგეგმილი მასშტაბური შეტევისთვის.
ამ ეტაპისთვის უკრაინის აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციები არ არის სახარბიელო და ამას უკრაინელების გარდა, რუსი ექსპერტებიც ადასტურებენ.
მოწამლულები მარიუპოლში
ტემპერატურის მომატება, წნევის დაცემა, ყურებში შუილი, თვალების წვა, ძლიერი სისუსტე, - ასე აღწერენ დაზარალებულები თავიანთ მდგომარეობას, პოლკ „აზოვის“ მიერ ტელეგრამსა და ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ამავე წყაროდან ვიგებთ, რომ გაურკვეველი სახეობის „მახრჩობელა“ ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, ყველაზე მძიმეა ხნიერი ქალის მდგომარეობა.
მარიუპოლის მცველი, პოლკი „აზოვი“, რომელიც 11 აპრილს ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ იტყობინებოდა, 12 აპრილს ავრცელებს ცნობებს იმის შესახებ, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლა და დეტალების გარკვევა ჯერჯერობით, ვერ ხერხდება, რუსეთის უწყვეტი და მასირებული თავდასხმის გამო.
მათი ინფორმაციის თანახმად, მშვიდობიან მოქალაქეებს მინიმალური შეხება ჰქონდათ მომწამვლელ ნივთიერებასთან, შემთხვევის ადგილის მათგან დაშორების გამო. თუმცა მაინც არიან მოწამლულები.
„გადაუდებლად ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, დეტალების დასადგენად“, - დაწერა ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა მას შემდეგ, რაც 11 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში რუსების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ტრასი აღნიშნავს, რომ „ასეთი [ქიმიური] იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება კონფლიქტის ხისტი ესკალაცია და ჩვენ პასუხისგებაში მივცემთ პუტინსა და მის რეჟიმს“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ რუსეთმა ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალები გამოიყენა. 11 აპრილის განცხადებაში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ, დონეცკის ოლქში გამოყენების შემდეგ, იზრდება ფოსფორიანი საბრძოლო მასალების მარიუპოლში გამოყენების ალბათობაც, „ქალაქისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად“.
ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენება მკაცრად შეზღუდულია სხვადასხვა საერთაშორისო შეთანხმებით და მათ შორის - ჟენევის კონვენციით.
მოლოდინი იმისა, რომ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისთვის ამზადებდა ნიადაგს, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა, როცა კრემლმა აქტიურად გააცოცხლა აშშ-ის საიდუმლო ბიოლაბორატორიების სათადარიგო თემა და ფრინველების და მწერების საშუალებით რუსების განადგურების განზრახვაზე დაიწყო ლაპარაკი.
გაკეთდა არაერთი განცხადება ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში, რომ შესაძლოა რუსეთი „ყალბი დროშით“, ანუ სხვებზე გადაბრალებით, თავად აპირებდა ქიმიური იარაღის გამოყენებას.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თავის ბრიფინგებზე არაერთხელ გაიმეორა, რომ ეს მოსალოდნელია, რადგან ქიმიური იარაღი რუსეთმა უკვე არაერთხელ გამოიყენა, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის წინააღმდეგ და ასევე, კრემლი მხარს უჭერს სირიის ლიდერს, ბაშარ ალ-ასადს, რომელმაც ქიმიური იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა.
რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ნატო აძლიერებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და ბირთვულ თავდაცვის სისტემებს და ასევე, უკრაინას გადასცემს აღჭურვილობას, რომელიც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხისგან თავის დასაცავად გამოიყენება.
მანამდე, ჯერ კიდევ მარტის მიწურულს, სააგენტო „ანადოლუ“ კიევზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკვე მიიღეს ანტიდოტი ქიმიური იარაღის ზემოქმედებისგან დასაცავად და ამიტომ, გასაკვირი არ იქნება მისი გამოყენება.
იქნება თუ არა "საშინელი, მასშტაბური შეტევა" აღმოსავლეთ უკრაინაში?
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა“ გაიმართება უკრაინის აღმოსავლეთში, სადაც ბოლო დღეებში თავს იყრიან რუსეთის სამხედრო შენაერთები. ბოლო ინფორმაციით, ადგილზე უკვე ჩავიდნენ როგორც კიევიდან გასული, ასევე შორეული აღმოსავლეთიდან გადმოსროლილი ნაწილებიც.
საერთაშორისო მედია იშველიებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას სიტყვებსაც, რომ მეორე მსოფლიო ომის მსგავს ბრძოლაში ჩართული იქნება ათასობით ტანკი, თვითმფრინავი და ჯავშანტექნიკა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ომის შემსწავლელი ცენტრის (ISW) ანგარიშის თანახმად, რუსეთის ჯარების მთავარი სამიზნე იქნება სლავიანსკი და „სწორედ აქ უნდა გაიმართოს გადამწყვეტი ბრძოლა“. სლავიანსკზე შეტევას მოელიან ქალაქ იზიუმიდან, საითკენაც მოძრაობს რუსეთის არმია. კრემლის განცხადებებიდან გამომდინარე, სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინული არმიის ალყაში მოსაქცევად და დონბასის სრულად დასამორჩილებლად კეთდება.
თუმცა ამ ეტაპზე რუსეთის გეგმა და მოქმედებების შინაარსი ბევრისთვის კვლავ გაუგებრად რჩება და მათ შორის - არის ლორენს ფრიდმანიც, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების საპატიო პროფესორი.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ექსპერტი ამბობს, რომ ახლა ყველაფერი მოლოდინის რეჟიმშია და შესაძლოა, სრულიად შეიცვალოს ბრძოლის ხასიათიც.
მაშინ, როცა სამხედრო ექსპერტების ერთი ნაწილი კიევს, დრონების, ჯაველინებისა და საზენიტო სისტემების გამოყენებით, ასიმეტრიული, პარტიზანული ბრძოლის გაგრძელებას ურჩევს; ფრიდმანი ამბობს, რომ უკრაინელებს, რაღაც ეტაპზე, შესაძლოა აღარ გამოადგეთ პარტიზანული ბრძოლის ხერხები, რადგან საქმეში უფრო აქტიურად იქნება ჩართული არტილერია და შეტევაზე გადასვლაც მოუწევთ.
„ვიდრე რუსეთია შეტევაში, მათ ექნებათ მოწყვლადობის ანალოგიური პრობლემები უკრაინელების მიერ გამოყენებული მაღალტექნოლოგიური პარტიზანული ტაქტიკის წინაშე, რაც გულისხმობს ძირითადად ტანკებისა და მომარაგების ხაზების განადგურებას, ანტისატანკო იარაღისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
მაგრამ, როგორც კი გადადიხართ უფრო ინტენსიურ შეტევაზე, მაშინ ომი აბსოლუტურად იცვლის სახეს. მოველი, რომ გამოყენებული იქნება გაცილებით მეტი არტილერია და [შესაბამისად] კიევი იმედოვნებს, რომ მიიღოს მეტი [ამ ტიპის იარაღი] ნატოსგან. უკრაინელებს [რაღაც ეტაპზე], ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევთ შეტევაზე გადასვლა და მაშინ, ეს იქნება უფრო სასტიკი და რთული კამპანია [ვიდრე ჩვენ ეს ადრე ვნახეთ]“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლორენს ფრიდმანი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსი არესტოვიჩი არ მოელის ომის „საშინელ მეორე ფაზას“.
გამართლებული პროგნოზებით სახელგანთქმული არესტოვიჩი ხშირად იმეორებს, რომ მას დაეჯერება, რადგან - სამხედრო პირია, დაზვერვის ოფიცერია და ამასთან - კარგად ინფორმირებულიც არის.
ამჯერად ის ამბობს, რომ იქნება შეტაკებები, ბევრი სისხლიც დაიღვრება, მაგრამ რუსეთი გამარჯვებას ვერ მიაღწევს, რადგან საკმარისი ძალა არა აქვს. ამასთან, ის გამორიცხავს ხარკოვის აღებასა და საერთოდ ვერ ხედავს იმის პერსპექტივას, რომ რუსეთის არმია კიევში დაბრუნდება.
„საშინელი, მასშტაბური ოპერაცია, რომელზეც დიდი ხანია ლაპარაკობენ, უფრო ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური სპეცოპერაციის ფორმით არსებობს... მასშტაბს ვერ ვხედავ... რა არის 16 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (БТГ)?! თანაც ეს ისინი ხომ არ არიან, რომლებიც თავიდან ჩაერთვნენ ომში, 100%-იანი მზადყოფნით?!... ძლივს შეკრებილია [ეს კონტინგენტი]... ამას შენაერთებზე მეტად, ნარჩენები შეგვიძლია დავარქვათ. შეგეცოდებათ, მე-5 არმიის შენაერთებს რომ შეხედოთ, რომლებიც მოდიან. სამოქალაქო მანქანებით არიან - მათზე ასო Z-ც კი გადაღებილი ან ბოლომდე შეუღებავია. აღარ არის ეს ის ძალა, აღარ“, - ამბობს არესტოვიჩი აღმოსავლეთ უკრაინაში თავმოყრილ რუსეთის ჯარზე, "ფეიგინ ლაივის" მორიგ გადაცემაში.
მისი ინფორმაციით, მარიუპოლის მიმართულებით კონცენტრირებულია კიდევ 12-15 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი (БТГ).
რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს 2021 წლის ინფორმაციით, რუსეთს ჰყავდა სულ 170 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. თითოეული ითვლიდა 600-800 ოფიცერსა და ჯარისკაცს - 10 ტანკითა და 40 ჯავშანმანქანით.
კიევი არ ახმაურებს, თუ რა სახისა და რაოდენობის შეიარაღებას იღებს დასავლელი პარტნიორებისგან, თუმცა ეს სულაც არ ამშვიდებთ კრემლის მომხრე რუს ანალიტიკოსებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ, მათ შორის - მძიმე შეიარაღება უკრაინაში სხვადასხვა გზით შედის.
უკვე დადასტურებულია ცნობები იმის შესახებ, რომ უკრაინას სლოვაკეთმა გადასცა სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი C 300 და ლაპარაკია ავიაგამანადგურებლების გადაცემაზეც. მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას ჩეხეთმა უკვე გადასცა ათობით საბჭოთა T-72 ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. ჯავშანტექნიკისა და სხვა სახის შეიარაღების გადაცემაზე პირობა აქვს დადებული გერმანიასაც. აშშ-ის კონგრესში საკანონმდებლო პროცედურების დასრულების შემდეგ კი, მოელიან, რომ ლენდ-ლიზის გზით უკრაინას ნებისმიერი სახისა და რაოდენობის იარაღი მიეწოდება.
იმის გამო, რომ უკრაინის არმიას შეიარაღებითა თუ სხვა სახით 35 ქვეყანა ეხმარება, ხოლო რუსეთს - პრაქტიკულად არავინ, მომავალი ბრძოლების მიმართ ოპტიმიზმით არ აღავსებს ცნობილ რუს ექსპერტს, გადამდგარ პოლკოვნიკ მიხაილ ხოდარიონოკს.
მისი პრინციპია, რომ „თავის მოტყუება“ რუსეთს უარეს მდგომარეობაში ჩააგდებს და საჭიროა „სამხედრო-პოლიტიკური რეალობისთვის თვალის გასწორება“.
სურათი, რომელიც მან ერთ-ერთ გადაცემაში აღწერა, აშკარად უკრაინის სასარგებლოდ მეტყველებს. კერძოდ, ხოდარიონოკმა თქვა:
- „დროის გაწელვას რუსეთისთვის არცერთი პლუსი არა აქვს... ყოველი დღე უკრაინის სასარგებლოდ და ჩვენ წინააღმდეგ მუშაობს... რუსეთის საზოგადოების დიდ უმრავლესობას ჰგონია, რომ 1985 წლის მდგომარეობაა და ზურგს უკან არის მძლავრი საბჭოთა კავშირი, თავისი ამოუწურავი შესაძლებლობებით... რომ გვყავს 21 საჰაერო არმია, 300 დივიზია, მაგრამ ეს ასე არ არის“.
- „თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მორალურ-პოლიტიკური მდგომარეობა... ისინი დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევა შეუძლიათ, რომ თურმე მათი განადგურება შეუძლებელია რამდენიმე დღეში... დასავლეთის დახმარება იზრდება - უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ძალიან ბევრი პლუსი უჭირავს ხელში“.
- „ისინი [უკრაინელები] სარგებლობენ აშშ-ის მთელი სადაზვერვო თანამეგობრობის მიერ მოწოდებული სადაზვერვო ინფორმაციით და ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ინფორმაციით ...ისინი ყველა იერიშს წინასწარ ითვალისწინებენ“.
- „როგორ უნდა მივაღწიოთ მოულოდნელობის ეფექტს, როგორ უნდა მივაღწიოთ წარმატებას [აღმოსავლეთის ფრონტზე], როცა ყველაფერი წინასწარ გამოცხადდა... ეს გამოცხადდა როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე აშშ-ის დაზვერვის მიერ... მოწინააღმდეგემაც ხომ იცის ეს და გეგმავს საპირისპირო ნაბიჯებს“.
- „უკრაინა ძალიან დიდი ქვეყანაა... შეუძლებელია აღმოვაჩინოთ და გავანადგუროთ ყველა შეიარაღება, რასაც უკრაინას [დასავლელი პარტნიორები] აწვდიან... დაბომბვა დაბალი სიმაღლიდან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა - 5 კმ-ზე დაბლა უკრაინის ცა მჭიდროდ არის უკვე ჩაკეტილი და დასავლეთი აწვდის საზენიტო სისტემებს საშუალო და შორი მანძილისთვისაც“.
ხოდარიონოკი ამბობს იმასაც, რომ რუსეთის არმიას აღმოსავლეთ უკრაინაში ახლა მხოლოდ „მძლავრი დარტყმის“ განხორციელება თუ უშველის, თუმცა „ეს არ არის იოლი საქმე“, რადგან მოითხოვს „ჯარის რიცხობრივ უპირატესობას, საცეცხლე უპირატესობას, ძლიერი შემტევი დაჯგუფებების შექმნას, გადამჭრელ უპირატესობას საარტილერიო, სარაკეტო შენაერთებში“.
უკრაინული არმიის უპირატესობის აღწერისას ექსპერტები ხშირად ახსენებენ თანამედროვე ბრძოლის მეთოდებს, რაც, მათივე განცხადებით, აბსოლუტურად არ ახასიათებს რუსეთის „მოუქნელ“ არმიას, „ტლანქი მანევრით“, რომელიც „დღემდე იბრძვის მეორე მსოფლიო ომის მეთოდებით“ და არცერთ მეთაურს ადგილზე არ შეუძლია მისი ზემდგომის ბრძანების შეცვლა, აუცილებლობის შემთხვევაშიც კი.
აშშ აცხადებს, რომ მძიმე ბრძოლების მიუხედავად, არ არსებობს სცენარი, რომლის მიხედვითაც უკრაინა საბოლოოდ არ გაიმარჯვებს. უკრაინის გამარჯვების მტკიცე რწმენა გამოხატეს ევროკავშირის ლიდერებმაც.