უკრაინის თავდაცვის სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლში გამოიყენეს ფოსფორიანი საბრძოლო მასალები. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა დღეს, 12 აპრილს განაცხადა ეროვნული ტელემარათონის დროს.
მალიარის თანახმად, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს ცნობებს მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ და ამ ეტაპზე ვარაუდობს, რომ ეს იყო ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალები. 11 აპრილს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების მიერ დონეცკის ოლქში ფოსფორიანი საბრძოლო მასალების გამოყენება ზრდის იმის ალბათობას, რომ ამას გააკეთებენ მარიუპოლშიც, ქალაქისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად.
ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალ"-თან ქიმიური იარაღი გამოიყენეს, 11 აპრილს, ღამით გაავრცელეს პოლკ "აზოვის" წარმომადგენლებმა. ქალაქის ამ ტერიტორიას "აზოვი" იცავს.
დღეს, 12 აპრილს, რუსეთის მიერ კონტროლირებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "სახალხო მილიციის" წარმომადგენელმა, ედუარდ ბასურინმა სააგენტო "ინტერფაქს"-თან საუბრისას უარყო მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება.
რუსი სამხედროების მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დეტალების შესამოწმებლად.
რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.
დღეს, 12 აპრილს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ 11 აპრილს, რუსულმა არმიამ საავიაციო და საარტილერიო დარტყმებით აღკვეთა მარიუპოლიდან 100-მდე უკრაინელი სამხედროს გაღწევის მცდელობა. რუსმა გენერალმა ოპერაციის ადგილად დაასახელა ქარხანა „ილიჩის“ ტერიტორია და განაცხადა, რომ 50-მდე უკრაინელი სამხედრო ლიკვიდირებულია, 42-მა კი იარაღი დაყარა. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.