Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთი და აშშ ამოწმებენ ინფორმაციას მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ


დაზიანებული საცხოვრებელი სახლები ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 3 აპრილი.
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები ქალაქ მარიუპოლში. 2022 წლის 3 აპრილი.

დიდი ბრიტანეთი და აშშ ჯერჯერობით არ ფლობენ დადასტურებულ ინფორმაციას რუსი სამხედროების მიერ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ.

წუხელ, უკრაინის თავდაცვის ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველომ, დეტალების დაკონკრეტების გარეშე, ტვიტერზე გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა, მარიუპოლში უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს ამ შეტყობინებამდე, 11 აპრილს, ღამით, პოლკმა „აზოვმა“ ტელეგრამ-არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში, უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით გამოიყენეს დაუდგენელი წარმოშობის მომწამლავი ნივთიერება. „აზოვის“ თანახმად, დაზარალებულებს აღენიშნებოდათ სუნთქვის უკმარისობა და ვესტიბულურ-ატაქტიკური სინდრომი.

ტვიტერით ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა "აზოვის" ლიდერმა, ანდრი ბილეცკიმ, რომლის თანახმად, რუსებმა ქიმიური იარაღით დარტყმა მიაყენეს ქარხანა „აზოვსტალს“. ბილეცკის ცნობითვე, სამ ადამიანს აქვს ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის აშკარა ნიშნები, თუმცა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „აზოვის“ მეთაურის განცხადებით, მარიუპოლზე ქიმიური შეტევა ნიშნავს, რომ რუსებს ქალაქის აღება არ შეუძლიათ და ერთადერთი, რაც რჩებათ, აკრძალული იარაღის გამოყენებაა.

მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობების გამო, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ტვიტერზე დაწერა, რომ პარტნიორებთან ერთად მუშაობენ დეტალების შესამოწმებლად.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით ვერ დაადასტურებს ინფორმაციას, რომ მარიუპოლში გამოყენებულია ქიმიური იარაღი. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელზე, ჯონ კირბიზე დაყრდნობით. კირბის განცხადებით, სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

24 თებერვლიდან, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს და ეს უკრაინას დააბრალოს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს თვეზე მეტია ალყაში ჰყავთ დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია. ქალაქის მერის ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG