Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლის მერი: ალყამ იმსხვერპლა 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირი


მარიუპოლი, 3 აპრილი, 2022 წ.
მარიუპოლი, 3 აპრილი, 2022 წ.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მერი ორშაბათს, 11 აპრილს, აცხადებს, რომ რუსეთის ძალების მიერ ქალაქისთვის შემორტყმული ალყის პირობებში, 10 ათასზე მეტი სამოქალაქო პირია დაღუპული და ამ მაჩვენებელმა, შესაძლოა, 20 ათასს გადააჭარბოს იმ ფონზე, როცა ქალაქის ქუჩები "გვამებითაა მოფენილი".

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო ორშაბათს ტელეფონით ელაპარაკა სააგენტო Associated Press-ს და ასევე თქვა, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქში ჩაიტანეს მობილური კრემატორიუმი, გვამების გასანადგურებლად. ბოიჩენკო რუსეთის ძალებს ბრალს სდებს ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების არდაშვებაში იმ მიზნით, რომ დამალონ ნგრევის მასშტაბი.

რუსეთის ძალებმა ბევრი გვამი გადაიტანეს უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში, სადაც განთავსებულია საგანგებო შესანახი სივრცეები და მაცივრები - ამბობს ბოიჩენკო. "სატვირთო მანქანების ფორმით ჩამოტანილია მობილური კრემატორიუმები: მას გააღებ, შიგნით არის მილი და გვამები იწვება", - ამბობს მარიუპოლის მერი.

ბოიჩენკოს განცხადებების პარალელურად, რუსეთი ამბობს, რომ გაანადგურა უკრაინის რამდენიმე საჰაერო თავდაცვითი სისტემა პროცესში, რომლითაც რუსეთი, სავარაუდოდ, ცდილობს საჰაერო უპირატესობის მოპოვებას და იმ შეიარაღების განადგურებას, რომელსაც კიევი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს, აღმოსავლეთში რუსეთის ახალი, მასშტაბური შეტევის მოლოდინის ფონზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ ერთი იერიშისას მიზანში ამოიღო ცენტრალური ქალაქის, დნეპრის მახლობლად განთავსებული S-300-ის ტიპის ანტისარაკეტო სისტემის ოთხი მოწყობილობა, რომლებიც უკრაინას ევროპულმა ქვეყანამ მიაწოდა. ქვეყნის სახელს რუსეთი არ აკონკრეტებს. გასულ კვირაში უკრაინას ასეთი სისტემა გადასცა სლოვაკეთმა, თუმცა უარყოფს, რომ ის განადგურებულ იქნა. მანამდე რუსეთი ავრცელებდა ცნობას ორ საჰაერო თავდასხმაზე მსგავს სისტემებზე, სხვა ადგილებში.

უკრაინის ცაზე სრული კონტროლის დამყარების შეუძლებლობამ, შეაფერხა მოსკოვი საჰაერო დაცვა შეუქმნას სახმელეთო ძალებს, რაც ზღუდავს მათ წინსვლას და ზრდის დანაკარგის საფრთხეს. მოსკოვის შეტევა შეჩერებულ იქნა უკრაინის ბევრ ადგილას და ახლა რუსეთის ძალები სულ უფრო მეტად ეყრდნობიან ქალაქების დაბომბვის სტრატეგიას, რის გამოც ბევრი ქალაქი მიწასთან გასწორდა და ათასობით ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის ძალებს ომის დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებენ, მათ შორის, ხოცვა-ჟლეტის გამო ქალაქ ბუჩაში, კიევთან ახლოს.

XS
SM
MD
LG