აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების დაწესებისა და უკრაინის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვერცერთი გემი, რომელიც რუსეთის დროშებით დაცურავს ან აფილირებულია რუსეთთან, ვეღარ შევა აშშ-ის პორტებში. ამას გარდა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა უკრაინისათვის ახალი, 800 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მძიმე ტექნიკითა და შეიარაღებით.
"ამ პაკეტში შედის მძიმე საარტილერიო იარაღი, ათობით საარტილერიო ქვემეხი და 144 000 საბრძოლო მასალა ამ ქვემეხებისთვის. იგი მოიცავს ასევე უფრო მეტ უპილოტო თვითმფრინავს,"- განაცხადა ჯო ბაიდენმა, რომელიც კონგრესს მიმართავს უკრაინისათვის დახმარების გაფართოებისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი "ვერასოდეს შეძლებს უკრაინის ოკუპირებას".
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 2,6 მილიარდი დოლარის დახმარება.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღებს დამატებით 800 მილიონი დოლარის შეიარაღებას. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პენტაგონში 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიარაღების ახალი პარტიის მიწოდება დაუყოვნებლივ დაიწყება.
ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს.