პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინაში აგზავნის უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც ამერიკულმა ფირმამ შექმნა უკრაინის არმიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
121 დრონი საკუთარი სახელწოდებით „ფენიქსის აჩრდილი“ უკრაინაში ჩავა ამერიკული დახმარების უკანასკნელი პაკეტის ფარგლებში, რომლის თაობაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა. ახალი დრონის შესახებ დეტალური მონაცემები არ მოიპოვება, მაგრამ ცნობილია, რომ ის შექმნილია არსებული დრონი-კამიკაძის, Switchblade-ის საფუძველზე. Switchblade-ი სამიზნეს ეჯახება და ფეთქდება. ეს დრონები პატარა ზომისაა და მათი გადატანა ზურგჩანთითაა შესაძლებელი ნებისმიერ პირობებში. უკრაინისთვის შექმნილი ვარიანტი გამიზნულია ჯავშანტრანსპორტიორების წინააღმდეგ საბრძოლველად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დღისით და ღამით, მას ექვს საათზე მეტ ხანს შეუძლია ჰაერში ყოფნა და ობიექტების თვალთვალი, სანამ ოპერატორი აარჩევს შესაფერის სამიზნეს.
ეს იარაღი ფირმა Aevex-მა შექმნა პენტაგონის დაკვეთით. როგორც პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი აცხადებს, „ის შეიქმნა იმ საჭიროებების შესაბამისად, რომლებიც ძალზე ახლოსაა ამ მომენტში დონბასში მებრძოლი უკრაინელების მოთხოვნებთან.“
ცნობილია, რომ უკრაინის არმია რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ფართოდ და ეფექტიანად იყენებს დრონებს როგორც საჰაერო დარტყმებისთვის, ისე დაზვერვისთვის.