უკრაინა სკეპტიკურად მოეკიდა რუსეთის შეთავაზებას, მარიუპოლის მეტალურგიული ქარხნიდან, "აზოვსტალიდან" გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი, რათა სამოქალაქო პირებმა ტერიტორიის დატოვება შეძლონ. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა "ტელეგრამით" დაწერა, რომ უკრაინა დერეფანს არ მიიჩნევს უსაფრთხოდ და დასძინა, რომ რუსეთმა წარსულში დაარღვია შეთანხმებები ამგვარ საევაკუაციო დერეფნებზე. ვერეშჩუკმა გაეროს მოუწოდა, უხელმძღვანელოს ევაკუაციის პროცესს.
შაბათ-კვირას რუსეთის ძალებმა ახალი საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ქარხანაზე, სადაც, როგორც ვარაუდობენ, იმყოფება 2000-მდე მეომარი და 1000-მდე სამოქალაქო პირი. ორშაბათს რუსეთის არმია გამოვიდა ჰუმანიტარული დერეფნის ამოქმედების პირობით, რათა სამოქალაქო პირებს წასვლის საშუალება მისცემოდათ.
მარიუპოლი უკრაინაში ორი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში ბრძოლის ერთ-ერთი ეპიცენტრია, აზოვის ზღვასთან მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო - რუსეთის ძალების მიერ მისი დაპყრობა უკრაინას წაართმევს მნიშვნელოვან პორტს, მოსკოვს კი საშუალებას მისცემს, სახმელეთო დერეფანი შექმნას ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომლის უკრაინისგან ანექსირებაც მან 2014 წელს განახორციელა.