„ჩვენ პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“ - ედუარდ კოკოითი

ედუარდ კოკოითი, 21 თებერვალი, 2022

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონიდან  უკრაინაში საომრად გაგზავნილ ჯარისკაცებს „ელემენტარული პირობები“ უნდა ჰქონდეთ.

ეს არ არის საზარბაზნე ხორცი, ისედაც ძალიან ცოტანი დავრჩით. ჩვენ (უკვე) პრაქტიკულად დავკარგეთ გენოფონდი“, - განაცხადა კოკოითიმ.

კოკოითი თვლის, რომ უკრაინაში შეიძლება გამოცდილი სამხედროები დაიღუპონ, მაგრამ ეს ახალგაზრდობა ჯერ ახლა დგება ფეხზე. მისი თქმით, უკრაინაში დაღუპულ ცხინვალელ ახალგაზრდას, ანდრეი ბაკაევს იცნობდა.

მას შვილი ერთი თვის განმავლობაშიც კი არ სჭერია ხელში. ვაჟი ობლად დარჩა. და რამდენი ასეთი იქნება ახლა? მოდით ამაზე დავიფიქრდეთ. მოდით, ამაში მაინც გავერთიანდეთ ჩვენი ბიჭების გადასარჩენად, - დასძინა კოკოითიმ, თუმცა იქვე განმარტა, რომ მხარს უჭერს რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ჩვენ გვესმის, რომ თუ რუსეთი წააგებს, ჩვენც ყველა ერთად წავაგებთ. ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის. ოსეთში არც ერთი ადამიანი არ ამბობს "არას", პირიქით, ჩვენ ვამბობთ: „დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პუტინს, ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთს“. ეს არის ჩვენი, როგორც სტრატეგიული პარტნიორების მოვალეობა“, - განაცხადა კოკოითიმ.

მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ექსპრეზიდენტმა ცხინვალიდან უკრაინისკენ წაყვანილი ბიჭები ხაბიზგინებით და ლუდით გააცილა, თუმცა ბოლო დღეებში იმდენად გაიზარდა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობის მიმართ, რომ კოკოითიმ რიტორიკა შეცვალა და ადგილობრივი გენოფონდის კატასტროფულ შემცირებაზე ალაპარაკდა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო გვეუბნება, რომ თითოეული დაღუპულის შესახებ, ადგილზე გავრცელებული ინფორმაცია სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს.

უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დროს, პირადი შემადგენლობის დანაკარგების შესახებ მიღებული ამბებით აქ ყველა შეშფოთებულია. უკვე ვიცით, რომ ანდრეი ბაკაევი ბოლო მსხვერპლი არ იქნება. არის ინფორმაცია სხვა დაღუპულების შესახებაც, მაგრამ ამის შესახებ აქ ჯერ არ ლაპარაკობენ. ვლადიკავკაზიდან უფრო სწრაფად ვრცელდება ინფორმაცია. ბოლო მონაცემებით, იქ 34 ჯარისკაცი ჩაასვენეს. შეუძლებელია, ეს ამბავი არ გვაშფოთებდეს, რადგან ცხინვალიდან ბევრი ახალგაზრდაა ომში წასული. ხალხი ბიბილოვს იმის გამო აკრიტიკებს, რომ მან არაფერი იღონა ამ ბიჭების ადგილზე დასატოვებლად და თითოეული გარდაცვლილის გამო პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ის არის სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი. გვეუბნება, რა შემეძლო - კონტრაქტი ჰქონდათ რუსეთის ჯართან და კონტრაქტის პირობები უნდა შეესრულებინათო, მაგრამ ბიბილოვს ხომ შეეძლო ეთხოვა პუტინისთვის, რომ როგორც მცირე ერის წარმომადგენლები, ეს ბიჭები ომში, წინა ხაზზე არ წაეყვანა. ბიბილოვმა ეს არ გააკეთა, ის ახლა არჩევნების თემით არის დაკავებული და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე ზრუნავს და კრემლს საკუთარ ლოიალობას რუსეთის ომში ოსი ბიჭების გაშვებით უმტკიცებს“.

უკრაინის ომში ცხინვალელი ჯარისკაცების გადასროლაზე ბევრს წერენ სოციალურ ქსელებში. ადგილობრივი მოქალაქეები ამის გამო ღიად აკრიტიკებენ დე ფაქტო ხელისუფლებას. სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი გვერდი „ირონ ბონვარონი“ გმობს რუსეთის მიერ ცხინვალელი ჯარისკაცების უკრაინის ფრონტზე გადასროლას.

ასევე ნახეთ ვაითუ, ჩვენი შვილები ვერ დაბრუნდნენ ამ ომიდან? - რისი ეშინიათ სოხუმსა და ცხინვალში?

სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს აღარაფერი სჭირდება - არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა. როგორც ირკვევა, ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენვე სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად“, - ვკითხულობთ „ირონ ბონვარონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალიდან უკრაინისკენ, ადგილობრივი ჯარისკაცების მეორე ჯგუფი, გასულ კვირას წაიყვანეს. ამის შესახებ კადრები სოციალური ქსელით გავრცელდა და ჩანს, როგორ ტოვებენ ჯარისკაცები, ავტობუსებითა და კამაზის მარკის სატვირთო ავტომანქანებით, ცხინვალში განთავსებული მე-4 საოკუპაციო ბაზის ტერიტორიას. მათ ხელში დე ფაქტო რესპუბლიკის დროშები უჭირავთ და ოჯახების წევრებს ემშვიდობებიან.

ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალიდან ჯერ ჯარი გაუშვეს რუსეთის არმიის დასახმარებლად და ახლა აღჭურვილობას უგროვებენ

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ეს ჯარისკაცების გაყვანის მეორე შემთხვევაა. პირველი კადრები 16 მარტს გავრცელდა. მაშინ, ცხინვალში განთავსებული, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზიდან მძიმე სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში ცხინვალელი ახალგაზრდების წაყვანას ადგილობრივი საზოგადოების პროტესტი მაშინვე მოჰყვა.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბი: საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედროა

„ეხო კავკაზას“ ადგილობრივ კორესპონდენტთან საუბარში ცხინვალელები აცხადებენ, რომ მართალია, ეს ამ ჯარისკაცების სამხედრო მოვალეობა იყო და იცოდნენ, სად მიდიოდნენ, მაინც რთულია ოჯახებისთვის ამ ფაქტის მიღება.

მაგალითად, ირინა ცხინვალიდან ამბობს, რომ მისი ძმაც გაიწვიეს: ჩემი ძმა რომ არ იყოს მათ შორის, ჩავთვლიდი, რომ ეს მათი სამხედრო მოვალეობაა და რასაც უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ძალიან მიჭირს“.

კატიას კი არ ესმის, რატომ უნდა გააგზავნონ ამ ომში ბიჭები სამხრეთ ოსეთიდან: მირჩევნია, ჩვენმა ბიჭებმა დაგვიცვან საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში... იქ არიან უცხო ტერიტორიაზე. ვფიქრობ, ყველა იქ უნდა დარჩენილიყო, სადაც არის“.

უფლებადამცველმა ფატიმა მარგიევამ კი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში ისიც თქვა, რომ ადგილობრივ სამხედროებს, რომლებიც გახდნენ ჯარისკაცები კონტრაქტით, უბრალოდ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს: ხალხს სხვა გზა არ აქვს, გარდა კონტრაქტის ჯარისკაცად დარეგისტრირებისა, - ამბობს მარგიევა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და ძალოვანი უწყებების მინისტრებს, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაცვის და დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მობილიზება დაავალა.

ბიბილოვის აზრით, ნატო-საქართველოს დაგეგმილი სწავლებები საფრთხეს უქმნის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას და ძალოვნები მუდამ ფხიზლად უნდა იყვნენ.

ასევე ნახეთ „არჩევნები ბიბილოვის გარეშე“ - ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციური ე.წ. კანდიდატები ერთიანდებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ, 30 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა საკუთარი ძალების დასაკომპლექტებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში ჩაიყვანა 2 ათასამდე სამხედრო.

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი მე-4 ბაზის სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში, დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.

ასევე ნახეთ უკრაინის გენშტაბის ახალი სტატისტიკა: რუსეთმა ომში 17300 სამხედრო, 605 ტანკი და 262 საავიაციო საშუალება დაკარგა

პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინაში მიჰყავს, მარტის შუა რიცხვებში გავრცელდა. მათ შორის, არა მხოლოდ რუსი სამხედროები, არამედ - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მე-4 რუსულ ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე ოსი ჯარისკაცებიც.