უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს, 30 მარტს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთმა საკუთარი ძალების დასაკომპლექტებლად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში ჩაიყვანა 2 ათასამდე სამხედრო.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში გადაისროლეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალი მე-4 ბაზის სამი ბატალიონი, რომელთა შემადგენლობაში 1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურეა. აფხაზეთიდან უკრაინაში ჩაიყვანეს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში მყოფი მე-7 ბაზის ორი ბატალიონი - დაახლოებით 800 სამხედრო.
პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინაში მიჰყავს, მარტის შუა რიცხვებში გავრცელდა. მათ შორის, არა მხოლოდ რუსი სამხედროები, არამედ - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, მე-4 რუსულ ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე ოსი ჯარისკაცებიც.