Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი საომრად უკრაინაში გაგზავნეს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც მე-4 რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მსახურობენ, უკრაინაში გაემგზავრნენ. რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზა“-ს ცნობით, სოციალური ქსელებით ვრცელდება კადრები, რომელთა თანახმად, სამხედრო ტექნიკა ტოვებს ცხინვალს და შემდეგ მთლიანად რეგიონს როკის გვირაბის გავლით.

უკრაინაში საომრად ადგილობრივ მცხოვრებთა გამგზავრებას ადასტურებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. „ჩვენი ბიჭები მიდიან უკრაინაში, რათა ბოლო მოუღონ ნაცისტებს, რომლებიც საკუთარ ხალხს ატერორებენ... მიდიან, რათა შური იძიონ ჩვენი ძმების გამო“, - წერს კოკოითი ტელეგრამ-არხზე.

„ეხო კავკაზა“-ს ცნობით, რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერტორიაზე დარჩებოდა.

XS
SM
MD
LG