სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-უკრაინის ომში გაგზავნილი ცხინვალელი მებრძოლებისთვის სამხედრო აღჭურვილობა შეაგროვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რეს"-ი ავრცელებს. ცხინვალელმა მილიციელებმა შეგროვილი აღჭურვილობა ე.წ დონბასის რესპუბლიკების დახმარების ცენტრალურ, შემგროვებელ ოფისში მიიტანეს. მილიციელებმა აღნიშნეს, რომ ამ აქციას დე ფაქტო შსს-ს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით შეუერთდნენ. სააგენტოს მიერ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ ოფისში სამხედრო ფორმები, სამხედრო ჩექმები და სხვა საჭირო ნივთები მიიტანეს.
„ოსი მებრძოლები, რომლებიც მონაწილეობენ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში, ამ ჰუმანიტარულ დახმარებას უახლოეს მომავალში მიიღებენ", - აცხადებენ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დონბასის ე.წ რესპუბლიკების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეიკრიბა და რამდენჯერმე გაიგზავნა კიდეც. ახლა კი დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უკრაინის ომში წასულ ცხინვალელ ჯარისკაცებს სამხედრო აღჭურვილობით უნდა დაეხმარონ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მდებარე მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზიდან უკრაინის მიმართულებით ჯარი ორ ეტაპად გააგზავნეს.
თავდაპირველად, 16 მარტს გავრცელებული კადრების მიხედვით, საბრძოლო მძიმე ტექნიკა გაიყვანეს. 26 მარტს კი ავტობუსებით და კამაზის მარკის მანქანებით პირადი შემადგენლობა გააგზავნეს. რუსეთის საოკუპაციო ბაზაზე დე ფაქტო რესპუბლიკის მცხოვრებლები კონტრაქტით მსახურობენ. რუსულ სამხედრო ბაზაზე კონტრაქტით მომსახურე პირების უკრაინაში გაგზავნის გამო, სოციალური ქსელების მომხმარებლები აკრიტიკებენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს. თავის დროზე, სწორედ მისი გადაწყვეტილებით შემცირდა ადგილობრივი „არმიის“ რიცხოვნობა და სამხედროთა ნაწილი კონტრაქტით დასაქმდა რუსეთის მე-4 ბაზაზე. ამასთან, ბიბილოვი აცხადებდა, რომ ეს კონტინგენტი „სამხრეთ ოსეთში“ რუსული ბაზის ტერიტორიაზე დარჩებოდა. ამის გამო პროტესტი ყოველდღიურად გამოითქმის, სოციალურ ქსელ ფეისბუკში შექმნილი გვერდი „ირონ ბონვარონი“ გმობს რუსეთის მიერ ცხინვალელი სამხედროების უკრაინის ფრონტზე გადასროლას.
„სამხრეთ ოსეთიდან კიდევ 150 ბიჭი გაგზავნეს უკრაინაში. ბარემ ყველა გაგზავნეთ, სკოლის მოსწავლეები და მოხუცებიც. ბარემ ბოქლომით დაკეტეთ რესპუბლიკა და გასაღები ვინმე სხვას გადაეცით. სამხრეთ ოსეთს აღარაფერი სჭირდება - არც დამოუკიდებლობა და არც სახელმწიფოებრიობა. როგორც ირკვევა, ხალხიც აღარ არის საჭირო. რად ღირს ოსის სიცოცხლე და საერთოდ ოდესმე რამედ ღირდა ეს სიცოცხლე? ვიღაცის იმპერიული ამბიციებისთვის ეს არის საზარბაზნე ხორცი და ჩვენივე სიამოვნებით ვიხდით გადასახადს ჩვენი შვილების სისხლის ფასად“, - ვკითხულობთ „ირონ ბონვარონის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და რამდენიმე დღეში, დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები უკვე ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ რუსეთის ჩანაფიქრმა და საომარმა სტრატეგიამ მარცხი განიცადა. ომმა, ორივე მხარეს, უკვე შეიწირა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.